ნოფათისათვის იმხანად ორი ესიე არსებობდა – დღის და ღამის. დღის ესიე დინჯი, ჭკუასაკითხავი ესიე იყო, ღამის ესიე – დამპყრობელივით უცხო.

ბავშვობიდან ნაცნობი უბედურების სიახლოვე მაშინ მოიხელთა, საშოვარზე წასული ესიე ჯორებისა და საქონლის გარეშე რომ დაბრუნდა. სამოსშემოძარცვული ქმარი უკანასკნელ უპოვარს ჰგავდა:

– ყაჩაღები, – კაცმა სათქმელი მოკლედ მოჭრა, სახლთან ჩამოჯდა, ბებრულად წაისლუკუნა, თავი აზიდა, ცას მიაცქერდა და ხრინწიანი მოთქმა გააბა.

დანაზოგი ჰქონდა; ესიემ ყველაფრის თავიდან დაწყება გადაწყვიტა, ჯორი იყიდა, სავაჭროდ გაეშურა. ამჯერად მშვიდობით დაბრუნდა, საქონელიც მოიყოლა, მაგრამ მყიდველი ვერ მოიზიდა. ვაჭრებმა იმხანად დაბაში აქლემების ქარავანი ჩაატარეს, – მათი საქონელი გაცილებით იაფიც იყო და თვალისმომჭრელიც, უცხოც და გამორჩეულიც, – სწორედ ისეთი, დაბის ქალები რომ ეტანებოდნენ.

ესიემ ფრჩხილების კვნეტა დაიჩემა; თაფლით ვაჭრობა მოიგონა, – ვერ გაუმართლა. ქვის სამტეხლო უნდა გავმართო, გათლილი ქვით ვივაჭროო, – ამით აენთო, მაგრამ სამუშაო მძიმე და ხანგრძლივი აღმოჩნდა, ვერაფერი მოაგებინა და ჩაქრა ესიე, მინავლდა, მიილია, მიჭკნა და ფრჩხილების კვნეტაში ჩაფიქრდა ესიე, მაგრამ ჩაფიქრებაცაა და ჩაფიქრებაც, ესიეს ჩაფიქრებაში გონგაფანტული კაცის თვალდაცეცებული მოხრწნილობა ჩაბუდდა, ჩივილს მოუხშირა, – რომ ცოლის უყურადღებობა შეურაცხმყოფელია, – რომ დანაზოგიდან არაფერი დარჩა, რომ ხვალ რა იქნება – არ იცის, – რომ გარდაცვლილი ცოლი ხშირად ესიზმრება, – რომ ქალ-ვაჟი წყეულმა სახადმა წაართვა, – რომ ნოფათი გარდაცვლილი ცოლივით გემრიელ კერძს ვერ უმზადებს, – და ერთხელაც ქმრის წუწუნით თავგაბეზრებულმა ნოფათმა ესიეს ჰკითხა:

– გამაგებინე, როგორ მოვიქცე?!

ესიე ცოლს მიაცქერდა:

– ჰა? – კითხვაზე კითხვით მიმართა ნოფათს.

– შენ რომ კმაყოფილი იყო, როგორ მოვიქცე – მეთქი, მასწავლე, ისე მოვიქცევი! –

ესიემ ცოლს დიდხანს არ მოაშორა თვალი, შემდეგ გაუღიმა და უთხრა:

– შეგიძლია, ჩემი ხათრით გულგრილი იყო?

მოულოდნელი, არსაიდან გაჩენილი კითხვა ვის არ დააბნევდა, ნოფათიც დაიბნა:

– ჰა? – დაეკითხა ესიეს.

– ჩემი ხათრით, ჩემი ხათრით, – ჩაილაპარაკა ესიემ, უცებ გახალისდა, გაცოცხლდა, სადღაც გააბიჯა, გზად შეყოვნდა, ნოფათს გამოხედა:

– ამ სახლს გავყიდით, სხვაგან ვიცხოვრებთ, ცალკე, ცალკე, განმარტოებით; ყველაფერი კარგად იქნება, დამიჯერე! – თქვა ესიემ და მაშინ ნოფათს მოეჩვენა, რომ ქმრის მზერამ ის სიმტკიცე დაიბრუნა, ქსოვილებითა და სამშვენიერებით ვაჭრობისას რომ ჰქონდა.

დაბისგან გაცლა, მიყრუებულში დამკვიდრება ეჭვის საბაბს იძლეოდა. მოხუცი ქმრისა და ახალგაზრდა ცოლის განმარტოებაში იყო რაღაც ისეთი, ენის ქავილს რომ იწვევს და პირველი, ვინც ენა მოიფხანა – ზობედია იყო. ზობედიას მაშინ არც საეჭვიანო ჰქონდა რამე, არც სალაპარაკო, – ზობედიამ მხოლოდ იკითხა – რატომო? რაშია საქმეო? – და სხვებიც აჰყვნენ, – რატომო, რატომ? რა მიზეზიო? – ეკითხებოდნენ ერთმანეთს, პასუხი არ ჰქონდათ, მაგრამ რაღაც უჩვეულო რომ მოხდა და ამას თავისი მიზეზი ჰქონდა, – ამაში დარწმუნებულები იყვნენ. ქალური გუმანი ნოფათსაც იმავეს კარნახობდა, ნოფათი თითქოს წინასწარ გრძნობდა, მეტიც – თითქოს წინასწარ ეგუებოდა – ისეთი რამ უნდა მოეთმინა და გადაეტანა, რასაც გარიყულობა, განმარტოება და მიჩუმათება სჭირდება, რაც მეზობლის მახვილ თვალსა და მახვილ სმენას ვერ ჰგუობს, დაბის საზღვრებში ვერ თავსდება, განზე მიიწევს, დაბაში დამკვიდრებულ ადათ-წესს გაურბის, – იქ სახლდება, სადაც თავისი წესით იცხოვრებს და რომ გადარჩეს, იარსებოს, ამისათვის გულგრილობაა საჭირო. ესიემ რომ გულგრილობა უხსენა, ნოფათმა გარდამტეხი ცვლილების სიახლოვე იგრძნო და იქიდან დაიწყო გულგრილობასთან შეგუება, – იმ აზრთან შეგუებაც, რომ ადრე თუ გვიან, ესიე გარიყულობის მიზეზს გაუმჟღავნებდა და მთავარ სათქმელს გაუმხელდა, ის კი გულგრილობით უნდა აღჭურვილიყო, გულგრილობით გაძლიერებულიყო და ესიეს სიტყვებს გულგრილად შეხვედროდა.

ახალ ადგილზე გადაბარგების ზრუნვა-ჯახირში ესიე დიდ მონდომებას იჩენდა, წუწუნი დაივიწყა, გამოცოცხლდა, დღენიადაგ ფაციფუცობდა და როცა ასეთ ესიეს ხედავდა, ნოფათი მეტად რწმუნდებოდა – მათი გარიყულობა რაღაც უკადრისთან, უხამსთან, მისაჩუმათებელთან, ბილწთან იყო კავშირში. ნოფათი ამას წინასწარ გრძნობდა და წინასწარ ეგუებოდა.

გადაბარგდნენ. ღამით ესიე ცოლს მიუწვა, მკლავზე ხელი დაუსვა და უთხრა:

– სალუქი კანი გაქვს, ძვირფას ქსოვილს მაგონებს, – და გაიცინა ესიემ.

ნოფათი მიხვდა, ქმარი მთავარ სათქმელს ამზადებდა, დაელოდა.

ესიემ ცოლს მკლავზე აკოცა, ქვემოდან მიაცქერდა, ნოფათმა ესიეს ჩასისხლიანებულ თვალებს ჩამოხედა და იფიქრა: „თქვი, ჰა, თქვი და დაამთავრე, ოღონდ შენი წუწუნი არ გავიგო და რაც გინდა – თქვი!“

ნოფათი მზად იყო. ესიემ იგრძნო, ნოფათი რომ მზადაა და თავისი მოგზაურობის ამბავს გადასწვდა, შორეული მხარე გაიხსენა, სადაც, თურმე, ქალებითაც ვაჭრობენ და ამისთვის განსაკუთრებული სახლები არსებობს.

 

 

 

1 2 3 4 5