მისახვედრი და ჩასაძიებელი აღარაფერი იყო; ნოფათს ის დრო უბრუნდებოდა, ქმრის ვაჭრობაში რომ ედო წილი, თუმცა, იმ ვაჭრობასა და ამ ვაჭრობას შორის სხვაობაც არსებობდა, – სამეძაო დახლზე ახლა თავად უნდა წამოსკუპებულიყო და ქალებთან ენის რატრატის ნაცვლად, ენა უნდა ჩაეკმინდა.
– ამ საქმეს გულგრილობა სჭირდება; მინდა, გულგრილი გახდე, ნაკლებად გაიცვითები, – უთხრა ესიემ.
ყველაფერი გასაგებად ითქვა, მაგრამ ნოფათმა მაინც იკითხა:
– ეგ რას ნიშნავს?
– არ მინდა, გაიცვითო; შენზე ვზრუნავ, მუდამ ვიზრუნებ, – თქვა ესიემ, ერთხანს მიყუჩდა, მერე უთხრა: – ხვალ ჩემი ნათესავი – ზოაბი გვესტუმრება, კარგი კაცია, პირის შენახვა იცის, არ გაანაწყენო, – ესიე ცოლს მიეტმასნა, ჩასჩურჩულა; – ჩემი ხათრით, ჩემი ხათრით, – და ლოყაზე აკოცა.
ესიეს ნაკოცნი ნოფათმა ხელის ზურგით შეიწმინდა და იფიქრა: – „ჯანდაბას შენი ბეხრეკი თავი, მიყრუებულში გადმოსახლებულს, გულგრილობის გარდა რა დამრჩენია?“ – და იქ უეცრად იაზრა ნოფათმა, რომ იცის რას ნიშნავს გულგრილობა, რომ უცხო კაცთან შეწყვილების გამოცდილება აქვს და ეს უცხო კაცი ესიეა, ესიეს ჟინიანი მოთხოვნით აქცევდა ხოლმე ესიეს სიძაბუნეს ესიეს აღტყინებად, ფეხებს ესიეს უშლიდა, ესიეს ნერწყვით სახე ეთხვრებოდა, ესიეს მწირი თესლით – საშო, იტანდა იმას, რაც უკიდურესად არ სიამოვნებდა, რადგან თავისი ქმრის ცოლი ერქვა და ეგონა – ასეც უნდა იყოს, ჩემი მოსათმენი მე უნდა მოვითმინო, ჩემი ქმრის ცოლი მქვიაო, მაგრამ იმ ღამით გაცხადდა – სინამდვილეში რას წარმოადგენდა ნოფათი, – ესიესთვის საქონლად მიყიდული, ესიესგან ხელახლა უნდა გადაყიდულიყო, საქონელს კი ღირსების გრძნობა არ გააჩნია, საქონელს მხოლოდ ფასი ადევს, – ამას უნდა შეგუებოდა და რადგან შეგუებაზე ფიქრის თადარიგი ადრე დაიჭირა, იოლად შეეგუა კიდეც. ქმარს ჩამოხედა;
– რას გადაიხდის? – ჰკითხა.
– შენ თავს იაფად არავის დავუთმობ, მე შენ მიყვარხარ, – თქვა ესიემ, ცოლს გავაზე ხელი დაუტყაპუნა და მიყუჩდა. ნოფათმა იფიქრა, რომ ესიეს პირიდან ამოთქმული – „მე შენ მიყვარხარ“, იმ სიტყვებს ჰგავდა, ესიე რომ ეთლიფინებოდა – ჩემი ხათრით, ჩემი ხათრითო, – რადგან ამ სიტყვების მიღმა არაფერი იდგა, უხეირო ვაჭრისგან საქონლის გასასაღებლად მოხმობილი სიტყვები იყო – გაძარცვული, ცუდად შეფუთული, მყვირალა, იოლად ამოსაცნობი სიტყვები.
დილაბნელზე ხმაურმა გააღვიძა. ეზოში გამოვიდა, სახლის კედელთან მიმდგარი ესიე რაღაცას ეწვალებოდა.
– რას აკეთებ? – ჰკითხა ქმარს.
– შენ რომ არაფერი დაგიშავონ, ხომ უნდა ვიცოდე, – თქვა ესიემ და კედელს მიუბრუნდა.
„ნაპრალს ტოვებს, იქიდან მითვალთვალებს,“ – მიხვდა ნოფათი, – „ჯანდაბამდე გზა ჰქონია, ოღონდ ამისი წუწუნი არ გავიგო“, – იფიქრა იქვე, გამოტრიალდა, შინ შეაბიჯა, სკამზე ჩამოჯდა, იმ კედელს მიაცქერდა, სადაც ესიე სათვალთვალოს გაჭრას ეჯახირებოდა, მერე სარეცელს გახედა. „ჰო, იქიდან კარგად დაინახავს“, – იფიქრა ნოფათმა და უეცრად გაიაზრა, რა უსაზღვრო და უსაზომო აღმოჩნდა გულგრილობის გარყვნილება, ამან ცნობისწადილი გაუღვივა, – ღამით მე და ჩემი ქმარი ნეტა რაზე ვილაპარაკებთო, – აფიქრებინა. ქვედა ბაგე წამობურცა, ტუჩები მოპრუწა, თავისი თავი გარედან დაინახა და დამცინავად ჩაეღიმა.
ნოფათის პირველი მუშტარი – ზოაბი, შუახნის კაცი იყო. მეძავმა მაშინ პირველად შეიცნო ჯანმაგარ მამაკაცთან ხანგრძლივ შერწყმაში განცდილი ვნება. „იქნებ ამას ეძახიან სიყვარულს?“ – იფიქრა ნოფათმა და მოუნდა, ზოაბს მასთან დაწოლის სურვილი ისევ გასჩენოდა.
ნათესავი რომ გაისტუმრა, ესიემ შინ შემოაბიჯა, სარეცელზე მწოლიარე ცოლს გვერდით მოუჯდა, მუჭში მოქცეული ვერცხლი დაანახა, დაიხარა, მკლავზე აკოცა და ჰკითხა:
– მოგეწონა?
– ჰო, – თქვა ნოფათმა და მიხვდა ნოფათი, რომ სანამ ზოაბი ისევ მოაკითხავდა, ქმართან შეეძლო ზოაბზე საუბრით თავის შექცევა.
ნოფათსა და ესიეს სალაპარაკო გაუჩნდათ, ცოდვაში ერთად ჩახარშულების ერთმანეთისთვის გასაგები ენა გაიჩინეს, სიძვის გულგრილობით შედუღაბდნენ, სადაც არაფერი იყო დასამალი და მიუღებელი; – ნოფათს თუ ზოაბთან შერწყმის ვნებიან წვრილმანენზე საუბარი სურდა, კი ბატონო, ესიე ცოლთან სიამოვნებით ისაუბრებდა ამაზე; ესიეს თუ ცოლის მრუშობის თვალთვალი და თავისი უნუგეშოდ მიბეჩავებული ასოს წვალება სურდა, კი ბატონო, ნოფათიც თანახმა იყო. მათ ღამისეულ ლაპარაკში დაბის ამა თუ იმ მაცხოვრებელზე ჩამოვარდებოდა ხოლმე სიტყვა და მაშინ ისინი ერთად იცინოდნენ, რადგან ამ გარიყულობიდან დაბის მკვიდრნი საქილკონი ჩანდნენ. ისინი თავს კარგად გრძნობდნენ, საერთო საქმეს ერთად უძღვებოდნენ, ერთმანეთზე ზრუნავდნენ, რადგან ერთმანეთი სჭირდებოდათ, ისინი სიძვის ციდვამ შეკრა და დაამეგობრა, ისინი სიძვის ცოდვიდან შეუღლდნენ.
ესიე ცოლს ხელაღებით არავის სთავაზობდა, მისგან შეგულებულ მუშტარს ენაზე კბილის დაჭერა უნდა სცოდნოდა, ამიტომაც, ესიეს სიცოცხლეში, ზოაბის გარდა მხოლოდ ორი მამაკაცი აკითხავდა ნოფათს.
მეძავმა არ იცოდა, ვისგან დაფეხმძიმდა, თუმცა ამას დიდი მნიშვნელობა არც ჰქონდა. ცოლ-ქმარი ყველაფერზე შეთანხმებულიყვნენ. ესიემ სიფრთხილე გამოიჩინა, შორი გზა მოძებნა, მღვრიე სითხე იქიდან ჩამოიტანა.