– რა ბედნიერებაა, თედო, რა ბედნიერებაა! – სიხარულით ჭყლოპინებდა ელენა და სამშობლოში დარჩენილი ვაჟი ახსენდებოდა. – წამოსულიყო, ხომ შეეძლო, რომ შეჯდა ვირზე და აღარ ინება არაფერი.. ხომ იქნებოდა წესიერად და კარგად?.. ჰა, თედო?.. რატომ არ დაგვიჯერა, ჰა, რატომ?
– კაი ახლა… – ამშვიდებდა ელენას მეუღლე, ლოყაზე კოცნიდა და მხარზე ხელს ხვევდა.
– კაი ახლა კი არა – ამოგეღო შენც ხმა! რატომ არ უთხარი არაფერი? რატომ?
– შენიშვნა როგორ მიმეცა სრულწლოვანი ადამიანისთვის?
– ერთადერთი შვილია ის ჩვენი… ხომ არ დაგავიწყდა?
– მით უმეტეს!.. ოცდათხუთმეტი წლის მამაკაცი თვითონ უნდა იყოს თავისი აწმყოს გამგე და უსტაბაში…
თედო ფაღავას კონფლიქტების ბევრი არაფერი გაეგებოდა და მარად მშვიდი ღიმილით სახემომთბარი მამაკაცი, ყველაფერს, პირად თუ საზოგადო ცხოვრებაში მომხდარს, უზენაესის ნებას უკავშირებდა. მისი ეს პოზიცია გაცნობის დღიდან გვარიანად უშლიდა ნერვებს ელენას, მაგრამ სიბერის პირას ტბიან ქალაქში აღმოჩენილი იმასაც ხვდებოდა – მეუღლის ავტორიტეტი და თანამდებობა რომ არა, სხვებივით, თუნდაც საკუთარი ვაჟივით მშობლიურ ჯოჯოხეთში ჩარჩენა მოუწევდა და ამის წარმოდგენაზეც კი, ცივი ჟრუანტელი უვლიდა.
– საშინელი, უვიცი და ბინძური ხალხი! – ზიზღით იხსენებდა ელენა სამშობლოში დარჩენილ პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებს და მუნდშტუკში გაჩრილ თეთრ სიგარეტს უსაშველოდ ღრმა ნაფაზს ურტყამდა. – გომბიო და მდაბიო ერი!.. არაფრის ღირსები ეგენი არ არიან. დაუჭამიათ ერთმანეთი და ბოლომდე მოუსპიათ თავი!
მრავლისმნახველი თედო ფაღავასთვის კი, ეს შემოთავაზება სხვა არაფერი იყო, თუ არა დამსახურებული საჩუქარი, ანუ ერთგვარი პასუხი იმ პატიოსანი ცხოვრებისთვის, რითაც მას აქამდე მოეტანა თავი. ამიტომაც, ის შემოთავაზებულ წინადადებას უყოყმანოდ დათანხმდა. ბოლოს და ბოლოს, ცოლ-ქმარს 1989 წლის 9 აპრილის* ტრაგედია, თავისი სავალალო შედეგებითურთ, უკვე ეწვნია საკუთარ თავზე, და თან კაი ხნის წინ მოეტოვებინა უკან დიდი შინაგანი გადატრიალებების ასაკი. ისინი უკვე დინების ადამიანებს ჰგავდნენ და უცხო ქვეყნის ხელისუფალთა ამ კეთილშობილურ ჟესტს სიხარულით შეხვდნენ, მით უმეტეს, რომ თანამდებობის ჯამაგირი იძლეოდა საშუალებას, ელენა ფაღავას უბრალოდ ოჯახში ედიასახლისა, დღეში ორი კოლოფი ძვირადღირებული სიგარეტი მოეწია და სამშობლოში დარჩენილი ერთადერთი ვაჟისთვის მკაცრი და ლაკონური წერილები ეწერა.
წერილები სავსე იყო სიტყვებით “ხუნტა”, “უზურპაცია”, “მოროძიორსტვო”, “სერვიზი”, “სამშობლო”, “უზნეობა”, “როიალი”, “დემოკრატია”, “წნევა”, “ელექტორატი”, “სინდისი”, “ლუსტრაცია”, “მამული”, “ჭაღი” და მათ მანიფესტების ფორმა უფრო ჰქონდათ. კითხვა-ძახილის ნიშნებითა და ნაირ-ნაირი მოწოდებებით სავსე წერილებს ერეკლე ფაღავა საოჯახო ვახშმობისას ხმამაღლა უკითხავდა ცოლსა და შვილს, მაგრამ წაკითხულიდან ბევრს ვერავინ იგებდა.
– მა, ბებია გიჟია? – ჰკითხა ერთხელაც, მორიგი წერილის კითხვის დასრულებისას პატარა ტატომ მამას და პასუხად დედისგან კეფაში ბეჭდიანი ხელისგული მიიღო.
– შენ თეფშში ჩაიხედე, უზრდელო!
მამას არაფერი უთქვამს. უბრალოდ გაიღიმა, ულვაში აიპრიხა, წერილი გადაკეცა და უჯრაში შეინახა.
