/გაგრძელება/

 

ნოფათი

 

პარმაღზე გამოსული ნოფათი ქონში ჩათუთქულ გულს ინიავებდა, თანაც ტერასებად ნაშენებ დაბას გასცქეროდა, ონანი და შავ-თეთრად დაკოპლილი თიკანი რომ შენიშნა. მეძავმა ხელისგული საფეთქელთან შეისვა, ხელი კეფისკენ წაიღო, თმა ფრჩხილებით ჩამოივარცხნა, შებრუნდა, შინ შეაბიჯა, ფარდაგი გადახსნა, სარეცელზე ჩამოჯდა და ღია კარიდან მიაჩერდა მინავლებული დღის შუქზე მოსაწყენად მჩინარ ბორცვს, სადაც კარგა ხნის წინ გარდაცვლილი ქმრის სამარეზე თეთრი ლოდი იყო შემოდებული.

ფარდაგგადახსნილი ღია კარიდან ნოფათი ლოდს მისჩერებოდა, ლოდი -ნოფათს.

„თიკანი მოჰყავს“, – ნოფათმა ფიქრში მიმართა თავისი ქმრის – ესიეს ლოდის ქვეშ ჩაფლულ ძვლებს.

დაუსახლებელ ალაგას, ნოფათის განმარტოებაში გამოჩენილი ყმაწვილი თუ ბერიკაცი მუშტარს ნიშნავდა, მაგრამ ნოფათს თავისი წესი ჰქონდა – მუშტარს მეძავი სარეცელზე მჯდომარე ხვდებოდა ხოლმე. ნოფათი კალთას არავის ახევდა, – გინდა თუ არა, შინ შემობრძანდიო, – მომსვლელი თუ იყო ვინმე, კარის ზღურბლზე თავად უნდა გადმოებიჯებინა, იმ მომსვლელს თუ სათხოვარი ჰქონდა – სარეცელზე ჯდომას სარეცელზე წოლა სჯობსო, – თავად უნდა ეთხოვა, – მეძავი ამ წესს უპირობოდ იცავდა, – ასე უფრო მართალი იყო საკუთარ თავთანაც და დაბელ ქალებთანაც, ვისი ქმრები, ვაჟები, მამები, ძმები თუ მამამთილები დროდადრო აკითხავდნენ და თავის ხურუშსა  თუ ხვაშიადს, სიმარტოვის დარდსა თუ გაცელქების წადილს, ხელმოცარულობის ჭმუნვასა თუ თრობის აცეტებას ნოფათის ჩაქონებულ სხეულში თესლად ღვრიდნენ.

დაბის ქალები ნოფათის არსებობას მას მერე შეეგუენ, როცა ქმარზე ეჭვიანობით შეპყრობილმა ზობედიამ მეძავის რჯულის წესით დასჯა სახალხოდ ითხოვა. ამით შეურაცხყოფილმა ქმარმა ზობედია ცემით სიკვდილის პირას მიიყვანა, ქალი გადარჩა, ქმრის ბოღმა გულში ჩაიდო, თუმცა დადუმდა. მეძავი იმხანად ახალგაზრდა იყო, რჯულის კაცებიც აკითხავდნენ დროდადრო, ამიტომაც, ზობედიას ეჭვი უსაფუძვლოდ ცნეს, დაასკვნეს, რომ ქმარს ზობედიას დასჯის საბაბიც ჰქონდა და ქმრის უფლებაც გააჩნდა ცოლზე; სხვა ქმრებმა თავის ცოლებს გული მოუქონეს – შენ მყავხარ, იმ ბინძურ ქალთან რა მიმიყვანსო, ცოლებმა თავი დაიჯერეს, – ჩემს ქმარს მე ვყავარ, იმ ბინძურ ქალთან ფეხი როგორ მიუცდებაო და რადგან კაცებიც და ქალებიც მყუდროდ შეჯერდნენ, რომ ის ბინძური ქალია, ნოფათი ხსენებიდან ამოძირკვეს, თუ ახსენებდნენ – ბინძურიო, – მხოლოდ ამგვარად, თუ არადა, ერჩივნათ, მეძავზე ენა არ დაესველებინათ, ვითომ არც ვარსებობსო, ანდა – არა, იცოდნენ – არსებობს, თუმცა ასევე არსებობს უწმინდური მცოცავი, ვირთხა, განავალი, ავადმყოფობა, – არსებობს ის, რაც არ გსიამოვნებს, გეხამუშება, გაწუხებს, მაგრამ ვერაფერს გახდები, – არსებობს და მორჩა, უნდა შეეგუო, – მითუმეტეს, რომ ის ბინძური ქალი დაფხავებული ქმრისგან დანატოვარ ხუხულაში განმარტოებით ცხოვრობს, შეიძლება ითქვას, დაბის მკვიდრიც არ არის, არავის ეძალება, თვალში არავის ეჩხირება, არის და იყოს, ჯანდაბას მაგისი თავი და ტანი, იმ ბინძურ ქალზე ლაპარაკიც არ ღირს.

ქალებს დაახლოებით ამგვარი მიდგომა ჰქონდათ მეძავთან. ნოფათმა ეს იცოდა, ნოფათი იქნებ ცოტათი ამართლებდა კიდევ ქალებს, რადგან ერთ დროს დაბაში ცხოვრობდა, ქალების მარაქში გარეულიყო, – ქალწულობაში მათსავით ოცნებობდა, დაოჯახების შემდეგ მათსავით ხელსაქმობდა, მათსავით მსჯელობდა მისაღებსა და მიუღებელზე, მოცალეობის ჟამს მათსავით ლაქლაქებდა, საიდანღაც დაძრული გაკაპასების გასაქარვებლად დროდადრო ავსიტყვაობდა კიდეც და ეს ჯერ კიდევ ახსოვდა ნოფათს, ამიტომაც სჭირდებოდა, თუნდაც თავის ფიქრში, თავის თავთან მართალი და წელგამართული დარჩენილიყო, ამიტომაც დაიწესა – პარმაღზე არავის შეგებებოდა, მხოლოდ ფარდაგი გადაეხსნა და მთელი სამყაროსთვის ამით მიენიშნებინა, რომ მისი სახლის კარი ღიაა, მომსვლელი კი თავად თუ შემოაბიჯებს, თავად თუ რაიმეს სთხოვს ნოფათს, მომსვლელის საქმეა და არა ნოფათისა, – ეს იყო ნოფათის წესი, ნოფათის სიმართლე და ნოფათის შურისძიებაც იმ ქალების მიმართ, ვისაც ბედმა ქალური ბედნიერება აღირსა, დაბაში ჩაამკვიდრა, ქმარ-შვილში ჩაამყუდროვა, ქალთან ქალურად აჭორავა, რასაც ასე ისაკლისებდა მამაკაცების სიტყვაძუნწობით ვერდაკმაყოფილებული, ქალთან ურთიერთობას დანატრებული ნოფათი, მაგრამ საქმეც იმაში იყო, რომ ეს მამაკაცები ვიღაც ქალების ქმრები, ვაჟები, ძმები, მამები თუ მამამთილები იყვნენ და მიუხედავად იმისა, რომ მეძავი კალთას არავის ახევდა, ისინი მაინც მოდიოდნენ, სალბუნად ედებოდნენ ნოფათის გარიყულობას, მეძავისგან ზურგმიქცეული საქალეთისადმი ნოფათის შურისძიებას, ზოგადად – ნოფათის სიმართლეს, რომელიც ქალმა ასე უპირობოდ დაიწესა თავისთვის.

ოთახს თვალი მოავლო, მზერა კედელში ჩატოვებულ ხვრელზე შეაყოვნა, საიდანაც ესიე ცოლის მრუშობას უთვალთვალებდა. „ჩემი ხათრით, ჩემი ხათრით,“ – ფიქრში გამოაჯავრა ესიეს. ქმარზე არ ბრაზობდა; ესიემ მიაჩვია, გულგრილი ყოფილიყო, ეს საქმე მოუხერხდა და ახლა თუ გარდაცვლილი ქმრის სიტყვებსა და ინტონაციას იმეორებდა, მხოლოდ იმიტომ, რომ მარტოობამ ესიესთან საუბარს მიაჩვია.

სასთუმალთან, სკამზე გაჭრილი კომში და გახლეჩილი ბროწეული იყო შემოდებული. „ბროწეული შემპალა,“- იფიქრა მეძავმა, მერე ისევ ლოდს მიაცქერდა.

ფარდაგგადახსნილი ღია კარიდან ნოფათი თეთრ ლოდს მისჩერებოდა, ლოდი – ნოფათს; კარის ერთ მხარეს, კედელზე, მოწნულ გალიაში მტრედი იყო ჩამწყვდეული, კარის მეორე მხარეს – გვრიტი, ნოფათის სამეძაო საფასური, ახლა კი ვიღაც წითურს თიკანი მოჰყავდა. ყმაწვილი ჯერ არ ჩანდა, მაგრამ მეძავმა იცოდა – სულ მალე ღია კარში მორიგი მუშტარი შემოაბიჯებდა, – „აბა, სად უნდა მიდიოდეს? მოვა, გამოჩნდება“,  – მიმართა ესიეს.

 

 

 

1 2 3 4 5