მცირე შესავალი: პოეზიის მკითხველი, როგორც პოეტი

 

„ინტერპრეტაცია ტექსტის მოთვინიერების მცდელობაა,“ – წერს სიუზენ ზონტაგი ესეში „ინტერპრეტაციის წინააღმდეგ“. მართლაც, ტექსტი მრავალმნიშვნელოვნებაა, მისი ინტერპრეტირებისას კი მხოლოდ ერთ მნიშვნელობას ვირჩევთ, მსჯელობის მხოლოდ ერთ შესაძლო ხაზს მივყვებით. ამიტომტექსტის არცთუ მცირე ნაწილი კრიტიკულ წერილშიც და სამეცნიერო სტატიაშიც ყოველთვის გვეკარგება.მერე ამ დანაკლისს სხვა ავსებს, მის დანაკლისს – კიდევ სხვა და ასე – დაუსრულებლად. ეს კითხვის უწყვეტი ჯაჭვია.

ყველაფერი კიდევ უფრო რთულდება, როცა საქმე ეხება პოეზიას. შესაძლებელია თუ არა პოეზიის „მოთვინიერება“? მით უმეტეს – თანამედროვე, კატაკლიზმებისა და კატაქრეზების ეპოქაში, რომელშიც ლექსი, თუ პოეტსა და ლიტერატურის მკვლევარს, ბრენდა ჰილმენს ვერწმუნებით, ჯერ კიდევ მოდერნიზმის მემკვიდრეობით სუნთქავს, კონვენციათა მსხვრევის მემკვიდრეობით? ბრენდა ჰილმენი საგულისხმო პასუხს სცემს ამ კითხვას – ლექსის პარაფრაზირება[1] შეუძლებელია, მაგრამ შესაძლებელია მისი აღწერა[2]. ჩემი ამოცანაც ამ წერილში სწორედ ეს იქნება: აღვწერო ლელა კურტანიძის პირველი პოეტური კრებული „მელატონინი“ (გამომცემლობა „ინტელექტი“, 2021 წელი).

ბარბარა გესტი, ამერიკელი პოეტი, მიიჩნევდა, რომ ლექსს „უხილავი არქიტექტურა აქვს, რომელიც მის ზედაპირს შეეხიდება და ლექსის წინსვლას ანელებს […] უხილავი არქიტექტურა იჭერს ლექსს და წამით არაცნობიერს მოსვენების საშუალებას აძლევს.“[3] გესტი ამგვარად ლექსის წერის პროცესს გვიხასიათებს და არა – მისი კითხვისას, მაგრამ განა ეს ორი აქტი ერთმანეთისაგან განსხვავდება?ედრიენ რიჩის აზრით, პოეზია არის „ელქტროიმპულსების გაცვლა-გამოცვლა ენის გავლით“. ამ იმპულსმა უნდა გაიაროს გზა პოეტის ნერვული სისტემიდან,სიტყვამდელი, ენამდელი ფენომენიდან, იმ ადამიანის ნერვულ სისტემამდე, რომელიც უსმენს ან კითხულობს ლექსს. ეს უკანასკნელილექსის შექმნის აქტიური მონაწილეა,უმისოდ ლექსი მუდამ დაუსრულებელი იქნებოდა.[4]

პოეზიის მკითხველი თავადაც პოეტია. ამიტომ თუ წერისას „მელატონინში“ შემავალ ლექსებს უხილავი არქიტექტურა ამაგრებდა, ამ საყრდენს კითხვისასაც შევიგრძნობთ. ის რამდენიმე კომპონენტისაგან შედგება: ავტორის ესთეტიკური პოზიცია (პოეზიისადმი დამოკიდებულება), მრავალაზრიანობა, ქალურის წარმოჩენა და მისი უნივერსალურად ქცევა.

 

სისავსე, სიცარიელე და ღიაობა

 

„მელატონინის“ ავტორისთვის პოეზია კენოზისია – თავი უნდა წარმოიცარიელო, რომ კვლავ აივსო:

„იფრენს, იფრენს და

ჩემთან დაბრუნდება ჩემი პოეზია,

სახეშეცვლილი და სრული,

მე გამოცლილი გულმკერდით შევეგებები.

და სხეულს სტრიქონებით ამოვივსებ

 

ამიტომ გავწირე თავი სიცარიელისთვის.“(„***ზოგჯერ მგონია“)

ეს წარმოცარიელება არც წმინდად ემოციური აქტია და არც წმინდად – გონებრივი, ის მართლაც ნერვული სისტემიდან წამოსული იმპულსია და ამ დიონისური ნაკადის ამოხეთქაში მართლაც სხეულის ყველა ნერვი მონაწილეობს:

„ნეკნები დაითვლება ყველა ჩემს ნაწერზე და სისხლის წვეთებად ამოიცნობთ

ყველა მარცვალს,

რომელიც მაშინაც კი მდის, როცა ყველაზე წითელი ღვინით

ყველაზე დასამახსოვრებელი თრობისთვის ვემზადები, […]“(„***არ გეძინება და აღმოაჩინე“)

სწორედ ამიტომ აღემატება ლექსი თავისი დამწერის პიროვნებას და სწორედ ამიტომ იბმება კავშირი ლექსსა და მკითხველს შორის. მკითხველისთვის კი საკუთარი თავისა და სისუსტეების შეცნობის ბიძგად იქცევა, ყოფას უმსუბუქებს, რადგან ყველა დარდსა და სიმძიმილს, ყველა ბრაზსა და შიშს თავის თავში მოიცავს. ასე იშლება საზღვრები და ინგრევა ჯებირები ადამიანებს შორის:

„ჩემი ლექსები კი ჩემზე მშვენიერია

და მისი მსუბუქ სტრიქონებში იტევს ყველა ტვირთს,

ხმალსა და აბჯარს

და ცისფერ არშიებად შემოევლება ყველა თქვენგანის წელს,

რათა ყველამ გადადოთ თქვენი ტვირთი

და ამოუშენებელ ღობეებში

ერთმანეთს დაუცველობა მივულოცოთ.“(„***ჩემი ლექსები ჩემზე მშვენიერია“)

რა შემთხვევაში მოახერხებს ლექსი ამას?

ლინ ჰეჯინიანი, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე რთულად წასაკითხი და გასაგები თანამედროვეამერიკელი პოეტი, წერს, რომ ტექსტი ორგვარი შეიძლება, იყოს: დახურული და ღია[5]. დახურული ტექსტის ყველა ელემენტი მიმართულია ერთადერთი შესაძლო წაკითხვისკენ, ხოლო ღია ტექსტის ელემენტები – მრავალი შესაძლო წაკითხვისკენ. იმის გათვალისწინებით, რომ ნებისმიერი ტექსტი ბევრნაირად შეგვიძლია, გავიგოთ, ჰეჯინიანის ეს მტკიცება ბუნდოვანი ჩანს, თუმცა, მეორე მხრივ, ინტერპრეტაციის გასაღები ისევ და ისევ ტექსტშია და ხშირად თუ ჩვენ მისი ცალსახად ახსნა  – არა, ცალსახად ამოცნობა მაინც შეგვიძლია. ღია ტექსტის შემთხვევაში კი ეს შეუძლებელია – არის ტექსტები, რომლებშიც ვერ გამოყოფ საკვანძო ადგილებს, არის ტექსტები, რომლებიც ჟანრის საზღვრებს ვერ ჰგუობს და არც ლიტერატურათმცოდნეობით კატეგორიებს ერგება. ასეთი ტექსტების კითხვა იმპროვიზაციაა – მის ხვეულებში მოძრაობ და არ იცი, არჩეული გზა საით მიგიყვანს. ჰეჯინიანის აზრით, ერთ-ერთი განმსაზღვრელი ლიტერატურული ხერხი ამგვარი ტექსტებისთვის არის გამეორება – როცა ელემენტი სხვადასხვა კონტექსტში მეორდება, მისი თავდაპირველი მნიშვნელობა ხელიდან გვისხლტება, ტექსტიც, შესაბამისად, ღია და მრავალაზრიანი ხდება.

„მელატონინში“ შემავალ ლექსებსა სწორედ ეს საერთო აქვს: განმეორებადი მოტივები და სახე-ხატები, რომლებიც ლექსიდან ლექსში დამოგზაურობს და აზრს იცვლის. „წელზე შემოვლებული ცისფერი არშია“ ზემოთ მოყვანილ ციტატაში ერთ-ერთი ასეთი სახე-ხატია.ის იქ იმ სიმსუბუქის სიმბოლოა, რომელიც პოეზიამ უნდა მოგვანიჭოს, თუმცასხვა ლექსში სრულიად სხვა დატვირთვა აქვს:

„ქარის კუდის ყოველ მოქნევაზე

მათრახისგან გადაიგრიხებით,

 

 


1ჩვენში აღრეულია ტერმინები: „პარაფრაზი“ და „პერიფრაზი“. სხვისი ნათქვამის ჩვენი სიტყვებით გადმოცემას „პარაფრაზირება“ (ინგლ. „Paraphrase“) ეწოდება, „პერიფრაზი“ (ინგლ. „Periphrasis“) კი რიტორიკული ხერხია(იხ. ვებსტერის ლექსიკონი).

2Brenda Hillman, Cracks in the Oracle Bone: Teaching Certain Contemporary Poems,https://www.poetryfoundation.org/articles/69568/cracks-in-the-oracle-bone-teaching-certain-contemporary-poems

3Barbara Guest, Invisible Architecture, https://www.poetryfoundation.org/articles/69475/invisible-architecture

4Adrienne Rich, Someone is Writing a Poem, https://www.poetryfoundation.org/articles/69530/someone-is-writing-a-poem

5Lyn Hejinian, The Rejection of Closure, https://www.poetryfoundation.org/articles/69401/the-rejection-of-closure

 

 

 

1 2 3 4 5