***
ბებია-ბაბუამ ქვეყანა რომ დატოვა, მაშინ ტატო ათის იყო და სკოლის მოწაფეს ამ ცხოვრებისა ბევრი არაფერი გაეგებოდა. დედას ის ბავშვობიდან მკაცრად ხელჩაკიდებული დაყავდა ქართულ ცეკვაზე და როგორც ანსამბლის ხელმძღვანელი სერგი მარიკუნას ყოველ ჯერზე არწმუნებდა – ტატოს შესაშური ქორეოგრაფიული მონაცემები ჰქონდა.
სადღაც თოთხმეტ წლამდე, ვიდრე წვერს პირველად გაიპარსავდა და სკოლის ტუალეტში “BY”-იან “ვაისროის”* ხველებით მოწევდა, ტატო მხოლოდ გემის კაპიტნობაზე ოცნებობდა და ჟიულ ვერნის, მაინ რიდის, დანიელ დეფოსა და მსგავსების სათავგადასავლო სამყაროში ყელამდე ჩაძირულს, დასაღუპად განწირული სამშობლოსთვის თავის ოცნებებსა და წარმოსახვებში საკუთარი კუნძულიც ჰქონდა აღმოჩენილი. ეს, უპირველეს ყოვლისა, იმ უზარმაზარი გეოგრაფიული რუკის ბრალი იყო, რომელიც ტატოს მამამ ერთ-ერთ დაბადების დღეზე აჩუქა. ზეპირად შესწავლილი რუკა ტატოს საძინებელში საწოლის თავზე ჰქონდა გაკრული და ზედ, შავი კალმით, თავისი ოცნების კუნძულიც კი დაეტანა წერტილად.
მისი ოცნების კუნძულს იავეკუა* ერქვა. იქ ხარობდა აუარება ბანანი, ქოქოსი, ანანასი, პაპაია, მანგო, კივი და როგორც წესი, პაპანაქება სიცხე იდგა. ტატოს წარმოსახვებში, ყველა იქაურს თუ არაიქაურს: ქალს, კაცს, მოხუცსა და ბავშვს – ფეხზე თეთრი ბოტასი ეცვა. თეთრი ბოტასი იყო ამ კუნძულის ბორდოსფერ დროშაზეც გამოსახული და იქ მოხვედრის ყველა მსურველს, აუცილებლად თეთრი ბოტასი უნდა ცმოდა. მის გარეშე, იქაური კანონების თანახმად, კუნძულზე არავინ დაიშვებოდა.
ტატოს წარმოდგენებში, იავეკუა სადღაც ფიჯისა და ტონგას მახლობლად მდებარეობდა. იქ ხალხი მეტად მცირე რაოდენობით სახლობდა: მეტწილად ტატოს ნაცნობები, უფრო კი ისეთი ნაცნობები, რომელთა მიმართაც, სიფხიზლისას, ანუ თბილისურ რეალობაში, ტატო დიდი სიმპათიით იყო განწყობილი. ეს უპირველეს ყოვლისა მამა იყო. ტატო ბავშვობიდან ირეოდა ირაკლიზე, ყოველთვის ხმამაღლა ცმუკავდა მისი სახლში არყოფნისას, კედლებზე კალმით მამამისის სახელს ჩხაპნიდა და ამით გვარიანად უშლიდა ხოლმე ნერვებს ისედაც მწვავედ დანერვოზებულ დედას. იავეკუაზე, ტატოს წარმოსახვებში, ყველა უსმენდა “ბიტლზებს”, “ზეპელინებს”, ბობ მარლისა და U-2-ს, და მეზობელ კუნძულელთაგან განსხვავებით საუბრობდნენ მხოლოდ ფეხბურთსა და კაი წიგნებზე. თავად ტატო იქ კუნძულების იალქნიანი ხომალდის თეთრბოტასებიანი მეთაური გახლდათ და მის ხრინწიან ბრძანებებს ასევე თეთრბოტასებიანი მეზღვაურები უსიტყვოდ ასრულებდნენ. იავეკუას გარშემო ლამის მარადიულ ზღვაოსნობაში მყოფ ტატოსაც, ამ ბრძანებების გადამკიდე და რომის ყოველდღიური სმისგან, თავის ოცნებებში ხმა აუტანლად ჩახლეჩვოდა. ზღვის ხმაურს ზედ თოლიების ჭყივილი ერთვოდა და გემბანზე ამაყად მდგომ ტატოს თმა-წვერს სამხრეთის თბილი ქარი უწეწავდა. იავეკუაზე სამაგალითო მშვიდობა სუფევდა. სადღაც ფეხბურთის მატჩის დაწყების მოლოდინში გუგუნებდა კოხტა სტადიონი. ხალხი წიგნებს კითხულობდა. ყველაფერი რიგზე იყო. ქალი ქალს ჰგავდა და კაცი – კაცს.
დილაადრიან კი, უკვე საკუთარ სახლში ბედნიერი ღიმილით გამოღვიძებულ ტატოს, ცოტა ხანს თავი მაინც იალქნიანი ხომალდის კაიუტაში ეგონა და ფანჯრიდან დილის ზღვის ხმაურის მოსმენას ცდილობდა, მაგრამ არაფერი გამოსდიოდა, რადგან გარეთ ერთი უსახური, თბილისური დილა იდგა, ეზოდან ვიღაც წირპლიანის ხრინწიანი ძახილი: – “ვიბარებ რადიატორეეეებს! ფასი შეთანხმებიიით!”, ანდა “თეთრი ძროხის მაწონი, მააწონიეე!”, უფრო ხშირად კი სროლის ხმა და მრავალსართულიანი გინება ტატოს უგემურ ხასიათზე აყენებდა და მაშინვე აფხიზლებდა.
კიდევ კაი ხანს იწვა ხოლმე ტატო საწოლში და ცდილობდა გამოეთვალა, თუ რამდენის იქნებოდა ახალი საუკუნის დამდეგს. ციფრი ცხრამეტი აფრთხობდა, თან კი უჩვეულო სიამაყით აღავსებდა. მის წარმოდგენებში, ეს ის ასაკი იყო, რომელიც თავისუფლად მისცემდა საშუალებას, რომელიმე გემზე უმცროს მეზღვაურად, ან სულაც უბრალო იუნგად მოწყობილიყო და ტასმანიასა და მალვინის კუნძულებს, ანაც ვანუატუსა და ჩილეს ნაპირებს, თუნდაც ბალეარსა და ბერმუდას შორის უთავბოლოდ ეცურა. ან ბოლოს და ბოლოს, სულაც იქითკენ გაეწია, საითაც თავისი ოცნების კუნძული ეგულებოდა და საკუთარი თვალით ენახა იავეკუა.

1 2 3 4 5 6 7