ესიე ხმელი, თეთრი კაცი იყო თეთრი წარბებითა და თეთრი წამწამებით. თმა კეფასთან და საფეთქლებთან შერჩენოდა, თეთრი წვერი მეჩხრად ეზრდებოდა. ჯორები ჰყავდა, ქსოვილებითა და სამშვენისებით ვაჭრობდა; სადღაც გადაიკარგებოდა, რომ გამოჩნდებოდა, დაბაში ქალები აშარიშურდებოდნენ – ესიე ჩამოსულაო, ნეტა რა ჩამოუტანიაო, უიმე, რას ამბობო?! – და იყო ერთი მითქმა-მოთქმა და სახელის – ესიეს ხშირი შარიშური.

ძვირფასი ქსოვილები და სამშვენისები ნოფათისთვის ბავშვობიდან სანუკვართან, საოცნებოსთან, მიუწვდომელთან გაიგივებულიყო. ხელმოკლედ ცხოვრობდნენ, – ნოფათის მამა ქირის მუშად იდგა, დედა ნოფათს რძისა და ფუნის ერთმანეთში შერეული, თბილი სუნით ახსოვდა მხოლოდ; ჰყავდა უმცროსი ძმა, ვისზე მშობიარობასაც დედა გადაჰყვა; ახსოვდა სახედანაოჭებული, პირმკაცრი ბებია ნიხონია, ვინც სასწაული მოახდინა და ბავშვები ფეხზე დააყენა. ნიხონიას სიკვდილის შემდეგ ძმა გველმა დაგესლა; ახსოვდა ძმის შესიებული, წამონთებული სახე და მისი უნუგეშო, ჩაკარგული მზერა. ძმა მოუკვდა და ნოფათმა მაშინ იფიქრა, რომ უბედურებამ მისი ოჯახისათვის მოიცალა, მათ საცხოვრისთან ჩაიმუხლა და უბედურება იმაზე ფიქრს შეუდგა, კიდევ რა უბედურება დაეწია ამ ოჯახისთვის.

მეზობელ დაბაში ქირის მუშად დაძრული მამა ქალთან ერთად დაბრუნდა. ღატაკსა და უპოვარს ღატაკისა და უპოვარის გარდა ვინ გამოჰყვებოდა, – ნოფათის მამას ზახმარი გამოჰყვა. ქალს გადაკერილ-გადმოკერილი ძველმანი ეცვა, გალეულ სახეზე ბაგე არ ემჩნეოდა, ჰქონდა პირი, საიდანაც იკვებებოდა და ლაპარაკობდა და მხოლოდ ორი უწვრილესი, მოლურჯო ხაზი, რასაც ბაგეები ძნელად თუ ეთქმოდა, კიდევ უფრო ცხადყოფდნენ ზახმარის სიმახინჯეს, სიმახინჯესაც – არა, ავადმყოფურ ბუნებას, რაღაც ძალიან არაჯანსაღსა და ზახმარის ჯიშ-ჯილაგის განწირულობიდან მოღწეულს ნოფათის სახლამდე. ამ ქალის გარეგნობა, იერი, ჩაცმულობა, განწირულობაში ჩაკარგულობა გადამდები იყო. ზახმარის გვერდით მდგომი მამა უფრო ბეჩავი, გატეხილი, ცხოვრებისაგან ნათრევი ჩანდა; დედინაცვალმა რომ შემოაბიჯა, მათ ღარიბულ ეზო-კარს ნესტიანი ძონძის ჩრდილი დაადგა.

ერთი ბოხჩით მოსულ ზახმარს გაფუფუნებულ ცხოვრებაზე ლაპარაკი სჩვეოდა. სიტყვა – „გაფუფუნებული“ სიმდიდრეს, უზრუნველ არსებობას ნიშნავდა, სიტყვა – „ჩაფუფუნებული“, – გაფუფუნებულ ცხოვრებაში ზახმარის ჩაფუფუნებას, რომელიც, თუ ამ ქალს რამე დაეჯერებოდა, ერთ დროს ჰქონია ზახმარს. როცა გაფუფუნება – ჩაფუფუნებას ახსენებდა, ნოფათის დედინაცვალს თვალები უმრგვალდებოდა, ხმას გაიტკბობდა, ხანაც პირიქით – მეტი დამაჯერებლობისთვის აწივლდებოდა ხოლმე და ჰყვებოდა გაფუფუნებულ ცხოვრებაში თავისი ღირსახსოვარი ჩაფუფუნების ამბავს; ჰყვებოდა, რომ რძესა და თაფლში ბანაობდა; – რომ ემსახურებოდნენ, ის კი მხოლოდ ბრძანებებს გასცემდა, – რომ ძვირფასი კაბები ჰქონოდა და მისი უკლებლივ ყველა ქალს შურდა.

გაცნობის პირველივე დღეს მიხვდა ნოფათი, ზახმარი რომ ცრუობდა, მაგრამ, მდიდრულ, გაფუფუნებულ ცხოვრებაზე ლაპარაკი ზღაპარივით ჩამთრევი იყო და ისიც უსმენდა, სანამ გაფუფუნებულმა ცხოვრებამ თავისი ფეხით არ მოაკითხა.

ესიეს მაშინ საქმე კარგად მისდიოდა, ეზოში მტკიცე მზერით შემოაბიჯა, ნოფათის მამა გაიხმო, დიდხანს არ უსაუბრიათ, ერთად რომ გამოჩნდნენ, ნოფათმა შეიტყო – დაქვრივებული ესიეს ცოლი გახდებოდა. ესიეს ცოლობა ნოფათისათვის იმ მიუწვდომელთან სიახლოვეს ნიშნავდა, რაზეც მხოლოდ ოცნება თუ შეეძლო. მართალია, საქმრო მამაზე ხანდაზმული იყო, თანაც თეთრი წარბებითა და თეთრი წამწამებით, უჩვეულოდ, უცხოდ თეთრი, სულ თეთრი, მაგრამ ეს ესიე იყო, – კაცი, ვისი სახელიც ქალებს პირზე ეკერათ, – ვისაც, მიუხედავად ასაკისა, მტკიცე მზერა ჰქონდა, – ვინც ნოფათს შესაძლებლობას აძლევდა, მამის სიბეჩავესა და დედინაცვლის შეშლილობას გასცლოდა და მაშინ ნოფათს მოეჩვენა, რომ მის გვერდით ჩამუხლულმა უბედურებამ მუხლი აიკეცა, ზურგი აქცია, სამუდამოდ გაეცალა და ნოფათმა ხანდაზმული, შემელოტებული საქმროს მომღიმარ მოჩერებას მზერა მორჩილად ჩაუდაბლა.

შერწყმის პირველი მცდელობა ესიეს გაუცუდდა. ნოფათმა არ იცოდა, როგორ მოქცეულიყო, იგი მხოლოდ ემორჩილებოდა, ესიეს თითით ნაწვალები საქალწულე აპკი სტკიოდა და ჰქონდა შეგრძნება, რომ სხეულს უცხო კაცი უჯიჯგნის. ესიე დროებით მიყუჩდა, შეისვენა, ძალა მოიკრიფა, ნოფათს კეფაზე ხელის მტებვანი შემოადო, თავი დაახრევინა და ჟინიანად მოითხოვა – ჩემი ხათრით აკოცე, ჩემი ხათრით, ჩემი ხათრით, დაქაჩე, ახლა ასე დამიდექი, – და მერე ესიემ ნოფათში შეაღწია, თავისი საქმე უმალ მოითავა, თვალები სისხლძარღვებით აევსო და ნოფათი მიხვდა, რომ შერწყმის ყოველ ჯერზე ამ თეთრწამწამიან კაცს თვალები შემზარავი სიწითლით ჩაუსისხლიანდებოდა; მიხვდა იმასაც, რომ ამასთან შეგუება  იყო საჭირო.

ქორწინებიდან რამდენიმე დღის  შემდეგ ნოფათს მეზობელმა ქალმა მოაკითხა, – სარძლოსთვის განსაკუთრებული საჩუქარი მინდა, ესიემ უკეთ იცის, ქმართან სიტყვა შემაწიეო, – სთხოვა. ნოფათს სიამაყის ალმურმა გადაჰკრა.

აქამდე იცოდა, ესიე რომ მნიშვნელოვანი კაცია, ახლა მიიჩნია, რომ ისიც მნიშვნელოვანი ქალია, რადგან თავისი ქმრის ცოლია, მასთან სიტყვა ეთქმის, შეუძლია მეზობლის სათხოვარი გადასცეს, ესიეს საქმეში გაერიოს.

სხვადასხვა სათხოვარით ქალები ხშირად აკითხავდნენ; ქალებს უცხოს, ლამაზის, განსაკუთრებულის, ესიეს ხელით მხოლოდ მათთვის ჩამოტანილის მოლოდინიც სიამოვნებდათ და ამაზე ლაპარაკიც; ნოფათსაც სიამოვნებდა, ესიეს ვაჭრობაში რომ ედო წილი, სიამოვნებდა ის დამოკიდებულება, დაბის ქალები მის მიმართ რომ ამჟღავნებდნენ.

ნოფათი მაშინ ქალების მარაქაში თვალსაჩინო ადგილას იჯდა, ამა თუ იმ საქონლის ღირსებასა თუ ფასზე ენას არატრატებდა, ქალები კი უსმენდნენ, დროდადრო წაივიშვიშებდნენ – ძალიან ძვირიაო, – და ნოფათიც ეთანხმებიდა – ჰო, ძვირია, მაგრამ კარგი რომ არის, იმიტომაცაა ძვირიო, – ასკვნიდა; ქალებიც უდასტურებდნენ ნოფათს, რომ კარგიო საქონელი თავისთავად ნიშნავს ძვირ საქონელს და ასეთ წუთებში ნოფათს სწამდა, ესიე მხსნელად რომ მოევლინა, ესიემ რომ გამოსტაცა უბადრუკ, დამაჩლუნგებელ ყოფას, გაფუფუნებული ცხოვრება ანახა და ეს ალბათ ღირდა იმ ღამეებად, სადაც ნოფათს ესიეს ხმა ჩაესმოდა, – ჩემი ხათრით აკოცე, ჩემი ხათრით, – და ისიც კოცნიდა, ესიეს სიბეჩავეს ესიეს აღტყინებად აქცევდა და ქმართან შერწყმის ყოველ ჯერზე ეფიქრებოდა, – თავს როგორმე უნდა ვაჯობო, თეთრწამწამიანი კაცის ჩასისხლიანებულ თვალებს შევეგუოო.

 

 

 

1 2 3 4 5