***
სამშობლოში დაბრუნებულ ელენა ფაღავას აეროპორტის მოსაცდელში წითელი ყვავილების თაიგულებით მდგომი ვაჟი, რძალი და შვილიშვილი ერთნაირად მუქი ფერის ტანსაცმელში გამოწყობილები რომ დახვდნენ, ელენას გაეფიქრა, რომ დამხვდურთა სამოსის სიმუქე მისი გარდაცვლილი მეუღლის ხსოვნისა და პატივისცემის ნიშანი იყო, მაგრამ რომ მიმოიხედა, გული კიდევ უფრო მარცხნივ გადაუქანდა: აეროპორტის მოსაცდელში ყველას შავები ეცვა და ყველა ნაღვლიანად იმზირებოდა. თან ამ ყველაფერს ისიც დაერთო, რომ ელენამ ამ დროს შორიახლოს მდგომი, შავკაბიანი ჟურნალისტი გოგონას მოღაღადე ხმით დასმული კითხვაც გაიგონა:
– მისტერ ფრანჩესკო*, რა შთაბეჭდილებებით ემშვიდობებით თბილის-ქალაქს? – გოგონა გასამგზავრებლად მზადმყოფი ცნობილი იტალიელი ფეხბურთელისგან იღებდა ინტერვიუს.
მისტერ ფრანჩესკომ პასუხად ლუდის განახევრებული ბოთლი მიიყუდა, ბოლომდე ჩაცალა, გოგონა ამღვრეული მზერით ჩაათვალიერა და რაღაცნაირად, თითქოსდა განზე და ყველას გასაგონად, დამტვრეული ინგლისურით იკითხა:
– საინტერესოა, ვინ მოგიკვდათ ეგეთი?
ამის გაგონებაზე ელენას თითქოს გულზე მოეშვა, ეშმაკურადაც აპრიხა ცალი წარბი და ერთბაშად ამსუბუქებულმა თავისიანები რიგრიგობით ჩაკოცნა.
აეროპორტის მოსაცდელში ხმაური იდგა. ცხვირში მოლაპარაკე ინფორმატორი ჩამოფრენილი თუ ასაფრენი რეისის შესახებ გაბეზრებული ხმით აცხადებდა და ელენასაც ნაცნობი ინტონაციის გაგონებაზე უცნაურად დაჰბურძგლა.
– ნუ, რა საოცრებაა… ხმა სულ არ შეცვლია! – წამოსცდა გაკვირვებით და ვაჟს ახედა.
ვაჟმა დედას პასუხად მხიარულად დაუქნია თავი და თვალები სასაცილოდ დააელამა. ელენამ ისევ ღიმილით აპრიხა ცალი წარბი, მერე რძალს მიუტრიალდა, ხმაურით გადაკოცნა და თვალებში ჩააცქერდა.
– რამდენი ხანი გასულა, შვილი… რამდენი…
ტატო ძალიან გაზრდილიყო და წვერის პარსვის სადღაც მეოთხე წელიწადში იქნებოდა. ვაჟი და რძალი ძველებურად მხნედ კი გამოიყურებოდნენ, თუმცა გასულ ათწლეულს მაინც დაემჩნია თავისებური დაღი მათი სახეებისთვის: როგორც ერთი ასაკის ცოლ-ქმარს თანაცხოვრების სადღაც ოცი წლის თავზე ემართება ხოლმე, რძალი მეუღლეზე კაი ათი წლით უფროსს ჰგავდა.
ცოტა ხნის შემდეგ, სტაფილოსფერ მანქანაში მჯდომ ელენას რიგრიგობით მიჰქონდა ცხვირთან წითელი თაიგულები და ჩაწეული ფანჯრიდან ქალაქის შემოგარენის ბინძურ ხედებს გასცქეროდა.
– ყველაფერი ისევ ისეთი ჩანს.. – ამოილაპარაკა ელენამ ქალაქში შესვლისას.
– როგორი – ისევ ისეთი? – ღიმილით შემოხედა სარკიდან ვაჟმა.
– ძალიან კარგად იცი, როგორიც.. – დაუბრუნა ელენამ სარკეშივე პასუხი, თუმცა იქვე მიხვდა, რომ უკმეხად გამოუვიდა და ნათქვამის გამოსწორებას შეეცადა: – მაგ ულვაშებში სულ საცოდავ მამაშენს გავხარ, ერეკლე.. – და თამამადაც გაუსწორა ვაჟს სარკეში მზერა.
ერეკლემ პასუხად ამაყად აიპრიხა მარჯვენა ულვაში და ოთხჯერ დაასიგნალა.
– ჩემი აზრით, დ’არტანიანს უფრო გავს… ოღონდ, ოცი წლის შემდეგ… – თქვა ტატომ და ბებიას თვალი ჩაუკრა.
მანქანაში ხითხითი ატყდა.
რძალმა დედამთილს ფართოდ, მაგრამ ძალიან ყალბად გაუღიმა და ელენაც მაშინვე მიხვდა, რომ რძალს ღიმილთან ერთად, კბილებიც ხელოვნური ჰქონდა.

1 2 3 4 5 6 7