მისადგომები

ჩართვა მეოთხე

– მაშ ასე, როგორც ხედავთ, ჩვენ უკვე გამოქვაბულის პირას ვართ. გზამ აქამდე, მოიცათ, საათზე დავიხედო, ესე იგი ზუსტად საათი და ორმოცდახუთი წუთი წაიღო. სოფლიდან არავინ ამოგვაცილა. ისინი, თავიანთი ცრუ-რწმენის თანახმად, გამოქვაბულთან ახლოსაც კი არ მოდიან. სოფელს, მეტად უცნაური, ასე ვთქვათ, ჯადოსნური წარმოდგენა აქვს ამ გამოქვაბულზე. როგორც ამბობენ: გამოქვაბულში შესული მხოლოდ მერაბო უნახავთ, სწორედ ის მერაბო, ამ გამოქვაბულისგან გონებაარეული ადამიანი. გაგვაფრთხილეს კიდეც, რომ ვიყოთ ფრთხილად… ჩვენ მართალია, არ განვეკუთვნებით ცრუმორწმუნეთა კატეგორიას, მაგრამ სიფრთხილეს თავი მაინც არ სტკივა. კალიფსოს გამოქვაბულში კი შემდეგი თანმიმდევრობით შევდივართ: პირველი გახლავართ მე – თქვენი მონა-მორჩილი თიკო მეგრელიტიშვილი, მეორე ჯონი მელიაა – ჩვენი გადაცემის რეჟისორი, მესამე კი – ჩვენი გადაცემის ოპერატორი გოგი ბაქრაძეა, რომელიც ჩართული კამერით ხელში ფეხდაფეხ მოგვყვება და ვიდეო-ფირზე აღნუსხავს ყველაფერს, რაც კი ჩვენი თვალთახედვის არეშია.

 

გამოქვაბული

ჩართვა მეხუთე

– უკვე გამოქვაბულის სიღრმეში ვართ. შემოსასვლელს ასორმოცდაათი ნაბიჯით გამოვცდით, მაგრამ ჯერჯერობით არაფერი შეცვლილა. ტალანის სიმაღლე  მიახლოებით ორ მეტრამდეა. ტემპერატურა – თხუთმეტი გრადუსი. წნევა – ნორმალური. ჰაერს რაც შეეხება, მეჩვენება, რომ აქ უფრო სუფთა ჰაერია, ვიდრე გარეთ. ვსუნთქავთ თავისუფლად. ერთი შეხედვით, ტალანი ისეთივეა, როგორებიც მრავლადაა აღწერილი ჩვენს ბავშვობისდროინდელ ჟიულ ვერნის თუ მარკ ტვენის ნაწარმოებებში. პირველი, მე მივაბიჯებ. ჩემს უკან მოდის ჩვენი რეჟისორი, იგივე ჯგუფის უფროსი, ლეგენდარული ჯონი მელია. მიუხედავად მძიმე წონისა, მას არაფერი ეტყობა დაღლილობის და ისეთივე ენერგიულია, როგორც აქ შემოსვლამდე იყო. ხომ ასეა, ბატონო ჯონი?

– მასეა, ჩემო თიკო. მასე… სიარულმა როგორ შეიძლება ჯანმრთელი ადამიანი დაღალოს? იღლებიან წყლის ნაყვით, თორემ საქმე როდის ღლის ნორმალურ  ადამიანს? რომელ დაღლაზეა საუბარი. ერთი სული მაქვს გავიგო, მერე რა იქნება.  – ეს უფრო რაღაც დაუსრულებელ ტალან-ლაბირინთს ჰგავს, რომელსაც ღმერთმა იცის სად ექნება ბოლო… თან ეს სიბნელე… ფრთხილად უნდა ვიყოთ… დაკვირვებით და ფრთხილად… გველი არ იყოს სადმე… ძირს დავანათოთ… გველის დაკბენილს ჰგავდა ის სოფლის გიჟი…

– მეც ეგ ვიფიქრე, ბატონო ჯონი… ამჯერად კი სიტყვას გადავცემთ ჯგუფის კიდევ ერთ მოუღლელ წევრს, ოპერატორ გოგი ბაქრაძეს.

– ცოტა უკან დადექი, კადრში არ ჩანხარ… ვა, რა კაი ვიდზე ხარ… რა უნდა გითხრა – აცივდა ცოტა… და კიდევ, ეს მართლა არა ჰგავს გამოქვაბულს. გვირაბივითაა. თან მშრალია. ემანდ, ინდიელი ჯო არ გაგვეჩითოს და გადაგვკუზოს სამივე…

– ოო, ნუ რა არის ეს?! სულ უაზროდ რატომ უნდა ხუმრობდე, ბაქრაძე? ხომ იცი, მერე მონტაჟის დროს როგორ ვწვალდებით… შენი უაზრო უზრდელობების ამოჭრას მიაქვს მთელი დრო…

– დავაი-დავაი, დვიგაისა… სადაა ამდენი ბაზარის დრო?

– ბატონო ჯონი, უთხარით რამე გოგის, ხელს მიშლის! რაღაც სისულელეებს იძახის ჩაწერისას…

– ახლა ორივე დამიწყნარდით!! ვერა ხედავთ სად ჯანდაბაში ვართ?!..

– ბატონო ჯონი…

– ჰე, წავედით, წავედით… გამოადგით ფეხი… თიკო, ამ სისულელეების ამოჭრა არ დაგავიწყდეს. განვაგრძეთ გზა. რამდენი ხანია რაც მოვდივართ?

– საათი და ოცი წუთია, ბატონო ჯონი.

 

მღვიმე

ჩართვა მეექვსე

– მაშ ასე, როგორც ხედავთ, ჩვენ უკვე ვიმყოფების უზარმაზარ მღვიმეში.  შუაგულშიც ფოსფორისფერი ტბა ლივლივებს. გამოქვაბულის ტალანმა სწორედ აქამდე მოგვიყვანა. ასეთ სიღრმეში ჟანგბადის ბალონები წამითაც არ დაგვჭირვებია.  ჰაერის უკმარისობა წამითაც არ გვიგრძვნია. ახლახანს შემოვდგით ფეხი ამ მღვიმეში და ერთადერთი, რაც შეიძლება ითქვას – ყველაფერი უაღრესად საინტერესო და იდუმალია. გასანათებელი ხელსაწყოები მწყობრშია. შეგვიძლია ყურადღებით მოვიაროთ მთელი მღვიმე. ტემპერატურა ისევ პლუს თხუთმეტი. უკვე ზუსტად ორი საათი და ხუთი წუთია გასული. საინტერესოა, რას გვეტყვის ტელე-ჯგუფის უფროსი ჯონი მელია?

-სიმართლე გითხრათ, მთელი მსოფლიო მაქვს მოვლილი, მაგრამ ასეთი დონე  არ მინახავს. ამხელა მღვიმე… ეს ფოსფორის ტბა… არა, ეს საოცრებაა. თან სუფთა ჰაერი. რომ ვსუნთქავ, ასე მგონია, წლები მაკლდება…

– თავის ქალები და ძვლები რომ არ ჩანს, ბოს, რისი ბრალი უნდა იყოს?

– არ ვიცი… არ ვიცი… რა დროს თავის ქალაა… თავიდან ვფიქრობდი, ხიფათს არ გადავეყაროთ-მეთქი… გველკუები იცის აქეთ. გული მიგრძნობს, გავა დრო და ეს ადგილი უამრავ ტურისტს მოიზიდავს.

– გეთანხმებით, ბატონო ჯონი. კალიფსოს გამოქვაბულს მართლაც ყველა მონაცემი აქვს საიმისოდ, რომ ექსტრემალური თუ ჩვეულებრივი ტურიზმის კერად იქცეს. ოპერატორი გოგი ბაქრაძე, ვიდრე მღვიმეში  კამერას ჩართავდა და ჩაწერას დავიწყებდით, პირდაღებული აცეცებდა თვალს…

– თიკო, ახლა იმხელაზე დაგაღებინებ პირს, ეს კამერა ჩაგეტევა… შენ ხომ არ უბერავ?!

– ვერ ხედავ, ვხუმრობ, ბაქრაძე?!.. და რა ქაჯი ხარ, ა?.. შენ რა, გგონია, ეს ყველაფერი გადაცემაში გავა?? მოიცა, მე ვერ გავიგე, შენთვის შეიძლება უზრდელობები და ჩემთვის არა?.. ბატონო ჯონი…

– მიდი-მიდი, საქმეს მიხედე…

– ბატონო ჯონი, უთხარით რამე! მაინცდამაინც უნდა, რომ ვიტირო.

– ახლა გადავირევი!! სულ ერთმანეთის კბენაში როგორ უნდა იყოთ! მოგხსნით ორივეს გადაცემიდან! თავი ამტკივდა უკვე…

– ვეკაიფები, ბოს, ეს კიდევ ვარდება ფინთი გოიმივით…

– კრეტინი ხარ ბაქრაძე და კრეტინად დარჩები! და გოიმი თავი გაბია, რომ დადიხარ ზამთარ-ზაფხულ კეტებში…

– ვა, სკოლაში ვართ? კეტებზე ალერგიულად გაყრის?

– თავი დამანებე, იდიოტო!

– წესიერად მოიქეცით, მე თქვენ გეუბნებით ორივეს! სალაზღანდროდ არ წამოსულხართ აქ!

– არის, ბოს.

– ჩემი რა ბრალია, ბატონო ჯონი. ოპერატორი ბავშვობის ასაკიდან ვერ გამოსულა…

– აეე! არ ამიტირდე ახლა…

– არ მაინტერსებს არაფერი! და მორჩით ახლა ორივე!

 

 

ტბის პირას

ჩართვა მეშვიდე

– ეს ყველაფერი შეიძლება მსოფლიო სენსაციად ჩაითვალოს… ჩვენ ახლა ვიმყოფებით ტბის პირას და… თქვენ ხედავთ… ღმერთო, ჩემო…

– ესენი ადამიანები არიან, ბოს…

– შეხედეთ, აგერ… ტბის პირას… ბატონო ჯონი…

– კაპლი, თორემ გავაფრინე ამხელა კაცმა… რაა ეს?!

– გოგი ბაქრაძე სულაც პირდაღებულია…

– ეე… ჩემი დედა…

– საოცარი სანახაობაა გადაშლილი… როგორც ხედავთ… ღმერთო დიდებულო… ოცამდე ადამიანი… სრულიად შიშველი… მათი კანი ფოსფორისფრად ანათებს… ყველა ძირსაა განრთხმული. უცნაურ ხმებს უშვებენ… ეს ზმუილია… თუ ყმუილი… დაბნეულობისგან აღარც ვიცი რა ვთქვა… მეც თავბრუ მესხმის… ბატონო ჯონი…

– სიზმარში ვართ, ბოს?

– ჯერჯერობით კონტაქტზე არ გავდივართ… შორიდან ვადევნებთ თვალყურს. კამერა არცერთი წამით არ გამორთო… ნაეზდი მიე…

– უკვე ჯდება ეს ძაღლიშვილი, ბოს…

– ბატონო ჯონი… ცუდად ვარ…

– მგონი, დროა გაზის პისტოლეტები გავამზადოთ… საშიშები არ იყონ…

– მართალი ხარ, ბოსს! სიფრთხილეს თავი არ ტკივაო…

– მაშ, ასე – ვიარაღდებით… სამოქმედო გეგმა ჯერ უცნობია… აქაურები თავს არ სწევენ, ტბის ტალახში არიან ჩამხობილები… რამე მახე არ იყოს… ისინი ზუსტად ექვსი-თორმეტი-თხუთმეტი-ოცდაერთნი არიან… სხვადასხვა ზომების… პატარებიც და დიდებიც. ისინი ფოსფორისფრად ანათებენ…

– სასწაულია, როგორ გადაირჩინეს მათ ამ პირობებში თავი…

– ამ სიბნელეში, ტო? ბოს!!

– მაგათ ლაპარაკიც არ იციან, ალბათ…

– არა, ბოსს, რაზეა ბაზარი… ამხელა სროკია გასული… არ დაგვჭამონ, ბოს… თუ წამოვიდნენ, მაშხალას ვესვრი… აჰათ, თქვენც… გამომართვით! კამერას არ ვრთავ… ასე ვიდგეთ?

– მოკლედ, გეგმა მოსახაზია… და ჩხუბი არ გავიგონო… მომაშვირე ეგ კამერა და ფონიც აიღე!.. ეგრე… ჩვენ იმხელა საოცრებას მივაგენით, აწი თავი სულ კეპკაში უნდა გვქონდეს…

 

1 2 3 4 5 6