8.

გამოღვიძებულს დილის თამრო ფაფიანი თეფშით მადგა თავზე.

– დედიკო სადაა? – ვკითხე მე.

– ძინავს! – თამრო საწოლზე ჩამომიჯდა. – დღეს სკოლაში არ წახვალ… არც ხვალ…

– არც ზეგ? – გამიხარდა მე.

– არც მაზეგ. – კიდევ უფრო გამახარა თამრომ და კოვზი ფაფაში ამოურია. – ოღონდ ახლა ამ ფაფას შევჭამთ ბოლომდე …

თავი დავაქნიე და პირი ფართოდ დავაღე.

– შენ თვითონ! ახლა უკვე დიდი ხარ! – მკაცრად მითხრა თამრომ, თეფში მუხლებში ჩამიდგა და თვალებში შემომხედა. მე მორცხვად გავუღიმე, მერე კოვზს ხელი მოვკიდე და თხელი ფაფა თეფშის კიდეებზე ავღვარე.

– მაშინ, მომიყევი რამე… – ვითხოვე იქვე.

– რა მოგიყვე? – ამოიოხრა თამრომ.

– აი შენ რო იცი… წიგნებზე…

თამრომ თავზე ხელი გადამისვა და წიგნების კარადას ააცქერდა. ცოტა ხანს რაღაცაზე ფიქრობდა, მერე გამოერკვა და გამიღიმა.

– აგერ, ამ წიგნებს ხომ ხედავ, რამდენია… – გაიშვირა უცებ ხელი კარადისკენ. – ამ წიგნებში რომ ძალა და ჭკუაა, ასე უთქვამთ – მის წამკითხავში დაიბუდებსო… ბოლომდე რომ წაიკითხავ ყველას, კაციც მაშინ გახდებიო… გეცოდინება ყველაფერი… წესია ეგ, კოკა და, თუ მისდია მაგ წესს კაცმა, ვერ იქნება მისი მომრევი ვერავინ…

– ვერც სტალონე? – ამოვურიე კოვზის ფაფას.

– ვერც სტალონე და ვერც შვარცნეგერი… მაგათ კიდე, აბა ვინ მოერევა?…

– ვერავინ… – დავიმორცხვე და პირველი კოვზი ფაფა გადავყლაპე. – კიდე მომიყევი რა, თამრო…

– კიდევ რა გითხრა… აგერ სულ ქვედა თაროზე რომ ლურჯი ტომებია… – გაიშვირა თამრომ თითი. – ეგენი ონორე დე ბალზაკისაა… შეხედე, კოკა… რამდენია?… ორი… ათი… კიდევ ათი… ჰო… ოცდაოთხ მაგსისქე წიგნს რომ დაწერ და არ დაგენანება დრო და მელანი – დიდი კაცი ხარ ესე იგი, ანუ მდიდარი… ჭამე შენ… ჭამე და ბოლომდე გაათავე…

– ვჭამ… მერე?

– მერე, აის მწვანე წიგნები კიდევ, მაგის გვერდის რომ აწყვია – მიხეილია ჯავახიშვილი. არსენა ხომ იცი, არსენა?…

– ვენგერი?

– მარაბდელი, ბიჭო… ვენგერი არა, ტარკოვსკი კიდე… მდიდრებს რომ ართმევდა…

– ბალზაკს?

– ნუ კარგი რა, კოკა… ბალზაკი ვის რას წაართმევინებდა… ცუდ ხალხს. ბოროტ ღორებს. კეთილ ღორებსაც. ღარიბებს კიდევ აძლევდა… უყოფდა. საწყალ ხალხს. იმათაც უყვარდათ. საცოდავებს. აი მაგ არსენაზე უწერია და კიდევ სხვებზეც.

– მერე? – ამოვურიე შეგრილებულ ფაფას კოვზი.

– მერე მოდის – აიმ მეორეზე… ნაცრისფერები რომაა… მარცხნივ რომ თორმეტი ცალია მაგათზე გეუბნები… აი ეგენი ყველა მოპასანია. ფრანგი კაცი, და ქალების მუსუსი…

– მუსუსი რა არის?

– მუსუსი? – დაფიქრდა თამრო. – მუსუსი არის შეყვარებული კაცი, ოღონდ ყველა ქალი რომ ერთდროულად უყვარს!

– და ყველა კაცი რომ უყვარს?

– ვისა?

– ქალს!

– ეგეთი ქალი არ არსებობს! – მკაცრად მომიჭრა თამრომ და ისევ წიგნებს მიუბრუნდა. – ანდა რა ექნა… უყვარდა კაცს და წერდა მაგათზე და მათნაირებზე.

– რას წერდა?

– ყველაფერს… შენ რა გგონია, მალავდა რამეს?…

– ტიტველ ქალებზეც წერდა?

თამრომ გაიცინა. მერე მაკოცა და ამ დროს დიდი ოთახიდან დაუძახეს. მე მარტომ განვაგრძე ჭამა.

 

9.

რომ მოვრჩი, უკვე დედამ წამომაყენა და მუქი ტანსაცმელი ჩამაცვა. მერე ფრთხილად გავედით დიდ ოთახში. თამრო სკამებიდან ერთ-ერთზე იჯდა, თავი კედელზე მიედო და ბებერი კაცივით ხვრინავდა. ილო და ბაბილოც მოსულიყვნენ. კიდევ ვიღაცებიც ირეოდნენ. თამროს ხვრინვა ყველას უცხოდ შმუშნავდა. მერე ვიღაცამ გაბედა, ხმამაღლა დააცემინა და თამროსაც გაეღვიძა. ერთი მიმოიხედა და მაშინვე დაფაცურდა – ერთს თვალები დაუბრიალა, მეორეს ტილო გამოართვა, ბაბუას ფეხსაცმელები გაუპრიალა და მე მომიბრუნდა.

– ეველინა ხომ იცი?

– კი…

– მიხვალ და ეტყვი – თამრომ სუდარა-თქო… გამოგატანს… და მალე ქენი…

– კი…

უცებ გავვარდი გარეთ. ქუჩაში არავინ იყო. სამ კორპუსს გავცდი და მესამე სართულზე ასულმა ეველინას კარზე ზარი დავრეკე. თავიდან მეზობლის ბინიდან ძაღლმა დაიყეფა. მერე ეველინას ბინიდან გავიგონე ნაბიჯებისა და გასაღების გადატრიალების ხმა.

 

10.

კარი ნამძინარევმა ეველინამ გააღო. თმა ზემოთ შეეკრა და ძილის სუნი ასდიოდა. რომ დამინახა, გაიღიმა და არაფერი მათქმევინა.

– ვიცი, ვიცი!.. შემო, შემოდი… და კარი მიიკეტე… – გაბრუნდა უკან და კარი ღიად დატოვა. მეც შევედი და კარი მთელი ძალით მივაჯახუნე.

– დაანგრიეო კი არ მითქვამს?! – მომესმა ეველინას ხმა.

შემოსასვლელში მდგომმა სარკეში ჩავიხედე. მერე ანარეკლს ენა გამოვუყავი.

– კოკა! – მომესმა ცოტა ხანში დიდი ოთახიდან და მეც იქით წავედი.

ღამის პერანგში მდგომ ფეხშიშველ ეველინას სუდარა მაგიდაზე გაეშალა და უთოს გაცხელებას ელოდა. ღამის პერანგი თეთრი ატლასის იყო და ეველინას მჭიდროდ ადგა ტანზე – სხეულის ყველა ნაკვთს უმხელდა.

– რას მიყურებ? – ღიმილით გამომხედა ეველინამ. – ტიტველი ქალი არ გინახავს?

მე თავი უარის ნიშნად გადავაქნიე.

– არც დედაშენი?

– არ მახსოვს… – გავაქნიე თავი.

– ყველა ქალი ერთნაირია, არ იცი?

მე თავი დავუქნიე და ხმა ვერ ამოვიღე.

ეველინამ უცებ გადადო უთო გვერდით და პერანგიც ეგრევე გადაიძრო.

მე სუნთქვა შემეკრა.

ქათქათა თეთრი იყო და დიდი, ნესვებივით ძუძუები ჰქონდა. არც მახსოვს როგორ მივუახლოვდი – ფეხის წვერებზე ავიწიე და ძუძუებზე სათითაოდ ვაკოცე. ეველინას გააჟრჟოლა. მერე აცრემლებულმა ჩამიხუტა, დამკოცნა და პერანგი უკან გადაიცვა.

 

 

1 2 3 4 5 6