მკვდრები

 

 

1.

ბაბუა საღამოთი მოკვდა – თვალები გადაუცვივდა, ამოიხროტინა და მორჩა. იქამდე, შუადღეზე, სულ მისი კივილი მესმოდა. დედას ჰყავდა აბაზანაში შეყვანილი და ცივი წყლით, უსაპნოდ პარსავდა. თან საპარსი იყო ძველი. მაშინ გავიფიქრე პირველად, რომ ასეთ სიცოცხლეს სიკვდილი ჯობდა, მაგრამ ცხრა წლის აბა ვის რას ვეტყოდი…

 

2.

თავიდან მეზობლები გადმოვიდნენ, ბაბუას ბავშვობის მეგობრები: ილო და ბაბილო – ერთნაირი სახეებით და ერთნაირი ზურგებით. სიბერისგან ნიკაპები უკანკალებდათ. ხმა არ ამოუღიათ, ისე მიეხმარნენ დედას ბაბუას გახდასა და ჩაცმაში. მერე სამზარეულოში გამიყვანა დედამ და ჩამკეტა. კაი ხანს აბლაბუდიან ჭერს ავცქეროდი და ობობებს ვითვლიდი. რომ მომბეზრდა, მაცივარი გამოვაღე – წიწმატი გავძიძგნე. მერე არაჟანს მივადექი. არაჟნიდან მარწყვზე გადავედი, მერე საყინულეს პატარა ლოლუა წავატეხე და გავწუწნე.

 

3.

რომ გამომიშვეს ყველაფერი შეცვლილი დამხვდა: დიდ ოთახში ავეჯი აღარ იდგა. ბაბუა დაბალ, გრძელ მაგიდაზე ესვენა და თეთრი ზეწარი ეფარა. დედას შავები ეცვა. ილო და ბაბილოც თითქოს სხვანაირები იყვნენ. ისხდნენ და ერთმანეთს ებუტბუტებოდნენ. აქეთ-იქით ვიღაცები დადიოდნენ. სკამებიდან ერთ-ერთზე ჩამოვჯექი და ფეხები ჰაერში ავაქანავე.

– რამდენის ხარ, ბალღო? – შემეკითხა ილო.

– ცხრის.

– პატარაა, მაგრამ დიდია! – თქვა ბაბილომ.

დედას რაღაცები დაჰქონდა.

 

4.

მერე თამრო მოვიდა და ისე აკივლდა, გარეთ ინდაურები აყლოყინდნენ. მე ყურებზე ხელისგულები ავიფარე. ილო და ბაბილო შეწუხდნენ და ერთდროულად გაიძურწნენ სახლებში. სხვებიც მალევე წავიდნენ. მერე თამროს კივილში დედაც აჰყვა. აღარც ვიცოდი სად დავმალულიყავი.

 

რომ მორჩნენ, უკვე ბნელოდა. დედამ ჩაი აადუღა და ყველი დაჭრა. მერე მე შემომხედა.

– ხელები დაიბანე?

– თქვენ რო არ დაგიბანიათ? – ვკითხე მე და პასუხად ისეთი სილა მივიღე, უმალ აბაზანაში აღმოვჩნდი. ხელები ოდნავ დავისველე, საპონი გადავისვი, გადავიბანე და პირსახოცში შევიმშრალე.

– მანახე! – მითხრა დედამ. ხელისგულები სახესთან მივუტანე. დედა არც დაჰკვირვებია, ისე დამიკოცნა, მერე ჩამიხუტა და ისევ ატირდა.

– გაცივდა ჩაი… – დაგვაშორიშორა თამრომ და ჩვენც მაგიდას შემოვუსხედით.

 

6.

– ისე ქენი, რო მისი პენსია შეგინარჩუნდეს… – რატრატებდა თამრო. – და ფუტკრები იაფად არავის მისცე… მაგრამ მთავარი მაინც პენსიაა… ფუტკარს გაყიდი ბოლო-ბოლო, შენ რისი მომვლელი ხარ… პენსია კიდევ…

დედამ თავი უხმოდ დააქნია.

– ამდენი იწვალა კაცმა, იმსახურა და თქვენ კიდევ არაფერი? – შფოთავდა თამრო და დედაც დუმილით ეთანხმებოდა.

– გეკუთვნის… მერე რა რო რძალი ხარ. პირდაპირი მემკვიდრე აგერაა… თან როგორა ჰგავს ცხონებულს, როგორ… – წამოისროლა თამრომ გაპრანჭულად და მე შემომხედა.

– რომელ კლასში ხარ, კოკა?

– მესამეში. – ვუპასუხე და ლამბაქზე დასხმული ჩაი მოვხვრიპე.

– შენ შეყვარებულს რა ქვია?

– არაფერი.

 

7.

რომ მოვრჩით, დედამ საწოლ ოთახში გამიყვანა.

– მე და თამრომ ბაბუს უნდა გავუთენოთ…

– რა?

– ღამე – რა… – გაღიზიანდა დედა. – შენ უჩემოდ დაიძინებ… ხომ არ შეგეშინდება?

– ნწ.

მერე გამხადა, საწოლში ჩამაწვინა და შუქი ჩამიქრო.

– ძილი ნებისა… – ჩაიბუტბუტა, ლოყაზე მაკოცა და კარი გაიხურა. სიზმარმაც სულ მალე მომაკითხა.

 

 

1 2 3 4 5 6