ქალური, როგორც უნივერსალური
თუმცა მთავარი,ესე იგი, ის, რასაც „მელატონინში“ შემავალი ლექსების უმრავლესობა გვაგრძნობინებს და ის, რაც ამიტომ ყველაზე რთულად აღსაწერი და მოსახელთებელია, ქალებს შორის სიყვარულის განცდაა. ლექსებში ეს განცდა რამდენიმეგვარად არის წარმოჩენილი. ზოგჯერ, მაგალითად, ცხადი და ეჭვშეუტანელია, მთელი ლექსის თემაა და ძირითადი ბირთვი:
„ჩემი გოგო ლესბი არ არის,
არც ლამაზია
და არც ზამთრისთვის შესაფერისი
სენტიმენტები აქვს.
ჩემი გოგო მაღიზიანებს
და მინდა ვკრა ხელი,
გაბრაზებულმა მივაძახო,
რატომ მოხვედი,
მე კარი განა ღია მაქვს,
უბრალოდ ის მინისაა.
ნაძვები მაინც ნაძვობენ
და მათზე დაფენილი თეთრი უკვდავება
არც გამოგონილია
და არც გამოსაგონი,
ის ისეთი ცივია,
როგორც ჩემი გოგოს თვალები,
როცა მიყვება თავის ბიჭზე.
მე კი ტაშს ვუკრავ.
ამ დროს მინდა დავაზიანო
მსოფლიოში არსებული
ყველა შენობა
და ვიწყებ საკუთარი თავით.“ („***ჩემი გოგო ლესბი არ არის“)
ზოგჯერ კიტექსტში სრულიად მოულოდნელად შემოდის და მასზე მხოლოდ ერთი დეტალი მიგვანიშნებს. ასეა, მაგალითად, ლექსში „***რამდენად მზად ხარ ახალი მიჯაჭვულობისთვის“, რომელიც, ზოგადად, ურთიერთობების სირთულეზეა და რომლის ადრესატის სქესსაც ერთადერთი სტრიქონი ააშკარავებს:
„სარაფნები ჩავანაცვლეთ ჯინსებით
და ერთმანეთის ხელები –
სიგარეტით, ყავით და კალმით.“
ხოლო ეს ადრესატი სიყვარულის ობიექტი რომ არის, ამას ლექსის დასასრულს ვიგებთ:
„თუმცა ჩემი ხელი
ყავის, კალმის და სიგარეტის ჩათვლით,
შენს ხელსაც დაიტევს.“
ზუსტად ასევეა ლექსებში: „***ვერ მოვზომავ, რა ვთქვა“, „***სულ გეჩხუბებოდი“ და „***მე“:
„გეხები ყელზე და ვფიქრობ,
თოვლის დედოფალი არც ისე ცივია.“ („***მე“)
მეორე მინიშნება, რომლითაც ჰომოეროტიკული ხაზი აშკარავდება, კვლავაც განმეორებადი სახე-ხატებია: ატამი, ფორთოხალი და მკერდი, რომელიც ჩამქრალ ვულკანს ედარება:
„ვიღიმი,
რადგან არ შეუძლია ქალს, არ გაიღიმოს,
როცა მამაკაცები უკვე
ორნაირ გრავიტაციას ემორჩილებიან –
მიწის და ქალის,
შენ კი საერთოდ არ ჰგავხარ მიწას,
რადგან შენი სამოსი ატმისფერია,
კანიც, […]“ („***კვირა დილები ჩემი არ არის“)
„შენი მკერდი კი
ჩამქრალი ვეზუვია, სადაც მწიფობენ ფორთოხლის არომატები.
გეხები ყელზე და ვფიქრობ,
თოვლის დედოფალი არც ისე ცივია,
არამედ სიყვარული კრისტალებში გადატყდა
და მისუსხავს თითებს.“ („***მე“)
ეს სახე-ხატები ერთგვარ ქსელს ქმნის, უხილავი ძაფით ნაქსოვს – ისინი მიგვანიშნებს ჰომოერიტიკული ხაზის არსებობაზე იმ ლექსებშიც, რომელთა ადრესატადაც ქალი დასახელებული არ არის:
„მე შემიძლია ამოგკრიფო ყველა გათელილი ბალახიდან
და გადამსკდარი ატმის ბუსუსებზე შენი თმის ბოლოები გამახსენდეს.
ყველგან ხარ, […]“ („***არ გეძინება და აღმოაჩინე“)
„არ მცალია,
რომ ვუყურო შენს აღზევებას,
არამედ
გზას გითავისუფლებ
ჩემი სიმცირისგან,
საიდანაც ამოიზარდე.
მირჩევნია, გავიდე ბაღში,
სადაც ახლა ატმები ყვავიან
და აელვებულ ფურცლებზე
დავანთო დავიწყების ცეცხლი.“ („***არ მცალია“)
„გამეცალე,
გაიწიე და შემხედე შორიდან,
როგორ გადმომდის ლავა
და მაინც როგორ ზეიმობენ
ჩემს ფერდობებზე მსხმოიარე ფორთოხლის ხეები.
ვერ გადავურჩი ატმების გამოძახილს,
ვერც არომატებში გავიკვლიე
სასიყვარულო გზები, […]
არ მომეკარო
ჩვენს სიყვარულზე ახლოს, […]
მე ვარ მიწა,
მე ვარ გეა,
ფორთოხლებდაუტევნელი.“ („***გამეცალე“)
როგორც ხედავთ, ამ უკანასკნელ ციტატაში სახე-ხატებმა აღსანიშნი შეიცვალა: ისინი არა ლექსის ადრესატს, არამედ ლირიკულ გმირს მიემართება. კრებულში არის ორი ლექსი, რომლებშიც ეს სახე-ხატები კვლავ ადრესატის აღმნიშვნელებია, მაგრამ ადრესატი კაცია:
„ჩემმა კაცმა მიმატოვა, […]
წავიდა და ყველა ნაბიჯი
ღრმა ნაკვალევად დაეტყო ჰაერს,
რომელიც აღარ იყო გაჟღენთილი ფორთოხლის სუნით.“ („***ჩემმა კაცმა მიმატოვა“)
„მოვედი,
დაღლილი სხეული შემოვიტანე
შენს კარებში
და დავდე შენს მკერდზე,
რომელიც ვეზუვივით ჩამქრალიყო. […]
და შენ ყოველი შემოხედვისას
შენი კანის ნაცვლად დაინახავ ქალს,
რომელსაც უნდოდა სიზმრები ლაპლანდიაზე […]
და შენი შვილით გავსება სხეულის.“ („***მოვედი“)
როგორ შეიძლება, წავიკითხოთ ტექსტების ამგვარი ღიაობა, სახე-ხატების ამგვარი მრავალაზრიანობა?
საუკუნეთა განმავლობაში ლიტერატურაში უნივერსალურად და ზოგადადამიანურად მიიჩნეოდა ის, რაც მამაკაცური იყო: გამოცდილებაც, ამბავიც, თხრობის ხერხებიც და ენაც. ამ ლექსებში კი ქალურსა და მამაკაცურს შორის ზღვარი წაშლილია, თუმცა არა იმით, რომ ქალური გამოცდილება მამაკაცური ხერხებითა და ენით აღიწერება, როგორც წინათ, ქალი მთლიანად რომ იყო გამქრალი და განზავებული მამაკაცურში, მთლიანად ისე რომ წარმოჩინდებოდა, როგორც კულტურა აღიქვამდა და არა ისე – როგორიც სინამდვილეშია; არა, აქ ყველაფერი პირიქითაა: ქალური სახე-ხატები მიემართებამამაკაცსაც ანუ მამაკაცური განზავდება ქალურში – ქალური იქცევა უ ნ ი ვ ე რ ს ა ლ უ რ ა დ.