სისხლდენა რომ დაეწყო, ესიე ცოლს ბავშვივით უვლიდა. მომდევნო დღეებიც მძიმე იყო, ესიე ცოლს სასთუმალთან უჯდა, უნანავებდა და ანუგეშებდა.
ამის შემდეგ ნოფათი აღარ დაფეხმძიმებულა, მაგრამ თანდათანობით დაიწყო გასუქება, რაც ასევე თანდათანობით გადაეზარდა გასიებაში.
ნოფათს ახსოვდა ის დღე, როცა ესიეს პირდაფჩენილ, ნიკაპჩამოგრძელებულ ჩათვლემაში ესიეს მოახლოებული სიკვდილი იგრძნო. ძალიან უსიცოცხლო, ძალაგამოცლილი, სიკვდილისგან ხელდასხმული იყო ესიეს დაღებული პირიდან დაჭერილი უღონო, მკრთალი სუნთქვა და ნიკაპი, მიხრწნილი ბერიკაცის ჩამოგრძელებული, სახესა და სიცოცხლეს მოწყვეტილი ნიკაპი, სადაც სიკვდილი შეცოცებულიყო. ნოფათს სიმარტოვის შეეშინდა და ჯამ-ჭურჭელი განგებ აახმაურა. ესიემ თვალი გაახილა, ცოლს მიმჭკნარი ღიმილით მიაცქერდა, წელი აითრია, ზღურბლთან მილასლასდა, ბორცვს მიაჩერდა:
– იქ, – თქვა ესიემ, – იქიდან დაგინახავ, შენც დამინახავ.
ერთმანეთის ენა ესმოდათ; მეძავი მიხვდა, რომ ქმარს სიკვდილის შემდეგაც უნდოდა თვალთვალი. „როგორც შენ გინდა“, – იფიქრა ნოფათმა, შემდეგ იფიქრა, – „თეთრი კაცი იყავი, თეთრი ლოდით მოგნიშნავ“, – და იმ წამიდან დაიწყო ესიეს სიკვდილთან შეგუება.
სამარის გათხრაში მუშტრები დაეხმარნენ. საქმე რომ მოილიეს, ზოაბმა ნოფათს უთხრა:
– ესიე ჩემი ნათესავი იყო, შენზე მე ვიზრუნებ.
– კარგი, – დაეთანხმა ნოფათი.
სწორედ ზოაბის გაუფრთხილებელი ზრუნვის წყალობით დაუვარდა მეძავის სახელი. ესიე ასე ხელაღებით არ იქცეოდა.
მას მერე ბევრმა წყალმა ჩაიარა, ნოფათი გასივდა და დაბერდა, თუმცა აქა-იქ მაინც აკითხავდნენ, ის კი სარეცელზე მჯდომი, თეთრ ლოდს მიცქერილი ხვდებოდა მუშტარს.
ღია კარში წითური ონანი გამოჩნდა, ზღურბლთან შეყოვნდა, ნოფათს მიაცქერდა:
– თიკანი ხეზე მივაბი, შენია, – თქვა ონანმა.
– გმადლობ, – გაუღიმა ნოფათმა.
წითურმა ყმაწვილმა ჰაერი ღრმად შეისუნთქა, გაყუჩდა, ნესტოები უთრთოდა.
„ამასთან გართულდება, ძალიან ღელავს“, – ნოფათმა ესიეს ანგარიში ჩააბარა.
ონანმა ზღურბლს გადმოაბიჯა. ნოფათის წესი აღსრულდა, ახლა თავად უნდა გარჯილიყო, – მეძავი წამოდგა, კარს მიუახლოვდა, ფარდაგი ჩამოაფარა.
ნოფათის საცხოვრისში ჩამოსაღამოვდა.
– მე რით გადაგიხადო მადლობა? – მიმართა ყმაწვილს.
– ეგ შენ იცი, – ჩავარდნილი, სიმჩამწყდარი ხმით მიუგო წითურმა.
ნოფათმა იფიქრა, რომ ყმაწვილს გამხნევება სჭირდება, გაუღიმა, ჰკითხა:
– როგორ მოგმართო, რა გქვია?
