წმ. მოწამე ვასილისკოს ქუჩა

 

არასდროს მინახავს დაბადება ცოცხალი არსების,

მათ შორის, არც ჩემი შვილის დაბადებას დავსწრებივარ,

სამაგიეროდ მე ვნახე ქუჩის დაბადება,

ეს, რა თქმა უნდა, ერთ საათში ან თუნდაც ერთ თვეში არ მომხდარა,

ამას დასჭირდა მთელი ორი წელიწადი, არც მეტი, არც ნაკლები.

 

თავიდან იყო არც ისე დიდი ტრიალი მინდორი,

მინდორზე ერთი ღრმა ორმო იყო, დარში და ავდარში

ბინძური წყლით სავსე, ორმოს გვერდით, ყველაზე სწორ ადგილას,

გვქონდა სტადიონი, თამაშის დროს წყლიდან ამომხტარი ბაყაყები

თვალს გვადევნებდნენ, როგორც ერთგული გულშემატკივრები,

დროდადრო, როცა ბურთი ორმოში ტყაპანს მოადენდა,

იმის ნაცვლად, რომ უკეთესი თავშესაფარი ეძებნათ,

ისევ წყალში ხტებოდნენ,

რადგან ორმო იყო მათი სახლი, ამ ქვეყნად ყველაზე საიმედო,

მაშინაც კი, როცა საფრთხე იქიდან მოდიოდა. მერე კი, ცოტა ხანში,

უკანვე ამოძვრებოდნენ ხოლმე ჩუმად და შეუმჩნევლად…

 

ერთხელაც ვიღაცებმა მინდორი კვადრატებად დაყვეს,

კვადრატებს შემოავლეს ფიცრის და თუნუქის ღობეები.

თავიდან სტადიონს არ ეკარებოდნენ, უბრალოდ, გარს უვლიდნენ,

ალბათ ეშინოდათ ჩვენი რეაქციის, ყოველ ნაშუადღევს,

როცა ზაფხულის მცხუნვარე მზე ძალას დაკარგავდა

და სტადიონი მოექცეოდა ჩვენი კორპუსის ჩრდილში,

ჩავიკრიფებოდით სათამაშოდ ყველანი, დიდი თუ პატარა.

ამ ერთიანობით გვინდოდა, გვეთქვა ნათლად და ხმამაღლა,

რომ ერთი გოჯი მიწის დამთმობნიც არ ვიყავით.

მათ კი, მშენებლებს, ისე ეჭირათ თავი, თითქოს ვერც გვამჩნევდნენ.

 

თუმცა სრულიად აშკარა იყო ორივე მხარისთვის

კონფრონტაციის გარდუვალობა, და ვემზადებოდით…

და ეს დღეც დადგა, ერთ დილით, უთენია, ჩვენთვის რომ დაესწროთ,

მუშებმა კარების ძელები წააქციეს, და უნდა დაეწყოთ შემორაგვა,

როცა ჩემმა მეზობელმა დაინახა და გაგვაღვიძა.

 

 

 

1 2 3 4 5 6 7