11.

გაღიმებულმა ეველინამ უთოზე დააფურთხა. ფურთხი საწყლად აშიშინდა და ეველინაც სუდარას გაუთოებას შეუდგა.

კაი ხანს ჩუმად ვიდექით.

– ისე როგორაა?… – შემომხედა მერე დაბინდული მზერით.

– კარგათ!

– ტირის?

– კი…

ეველინამ სუდარას კიდევ რამდენჯერმე გადაუსვა უთო. მერე გამორთო, უთო განზე გადადო და სუდარა გადაკეცა.

– მკვდრები რსებობენ, ეველინა? – ვკითხე მე უცებ და ეველინამაც გაკვირვებულმა გამომხედა.

– ვიინ?

– მკვდრები…

ეველინა შეცბა, მაგრამ მალევე გამოერკვა.

– რეებს ბოდიალობ!… ვინ მკვდრები?!… მკვდარი იმიტომაა მკვდარი, რომ აღარ არის!!… რას ქვია მერე რსებობენ?!… რსებობენ კი არა – არსებობენ!

თავი ჩავღუნე. ცოტა ხანს ბოლთას ვცემდი. მერე გავბედე:

– სიზმარში ვნახე…

– ვინ ნახე? – დაინტერესდა ეველინა.

– ვითომ მე, დედიკო და ყველანი – შენც, თამროც, ილოც და ბაბილოც მკვდრები ვიყავით და მატარებლით მივდიოდით სადღაც…

ეველინა ამის გაგონებაზე ადგილზე შეხტა.

– როგორ თუ მკვდრები?

– უდაბნო იყო კიდევ… სულ… ფანჯრიდან ჩანდა… და ბაბუას ფუტკრები მოგვყვებოდნენ უკან…

ეველინამ თავი უკმაყოფილოდ გადააქნია. მერე სუდარა პაკეტში ჩადო და გამომიწოდა.

– მე მერე მოვალ… – მითხრა ცივად და კარამდე მომაცილა.

ნელა გამოვუყევი. პაკეტი იღლიაში მქონდა ამოჩრილი. ვიდრე ჩვენ სადარბაზოში შევიდოდი, ვიტრინაში მჯდომ მესაათეს შევხედე: ცალ თვალში ლუპა ედგა და პინცეტით საათის მექანიზმს დაჰკირკიტებდა. კაი ხანს ვუყურე. ბოლოს ამომხედა და ლუპიანი თვალი ჩამიკრა. მერე ისევ თავის საქმეს მიუბრუნდა.

 

12.

ბაბუა რომ დამარხეს, ცრიდა და სულ ღრუბლები იყო. ყველას შავები გვეცვა. დედა იცრემლებოდა. თამროსა და ეველინასაც სველი ჰქონდათ ლოყები, მაგრამ უფრო ალბათ წვიმისგან. ილო და ბაბილო მესაფლავეებს მიწის ჩაყრაში მიეხმარნენ. მერე თითო ჭიქა ღვინო დალიეს, დანარჩენი საფლავზე ჯვრად მოასხეს და ფეხით წამოვედით. სახლამდე სულ ტალახი იყო. ხმას არავინ იღებდა. ხანდახან თუ წამოიქვითინებდა თამრო. სადღაც შორიდან ძაღლების ყმუილი ისმოდა.

 

13.

სახლში რომ მივედით, ყველა ერთდროულად აწრიალდა. განსაკუთრებით თამრო და ეველინა აქტიურობდნენ. უცებ გაშალეს სუფრა, მალევე გააწყვეს და ჩამოსხდნენ. ვიღაცამ სანთლები ჩაარჭო პურებში და სანთებელათი მოუკიდა. მერე პირველი ჭიქა ჩამოასხეს და ხსოვნის თქვეს. ილაპარაკეს ბაბუასა და მის გასაოცარ თვისებებზე.

 

14.

თამრო თამადობდა. ეველინაც ყოჩაღად იყო. ილო და ბაბილო ჩუმად იციცქნებოდნენ და დუდუნით იძახდნენ სადღეგრძელოებს. თავიდან ყველანი მოწყენილები იყვნენ. მერე ნელ-ნელა აუფერადდათ ლოყები. თანდათან მოცოცხლდნენ და შეთამამდნენ. თამრო სულ უფრო ხმამაღლა და მხიარულად იძახდა სადღეგრძელოებს. ყველანი სვამდნენ. ბოლოს იქამდეც კი მივიდნენ, თვალებაჟუჟუნებულმა თამრომ ილოს და ბაბილოს ჰკითხა:

– აწი თქვენი ჯერია, არა? – და ყველა ახითხითდა.

ილო და ბაბილოც იცინოდნენ. მე მიხაროდა და ვცდილობდი, რომ ყველაზე ხმამაღლა გამეცინა.

– ჰა, რომელი რომელს ასწრებთ, თუ ორადგილიანი კუბო გინდათ? – სულ გაილაღა თამრომ და უკვე ყველას ხელით ეჭირათ მუცლები.

– ო, რა ენა გაქვს, რა ენა!! – ხითხითებდა ილო.

– შენ სხვა რამე უნდა ნახო… – ქვემოთკენ გააპარა მზერა თამრომ და ამაზე ხომ კინაღამ ჭერი ჩამოიქცა ხარხარისგან.

მერე თამრომ იმდენი ჰქნა, რომ დედას გიტარა გამოატანინა.

– თუ ბოლო გზაზე გაცილებაა, ბოლომდე გაცილება იყოს…

ეველინამ ჯერ სევდიანი სიმღერები იმღერა და ყველას ხელსახოცებით აწმენდინა თვალი. მერე მხიარულებიც შეუშვა და ცოტა დააკლდათ – იცეკვებდნენ კიდეც. ბოლოს ყველანი ერთად მღეროდნენ და ილო და ბაბილო ერთმანეთს ჰგავდნენ. ასე მეჩვენებოდა, რომ ხან ილო იყო ბაბილო, და ხან ბაბილო – ილო. ერთმანეთისგან ვეღარ ვარჩევდი.

 

15.

კაი გვიან იქნებოდა, დედამ ნახევრადმძინარი საწოლ ოთახში რომ გამიყვანა და გახდაში მომეხმარა.

– აბა შენ იცი… – მითხრა შუბლზე კოცნით და შუქი ჩამიქრო.

– თქვენ? – შევეკითხე მე.

– ჩვენ დიდები ვართ… – მითხრა დედამ და მეც დავწყნარდი. – დაიძინე… გვიანია… ეველინამ მითხრა, რაღაც სისულელეები ესიზმრებაო…

მე თავი ჩავქინდრე. მერე დედას ავხედე.

– დე, მკვდრები არსებობენ? – შევეკითხე დედასაც.

დედამ მკაცრად ჩამომხედა.

– ბაბუაშენია მკვდარი…

– და ჩვენ?

– ჩვენ ჯერ კიდევ ცოცხლები ვართ… მაგრამ მაინც ყველანი მოვკვდებით… – თქვა დედამ, მერე გავიდა და კარი გაიხურა.

 

16.

დილას ადრე გამეღვიძა. საწოლი ოთახიდან ფეხშიშველი გავტანტალდი სასტუმრო ოთახისკენ და ზღურბლზე მონუსხული შევდექი.

ოთახი ბაბუას ფუტკარით იყო სავსე.

იატაკზე დედა, თამრო, ეველინა, ილო, ბაბილო და კიდევ ოთხი მეზობელი დასივებულები ეყარნენ და აღარ სუნთქავდნენ. ფუტკრები ყველგან იყვნენ – კედლებზე, იატაკზე, აულაგებელ სუფრაზე, ძირს დაყრილებზე – დაღოღავდნენ და ბზუოდნენ. უცებ შორიდან მატარებლის კივილი მომესმა. ყურებზე ხელი ავიფარე და თვალები დავხუჭე.

სწორედ ამ დროს ვიგრძენი, რომ ფუტკრებმა დამინახეს…

 

 

 

 

1 2 3 4 5 6