– როდის, მაშინ? – ამბობდა ერეკლე და მარიკუნასაც ეს უნდოდა: გაზეპირებულივით უცებ ამოუტივტივებდა ხოლმე ერეკლეს გონებაში წარსულის იმ წლებს, რომელთათვისაც წესით და რიგით დროს სქელი ნისლი უნდა წაეფარებინა, თუმცა მარიკუნასთვის ყველაფერი გარდასული, მომხდარი და წარსულს ჩაბარებული, მაინც გუშინდელივით ადვილად გასახსენებელი იყო. – როგორ მეხვერწებოდა გურიკო კორტაველი, როგორ?.. ან ვახუტა ტყაბლაძე! რა ბიჭები! ორივე თვალწინ მიდგას… დედა, რა იდიოტკა ვარ.. სუფთა დებილი!.. ეს რა ვქენი მე კრეტინკამ?!.. ეს სად ჯოჯოხეთში მოვხვდი, სად?!
– სად აბა? – უგულოდ კითხულობდა ერეკლე და ამ კითხვით კიდევ ერთი დიდი ნაბიჯით შორდებოდა ოჯახსა და ცოლსაც. – სად და ამ ჯანდაბაში!!  – მოავლებდა მზერას საწოლ ოთახს მარიკუნა და თვალს აქერცლილ შპალერზე აჩერებდა. – რას დავემსგავსე, ნახე! ხელები რას მიგავს!.. ჩემი ლამაზი თითები… ფრჩხილები… შეხედე, რომ არ გაინტერესებს არაფერი!
აქ ერეკლე ნაცად ფანდს ხმარობდა: მარიკუნასკენ სწრაფად გადატრიალებული სათითაოდ უკოცნიდა ცოლს მომჩვარულ ძუძუსთავებს და მარიკუნაც თითქოს რამდენიმე წამით კი მიდიოდა სხვაგან – სიამოვნებით ნაბავდა თვალებს, მაგრამ ცოტა ხანში, უარესად გამოფხიზლებული ახალ ნიაღვარს აფრქვევდა თავზე მიცვალებულივით გულზე ხელებდაკრეფილ ქმარს.
– რა გვეშველება, ჰა, იკა?!.. შენ ტაქსაობ! ჯერ რამხელა სირცხვილია ჩვენი წრის ადამიანებისთვის… მერე კი, საკუთარ თავზე, ან ჩემზე, ბოლო-ბოლო შვილზე, იკა, წამით მაინც თუ ფიქრობ?! იკა, სად ვართ ეს?! აღარაფრის გრცხვენია?!.. ვისთან გაქვს საქმე! ვიღაც სუნიანი შოფრები და გაიძვერა ვაჭრუკანები!.. რატომ დავრჩით საქართველოში*, იკა? რა ქენი ეს, რა?! დაგვაგდე აქ და ხელის განძრევა შენ არ გინდა… ან რა მანქანა გყავს? შენ და ტაქსაობა, იკა?! ვინა, შეენ?! თევდორე ფაღავას ვაჟს ეგეთი ცხოვრება? და ვიღაც იზორიშვილებს, დღემდე რომ ვერ გაურკვევიათ, რომელია ცოლი და რომელი ქმარი, ეგეთი? და მე, იკა?! იკა, ხომ იცი მე ჩემი სამსახიობო კარიერა შენს ხუშტურებს გადავაყოლე! დაგადებდი და წავიდოდი!.. გგონია, ვერ ვიზამდი? დიახაც!.. ტატოსაც წავიყვანდი და გადავარჩენდი!.. მაგრამ შემეცოდე… მაინც მეგონა, რომ რაღაც კიდევ გქონდა მოფიქრებული!.. შენ ვეღარ ხედავ და მართლა ვიღუპებით, იკა… ეს ბინებიც აღარ იყიდება… არადა, ბინა ფართია! ფართი სიმდიდრეა!
– ჯამი ჭურჭელია… – გემრიელად იზმორებოდა ერეკლე.
– რა დროს ჯამია, იკა? არ მისმენ?
– სკოლა გამახსენდა უცებ…
– სკოლა კი არა, ფართი სულ უფრო ძვირდება, იკა! მერე რა, რომ დღეს ასეთ შავ დღეშია ქვეყანა. სამაგიეროდ მას უდიდესი პოტენციალი და პერსპექტივა აქვს. ბუნებრივი რესურსები, მინერალები, ფოლკლორი, მანდარინი! – ჩაურთავდა აქ მარიკუნა რომელიღაც პრიალა ყვითელი ჟურნალიდან ამოკითხულ, გაზეპირებულ ფრაზას.
– და მჟავე წყლები?
– რა მჟავე წყლები? – ცბებოდა მარიკუნა.
– მჟავე კიტრის წვენი აფართოვებს პახმელიაზე სისხლძარღვებს…
– ფუუჰ… თავი დამანებე რა! გული გინდა ამერიოს?.. ტატოც ამ ბოლო დროს სულ აცდენს ქართულ ცეკვას*… ვიღაც გრძელთმიან, იდიოტ-დეგენერატებთან ერთად ვხედავ სულ ფანჯრიდან! დგანან და სექტანტებივით ყურში ეჩურჩულებიან ერთმანეთს. რა აჩურჩულებთ, ჰა, იკა? გამოვაღებ თუ არა ფანჯარას, ამომხედავენ, მომესალმებიან თავის დაქნევით და მაშინვე ჩურჩულზე გადადიან…
– შენი ერიდებათ ალბათ… გაჭირვებაში გაზრდილი, წესიერი თაობაა მაინც…
– კარგი რა, იკა რა… მართლა კარგი რა! ვინ გინახავს გაჭირვებაში გაზრდილი და წესიერი?
– ვაჟა-ფშაველა* თუნდაც!
– უიმეე!.. თავი დამანებე რა!.. რა წაიღე ტვინი ამ ტყაპუჭიანი სოფლელებით!.. რა მოგწონს მაგათი? რაღაც ხეებიან და ბალახებიან ეზოში ბიდე და ღრმა ჭა?
საწოლიდან ოხვრით წამოზლაზნული ერეკლე ფაღავა ცოლს აღარაფერს პასუხობდა, უცებ იწესრიგებდა თავს და ისე გადიოდა სახლიდან, არც კი საუზმობდა.

1 2 3 4 5 6 7