(ნაწყვეტი რომანიდან)

ერეკლე ფაღავას ტუტრუცანა ცოლს – თავის დროზე თბილისის* ერთ-ერთ ულამაზეს გოგოსა და დრამატული თეატრის ყოფილ მსახიობს, მარიკუნა გავაშელიას, “ტკბილ 90-იანებში”* მაკლერობით შემოჰქონდა ოჯახში ფული. ისიც იშვიათად, იმიტომ, რომ სამაკლერო იმ დროს ბევრი არაფერი იყო: ბინებს უფრო ხშირად უბრალოდ კეტავდნენ და უკანმოუხედავად გარბოდნენ. ზოგი უცხოეთს აფარებდა თავს, ზოგიც – სოფელს. ვისაც ერთის საშუალება არ ჰქონდა და მეორე არ გააჩნდა, ისინი ყველაზე საწყლები იყვნენ. ხერხემალზე ჭიპაკრულ ხელმოკლე მოსახლეობას შიოდა და ღარიბულად ეცვა. იყო იშვიათი გამონაკლისები, მაგრამ ისინი იმდენად იშვიათი იყო, სათვალავშიაც არ მიიღებოდა.
– გაიგე, გოგო? – აშკარად დაყენებული ზუზუნით ურეკავდა მარიკუნას კორპუსის მეზობელი, ზოდიაქოთი ისტერიკული ქალწული იდა ზუევა გვერდითა სადარბაზოდან. – ლიმონაშვილი სამსართულიან დაჩას უშენებს ტურმე გუმანიტარული დახმარებიტ ტავის ბოზ ხატუტას! ჯერ პერლამუტრი მანკანაო! ჩაცმა-დახურვა ხომ არ დაუკლია, ეხლა კიდევ ბასეინიანი სახლიო. მალე ალბათ ვერტალიოტსაც უყიდის!..
– შვეულმფრენი ქვია მაგას ქართულად, იდა…
– შემეშვი ერტი მაგ შენი კარტულიტ!.. გმერტო, რატო არ გამაჩინე სადმე მაგადასკარში?!
– მადაგასკარი ქვია მაგას სინამდვილეში, გოგო! – ისევ უსწორებდა მარიკუნა.
– ნუ შემჩამე-მეტკი! გამომიხვედი შენც ვიგაც ულტრა-პატრიოტი! რა მნიშვნელობა აკვს, ისე… ოგონდ აკ არ… ოხ, მამაჩემო! შენ რა გიტხარი!
– ვლადიმერ ბიძია რაღა შუაშია, იდა? – ვერ წვდებოდა იდას რუს-ქართულა ძენის სიღრმეს მარიკუნა.
– ამხელა კაცს, ჩკუა რო არ გეკნება ტავში… გავეჩინე სადმე ლენინგრადში, ხიდებთან… არისტოკრატ ხალხს გავიცნობდი… რო მიაჩიჩინდა საცოდავ დედაჩემს… გეგონება სხვა კალი არ არსებობდა ესესერში*! რა იციან ხოლმე ამ რუსებმა… ტიტკოს რუსი გოგოს მოკვანა ცოდვა იკოს… პირიკიტ გამიგია – კარტველებს რუსები მოკავდატ ოპტომ ადრე… ეს მამაჩემი რამ გააგიჟა, არ ვიცი! ხოდა, იკოს ეხლა იმ უსახლკაროტა სახლში… ბებრების ტავი მე არ მაკ… დაბანე-გამოცმინდე დგეში ოთხჯერ… ვიგაც სლუჟანკა ვგავარ?..
– აბა, გოგო… – მაშინვე ეთანხმებოდა მარიკუნაც და ფანტაზიებში ელისეს მინდვრებში დაჭენაობდა.
– სად ვიკავი? სულ დამაბნიე… ჰო… ლიმონაშვილი-მეტკი!
– კღეტინია ეგ შენი ლიმონაშვილი! – მექანიკურად და აშკარად ფრანგული აქცენტით ამბობდა მარიკუნა და ბოღმისგან სივდებოდა. – ჯეღ ღა გვაღი აქვს… ეგეთი გვაღი ღომ მქონდეს, ეგღევე თავს მოვიკლავდი…
– რა ღ-ები აგიტკდა, მარიკუნა? – ძლივს გამოთქვამდა ღ ასოს იდა. – ვერ ვიტან მაგ ასოს… ვიღაც ტურკი ხომ არ ხარ?.. ჩემი ნება რომ იკოს, საერტოდ ამოვიგებდი ღ ასოს კარტული ანბანიდან*…
– რა თურქი, იდა?.. მეშვიდე თაობის ვაკელი* ვარ… კი იცი ეს, შენ, კარგად… უბრალოდ, ახლა აქ ვართ…
– ო, ბოჟე! ნუ უმატებ, მარი!
– კარგი რა, იდა… ერთადერთი შვილი დავიფიცო?
– ნუ, რა ვიცი… მეშვიდე ტაობა – რა ამბავია?.. ხოხობი* ხომ არ ხარ?
– ხოხობი კი არა, ნუ აფრენ რა! ლიმონაშვილმა კიდევ, იმის მაგივრად ცოლ-შვილს მიხედოს.. საცოდავი დოდოჩკა… წარმომიდგენია, რას გავს მის ხელში…
– ცოლ-შვილსო?.. ტიტკოს მაგატ აკლებდეს რამეს!.. გულზე ხელი დაიდე, მარგო, ბოლოს ციტელი იკრა როდის ჩამე?
– ხიზილალა, იდა…
– კარგი რა, მარიკუნა… რა უბედურებაა ამდენი კარტული…
– ეჰ…
– შენ იოხრე, და ლიმონაშვილებს კიდევ, სავსე სამლიტრიანიტ უდევტ მაცივარში…
– რა, გოგო?
– იკრა! ტან ორი ბანკა… უპროსი ბიჩი უოშინგტონში კავს სასცავლებლად გაშვებული… უმცროსი – გაკანებული მხედრიონელია*.

1 2 3 4 5 6 7