მარიკუნა კიდევ უფრო მეტად სივდებოდა და როგორც წესი, ამ დროს ან შეშის ღუმელზე მდგარი ჩაიდანი იწყებდა დუღილს, ან კიდევ შუქი მოდიოდა და მარიკუნასაც ცხელ გულზე, მობოდიშების გარეშე უწევდა ყურმილის დაკიდება.
იმ პერიოდში, თბილის-ქალაქს ერთიანად შეუწყდა წყლის, გაზისა და დენის მიწოდება. ყველა დიდი თუ მცირე საწარმო გაჩერდა და ქუჩები დაცარიელდა. მარიკუნასაც სულ უფრო ხშირად უწევდა სახლში ტრიალი. დიასახლისობა ის ხელობა აღმოჩნდა, რომელსაც ის მსახიობობასა და მაკლერობაზე არანაკლებ დაეუფლა. ამის დასტურად ისიც კმაროდა, რომ მის ხელში მთელ ბინას საოცარი კრიალი გაუდიოდა და უკლებლივ ყველა სტუმარს, შემოსვლისას, ფეხზე გახდის სურვილს აღუძრავდა.
– არ დავინახო, ტატო, ტალახიანი ტუფლით შემოხვიდე სახლში!.. – უკიოდა მარიკუნა შვილს.
– ოოო!
– ო, კი არა, რისთვისაა ჩუსტი?
– კაი რა, დე, რა ჩუსტი? ვიღაც ბანძები ხომ არ ვართ?
– გაგაბანძებ ახლა მე შენ!..
ყველაფერთან ერთად, მკაცრ და კონსერვატიულ ოჯახში გაზრდილ მარიკუნა გავაშელიას ცხოვრებაზე მეტად პრაქტიკული და მიწიერი წარმოდგენა ჰქონდა. ფულიან, ბღენძ და ჩინოვნიკ მშობლებს მისთვის ბავშვობიდან ჩაეგონებინათ, რომ მისი შორეული და პირდაპირი წინაპარი ერთი ბანჯგვლიანი, უკუდო შიმპანზე იყო და მხოლოდ… მისთვის სამყაროს მხოლოდ მატერიალური მხარე იყო ხილული, ბეწოთიაც არ სჯეროდა ყოფიერებაში ჩამალული ძალებისა და სასწაულების, და როგორც “ჭეშმარიტი თბილისელი” გადამეტებულ ყურადღებას აქცევდა სახელს, წრეს, მანერებსა და ჩაცმულობას. ხოლო ერთადერთი საბედისწერო შეცდომა, რასაც თვლიდა, რომ ცხოვრებაში დაეშვა – ერეკლე ფაღავაზე გათხოვება იყო.
– მოუგროვებია ნაგავი და ირევს ტვინს!.. იმიტომ გვაქვს გადასარევად საქმე.. – იტყოდა ხოლმე წიგნის თაროების წმენდისას მარიკუნა და ქმრის მომცრო ბიბლიოთეკას მუდამ ამრეზით შესცქეროდა. – ოშო-მოშო, გურჯიევ-მურჯიევი, ბუდა-შმუდა, იოგა და მედიცირება… თუ ტ-ა ეს? სულ გაუგებრობას, ჯადოს და ეშმაკეულობას შეიძლება კითხულობდეს ადამიანი ?
ცოლ-ქმრული სიყვარულიც, ამ წლების გადამკიდე, იმდენად გაუფერულებულიყო, რომ ერეკლესა და მარიკუნას ბოლო ცხრა წელიწადი ძაღლი-კატასავით უწევდათ ცხოვრება.
ავი ბულტერიერის როლი ამ დუეტში მარიკუნასი იყო, ვისაც მეტწილად სახლის ყარაულობა და მიხედვა უწევდა. ერეკლე კი, ბოლოდროინდელი ცხოვრების ნირით მართლა ჰგავდა კატას – გვიანობას, სახლშიც ფეხაკრეფით შემოდიოდა და ზანტადაც იზმორებოდა. მერე უხმაუროდ იცვლიდა, არც კი ვახშმობდა და პირდაპირ საწოლში დურთავდა ხოლმე თავს. და მაინც, საწოლი ერთადერთი ადგილი იყო, სადაც ცოლ-ქმარი ყველაფერში იოლად უგებდა და ეთანხმებოდა ერთმანეთს. სადღაც გასაკვირიც იყო – მართლაც ზედმიწევნით ჰარმონიული ურთიერთობა საწოლში, ალიონისკენ მუდამ კინკლაობითა და მარიკუნას წრუწუნით რომ სრულდებოდა. ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, თითქოს ღამით, სიბნელეში, ერეკლე და მარიკუნა ერთმანეთს საერთოდ ვერ ხედავდნენ და თავიანთ წარმოსახვებში სულ სხვათა მკლავებში იყვნენ გამომწყვდეულნი.
– როდემდე, იკა? – ამ კითხვითა და გაბზარული ხმით იწყებდა მარიკუნა გავაშელია ბოლო ცხრა წლის განმავლობაში საკუთარ და ქმრის ყოველ დილას. ერეკლესაც თავის მომძინარების მეტი არაფერი დარჩენოდა. – აღარ მოიტანო შპროტი, თორემ გადავდგები ჭკუიდან!.. და მოიფიქრე რამე! მათხოვრებივით ვართ!.. აგერ, შეხედე იზორიშვილებს!.. არ გახსოვს, რას გავდნენ?.. ცოლი რომელი იყო და ქმარი, იმას ვერ გაარჩევდა კაციშვილი კომუნისტების დროს, ახლა კიდევ!.. – მწარე მუჯლუგუნის წაკვრაც იცოდა ამ დროს მარიკუნამ და ერეკლეც ვითომ მხოლოდ მაშინ ფხიზლდებოდა. ცოტა ხანს უთქმელად აჰყურებდა საწოლი ოთახის დაბზარულ ჭერს და ცდილობდა ცოლის ასე ნაცნობი შეგონებებისათვის არ ესმინა, მაგრამ მარიკუნას მჟღერი სოპრანო მაინც მუდამ დენივით დაუდიოდა სხეულში.
– შენები კიდევ ნამდვილი ღორები არიან და მეტი არაფერი!.. იმის მაგივრად, დაგვეხმარონ… რაში მჭირდება მე მაგათი წერილები!!
– კაი რა… რა წერილები? – უკვირდა ერეკლეს.
– ამას წარმოვიდგენდი? არა, ამას როგორ ვიფიქრებდი?.. მოიცა-მოიცა!.. შენ რა გგონია, მე მაშინ სხვანაირად არ შემეძლო?!

1 2 3 4 5 6 7