ემოციის დაფიქსირება

 

ბრენდა ჰილმენის აზრით, პოეზია არის „გაცნობიერება იმისა, როგორი კონკრეტული და უნიკალურია ყველაფერი, განსაკუთრებით იმ წამს, როცა დროში შეკუმშულ, უეცრად გაელვებულ ფიქრს მოიხელთებ.“ „მელატონინში“ შემავალი ყველა ლექსი სწორედ კონკრეტულისა და უნიკალურის გადმოცემაა, იმის გასიტყვება, რაც ყველას გამოგვიცდია, მაგრამ ვერ მოგვიხელთებია – არ დავკვირვებივართ ან შეგვეშინდა მოხელთების, ამოთქმის. მხოლოდ ერთ მაგალითს მოვიყვან:

„მე აღარ ვაქცევ ყურადღებას

ჩვენს სიშორეს,

რადგან მატარებელი ღამეში მიქრის,

შენ კი ჩემს სხეულებრივ ღამეებს იკვლევ.

ასეთი რომანტიკული ღამე

მატარებელში უნდა გქონდეს,

რადგან მოძრაობამ მაინც გადაგარჩინოს

საკუთარი სხეულის უფსკრულებისგან,

მხოლოდ ინერციით თუ მიაღწევ

მეორე ნაპირს,

როცა გზა აღარ არის. („***ჩემი აზრით“)

რა არის ამ ლექსში? მარტოობა, დაბნეულობა, მათი დაძლევის მცდელობა საკუთარი სხეულის დათმობით, სხვისთვის გაყოფით („მე ფრიგიდული ვიქნები და/ შევასრულებ მხოლოდ მოვალეობებს/ მოგეცემი.“) და ამ სხეულებისა და მატარებლის სინქრონული მოძრაობა, უმიზნო, უგზოო, თავისთავადი…

და ეს გამოცდილება, კონკრეტული და უნიკალური, მუდამ მარჯვედ მიგნებული სახე-ხატებით აღიწერება:

„ორთქლი ასდის მთებს,

აქ ჩემს სიზმრებს ხარშავენ,

რომლის შინაარსი მოთეთრო და ფაფუკია.“ („***ვერ ვარ ენდორფინით სავსე ქალი“)

 

„აღარაფერი დამრჩა აღსარებაზე სათქმელი, ღმერთო,

რადგან ჩემმა წუხილმა

სიტყვების ჯუნგლები ვერ გაკაფა.

უკანაც თვითონ მოვისროლე სავარცხელი.“ („***ეს გზა ტაძრამდე მიმიყვანს?“)

ეზრა პაუნდი წერდა, რომ სახე-ხატები „დროის ერთ მონაკვეთში მოცემულ ინტელექტუალურ და ემოციურ კომპლექსს წარმოადგენს […] ეს იმგვარი კომპლექსია, რომელიც გათავისუფლების უეცარ განცდას გვანიჭებს, შეგრძნებას, რომ დროისა და სივრცის საზღვრები აღარ გვზღუდავს.“[6] ეს განთავისუფლების განცდა „მელატონინის“ კითხვისას განსაკუთრებით უკანასკნელ სტრიქონებს მოაქვს – ბოლო ტაეპები ფინალური აკორდია, რომელსაც მთელი ლექსის განწყობილება უმაღლეს ემოციურ წერტილში აჰყავს.და ეს თვისებაც კრებულის ყველა ლექსს ახასიათებს.

ეზრა პაუნდი იქვე სიმბოლოზეც მსჯელობს და აღნიშნავს, პოეტმა სიმბოლო ისე უნდა გამოიყენოს, რომ მათთვისაც გასაგები გახადოს, ვისაც ამ სიმბოლოს მნიშვნელობა საერთოდ არ ესმის და ვისთვისაც, მაგალითად, შევარდენი მხოლოდ შევარდენიაო.მართლაც, ძნელი სათქმელია, რა ხდება ამ ლექსში, რომლითაც იწყება კრებული:

„მე მელატონინის უდაბნოში დავბორიალებ

ცხელ ქვიშაზე

და ლურჯი ბლანტი ქარი

მეხება სახეზე,

ეს აკვანია

და იმ აკაციების სურნელი,

გადმოღვრილი ძმრის ნაცვლად.“ („***მე მელატონინის უდაბნოში დავბორიალებ“)

მაგრამ რაც ხდება, საოცრად ლამაზი, მუსიკალური და ახლობელია.

 

 

დასკვნა – ბოლო „ათვლის წერტილი“

 

ეზრა პაუნდს მიაჩნდა, კრიტიკა აკრძალვების ნუსხა არ უნდა იყოს, მან მხოლოდ ათვლის წერტილი უნდა მოგვინიშნოსო. მეც ვეცადე, ამ წერილში მხოლოდ „ათვლის წერტილები“ მომენიშნა და ახლა სწორედ ბოლო მათგანს მივადექით: რატომ „მელატონინი“?

არ ვუპასუხებ ამ კითხვას, მხოლოდ სხვას დავსვამ: პოეზია სიფხიზლის მდგომარეობაა? თუ – ძილის, როცა ცნობიერება ითიშება, შეგრძნებები და განცდები კი არ ისვენებს, როცა არაცნობიერიდან მთელი ძალით ამოხეთქავს რაღაც საზარელი და მშვენიერი?

არც ამ კითხვებს ვუპასუხებ, რადგან ის, რაც პოეზიაში პოეტურია, მუდამ უთქმელი დარჩება, მუდამ თავისთვის დარჩება მკითხველს.

მე არ მინდოდა ამ წერილის დაწერა, რათა არ დამეფანტა ყველაფერი, რაც კი „მელატონინმა“ დამიტოვა; მაგრამ მხოლოდ ახლა, წერილის დასასრულს, ვხვდები, სინამდვილეში

რამდენი

რამ

დამრჩენია

ჩემთვის…

 

 


6Ezra Pound, “A Retrospect” and “A Few Don’ts”, https://www.poetryfoundation.org/articles/69409/a-retrospect-and-a-few-donts

 

 

 

 

1 2 3 4 5