ამის შემდეგ დაიწყო ომი, პერიოდულად – ხელჩართული,

პატრულის რამდენიმე ეკიპაჟი

მუდმივად იდგა იქვე და თვალყურს გვადევნებდა,

ხშირად გვიჭერდნენ, გადავყავდით განყოფილებაში,

მეორე დღეს ისევ გვიშვებდნენ, და უკან ვბრუნდებოდით.

 

საბოლოოდ კი, როგორც ხდება ხოლმე, როცა ერთ მხარეს დგას

დიდი ფული, მეორე მხარეს კი – ღარიბი სიმართლე,

ჩვენ დავმარცხდით, დაგვათმობინეს ის ჩვენი სტადიონი,

მაგრამ ბოლოჯერ თამაშის უფლება მოვიპოვეთ,

ეს მცირედი კომპენსაციაც წუწუნის შემდეგ გაიმეტეს.

 

ძელები აღვმართეთ,

დავიწყეთ თამაში, თუმცა აღარ გვქონდა ძველი ჟინი,

ჩვენს თითოეულ მოძრაობას ისეთი სევდა ახლდა,

თითქოს ყოფილიყო ყველასთვის საყვარელი ფეხბურთელის

ბოლო მატჩი… ვემშვიდობებოდით ტკბილ-მწარე ბავშვობას,

ვემშვიდობებოდით აღმშენებლობის და ნათელი მომავლის სახელით.

ერთი მხრიდან გვიყურებდნენ ერთგული ბაყაყები, მეორე მხრიდან კი –

მუშები, ბაყაყებს უნდოდათ, თამაში სულ გაგრძელებულიყო,

რადგან გრძნობდნენ, მათ სამყაროსაც განადგურება ემუქრებოდა,

მუშებს კი ერთი სული ჰქონდათ, როდის მოვრჩებოდით,

რომ შესდგომოდნენ თავიანთ საქმეს, დრო არ დაეკარგათ.

 

ბოლოს, როგორც იქნა, მოვრჩით, გავერიდეთ, დავდექით შორიახლოს,

პირველი, რაც გააკეთეს, ის იყო, რომ ორმოს პირას, სატვირთოდან,

ხრეში ჩამოცალეს, მიადგნენ ბულდოზერით, ორმო ამოავსეს,

და ცოტა ხნის წინ შიგ ჩამხტარი ბაყაყები ცოცხლად დაიმარხნენ.

ამფიბიებმა ადამიანებს გვიჩვენეს მაგალითი,

ღირსეულად როგორ კვდებიან დამარცხებულნი.

 

 

 

1 2 3 4 5 6 7