საწოლიდან ტატო მაშინ დგებოდა, როდესაც ბინის კარის გაჯახუნების ხმა ესმოდა. ეს ერეკლე გადიოდა სახლიდან და ტატომაც მშვენივრად იცოდა, გაავებული დედის შემოსვლამდე ჩაცმაც უნდა მოესწრო და ლოგინის გასწორებაც, რაშიც წლების განმავლობაში ისე გაწაფულიყო, სულ რაღაც წამებს ანდომებდა.
წარბშეკრული დედა ტატოს საწოლ ოთახში წითელურჩხულებიან კიმანოში შემოდიოდა და ტატოსკენ ბოროტად, მართლაც წითელი ურჩხულივით იმზირებოდა. ამ დროს მარიკუნა ტატოს ძალიან უცხოდ, სადღაც გერივითაც კი უყურებდა და ტატოშიც ამ დღეებიდან იწყებდნენ გონებაში ავად წრიალს პარალელურად ნაკითხი ზღაპრები დედინაცვლებზე, წიქარებსა და მისთანანზე. ყოველი ადრე წაკითხული ზღაპარი ცხოვრებით უდასტურებდა ტატოს, რომ ზღაპრის არაფერი ეცხო და ეგეთები ამ რეალობაშიც მრავლად ხდებოდა.
– რას დგახარ იდიოტივით! გადი აბაზანაში, კბილები გაიხეხე! – და ტატოც დედის ბრძანებისთანავე მორჩილად გადიოდა ოთახიდან.
– ერეკლე, ტატო ძალიან უცნაური და თავისებური ბიჭია, სხვანაირი მიხედვა ჭირდება! – ეუბნებოდა მარიკუნა ერეკლეს.
– ჰო…
– ჰო კი არა, იფიქრე ამაზე! ხომ ხედავ, გარდატეხის ასაკშია!
– აბა სად იქნება…
– თავი დამანებეთ ერთი!.. არანორმალურები ხართ ორივე!
– რატომ გაქვს თვალები ჩაშავებული? – ჰკითხა ერთხელაც მარიკუნამ სახლში ახლად მობრუნებულ ტატოს და პასუხი რომ ვერ მიიღო, გულზე თითქოს უზარმაზარი ლოდი შემოაწვა.
ტატო მაცივართან იდგა და დანისლული ბოთლიდან ცივ წყალს ხვრეპდა.
სწორედ ამ დროს შეამჩნია მარიკუნამ, რომ შვილი დაკაცებოდა. ტატოს ყვინჩილური ღინღლის მაგივრად ლოყა-ნიკაპზე კაი უხეში წვერი ედო და მხარ-ბეჭიც მამასავით გამსხვილებოდა.
– შენ გეკითხები-მეთქი! – გაუმეორა მარიკუნამ ტატოს, თუმცა უკვე ძველებური რიხით ვეღარ და პასუხის მოლოდინში კურდღელივით გაინაბა.
ტატომ პირიდან ბოთლი მოიცილა და დედა არა დედინაცვალივით, და მით უმეტეს დედასავით, არამედ კიდევ უფრო უცნაურად – უცხო ქალივით ჩაათვალიერა.
– თვალებს ვიღებავ. – თქვა მერე მოგუდული, დამცინავი ბარიტონით, უცნაურად გაიღიმა და ცხვირი მოიქავა.

***
ელენა ფაღავა სამშობლოს პოლიტიკოს ქმართან ერთად მაშინ გაერიდა, როდესაც ქვეყანაში პირველი რევოლუცია მძვინვარებდა.
ქუჩაში სიარული სახიფათო იყო. ნერვები ყველას დაწყვეტაზე ჰქონდა. ციხეები ცარიელი იყო. კრიმინალური გაგების ქალაქში სათარეშოდ ყოველდღე ახალ-ახალი ბანდ-ფორმირებები იქმნებოდა. იმხანად მოდური, გაურეცხავი მანქანების საჭეებს ჩაფრენილებს მოოქროვილი “რეიბანები” ეკეთათ და დედის გინების თანხლებით წამდაუწუმ ჰაერში ისროდნენ. სანახევროდ გადამწვარ ქალაქს ოთხივე მხრიდან განავლისფერი ბოლი ასდიოდა და ერთადერთი, რაც შეუფერხებლად მუშაობდა, ქალაქგარე აეროპორტი იყო. თვითმფრინავებსაც ფერდაკარგულ უცხოელებთან ერთად მიჰყავდათ და გაჰყავდათ ქვეყნიდან თვალებამოღამებული ადგილობრივები: უპირატესად ყოფილი ხელისუფლების წევრები ოჯახებითურთ.
ელენა ფაღავაც ერთ-ერთი პირველი იყო იმ მრავალთაგან, რომელთაც არათუ გაქცევით უშველეს თავს, პოლიტიკური თავშესაფარიც მოთხოვეს უცხო ქვეყანათა ხელისუფალთ და მალევე მიიღეს კიდეც. უფრო მეტიც – ელენა ქმარს, პარლამენტარ თედო ფაღავას, პოლიტიკურ თავშესაფართან ერთად სამოთახიანი, კეთილმოწყობილი ბინაც არგუნეს ევროპის ერთ-ერთი ტბიანი ქალაქის ცენტრში და კონფლიქტოლოგიის ცენტრის კვლევით ლაბორატორიაში საკმაოდ ნორმალურ თანამდებობაზე მუშაობაც შესთავაზეს.

1 2 3 4 5 6 7