თქვენს სუსტ წელზე ცისფერ სარტყელს

 

არავინ შემოავლებს.“ („***დედამიწას გამოეზარდნენ ადამიანები“; ხაზი ყველგან ჩემია – ნ.ა.)

აქ ის არარსებულ საფარველს, არარსებულ საყრდენს აღნიშნავს.სხვაგან კი მისტიკური ატრიბუტიამეტროს მფარველი სულისა, რომელიც თან წარმოსახვითია და თან ნამდვილი, მიწისქვეშა სამყაროსაცოცხლებს და იქ მყოფთ იფარავს:

„მე ფერადი გოგონა ვარ –

წითელი წელს ზემოთ,

წელს ქვემოთ კი კაშკაშა ყვითელი ვარ,

 

 

ცისფერი ლენტით მაქვს შეკრული წელი,

 

ჩემი თვალები კი გამჭვირვალეა,

მე ვიცავ ფეხზე მდგომ მგზავრებს,

მე მათ ხელებს ძალას ვაძლევ,

კარგად მოეჭიდონ სახელურებს,

ერთმანეთს

და მიჰყვნენ სიჩქარის დინებას, […]“ („***წარმოვიდგინე“)

ასეთივე განმეორებადი და ცვალებადაზრიანი სახე-ხატებია: ჰამაკში რწევა („***ეს ტკივილი ღირდა“, „ვიღაცას ვძულვარ“), კედლისკენ შებრუნება („***მოდით და გადამარჩინეთ“, „***ყოველთვის, როცა ვბრაზობ“), ცივი და თეთრი სხეული/კანი („***როგორ გინდა თქვა, რომ“, „ყველა ჩემი განცდა ლეგიტიმურია“, „***ცარიელი ქუჩები ყოველთვის მეუბნებიან“), პური („***პური მშია“, „***რეალობას ყუა წავატეხე და მოგაწოდე“), ხელი მხარზე, რომელიც ერთ ლექსში თანადგომის გამომხატველი ჟესტია („***რამდენად მზად ხარ“), მეორეში კი -პირიქით, ცხოვრებისეული სირთულის მეტაფორა („***ჰეი“).

მეტიც, სახე-ხატი ზოგან ერთსა და იმავე ლექსში მეორდება და ძნელი სათქმელია, კონკრეტულად რას აღნიშნავს:

„მიირთვი სველი სარეცხიდან ადენილი ოხშივარი,

ჩემი თვალებიდან ამოკითხული გამოსათხოვარი,

სიჩუმეს მაინც ორივე ერთნაირად ვღეჭავთ,

ჩვენი სისველეც ერთდორულად განილევა,

როგორც ფანჯრიდან შემოსული თოვლის შუქი,

რომელიც ზამთრის გარდაუვალობას ლუკმასავით გვიღეჭავს

და გადაყლაპვას გვიიოლებს.“ („***რეალობას ყუა წავატეხე და მოგაწოდე“)

აქ სტრიქონი „ჩვენი სისველეც ერთდროულად განილევა“ ეროტიკული ქვეტექსტით უნდა წავიკითხოთ? მაგრამ რატომ უნდა წავიკითხოთ ეროტიკული ქვეტექსტით – აკი სარეცხიც სველია და გარეთაც თოვს? ან იქნებ ამ ლექსის უკეთ აღსაქმელად სხვა ლექსს უნდა მივმართოთ, რომლის ლირიკული გმირიც ასევე ქალია, რომელშიც ასევე ზამთარია დაასევე სველი სარეცხის გაფენით იწყება ყველაფერი? აქ სისველეს სრულიად სხვა მნიშვნელობა ენიჭება – ის იმას აღნიშნავს, რაც ქალში ქალურია და რასაც ცხოვრება თავისი უმოწყალო ერთფეროვნებით ანადგურებს:

„ამიტომაა ზამთრის დღეები

განსაკუთრებული,

ღამეებიც,

სარეცხი ნელა შრება,

შენ კი უსწრაფესად შრები

სამზარეულოს და საძინებელს

შორის,

 

რადგან ყველა სითხე

უსწრაფესად გამოდევნე,

სხეულებსაც ვეღარ თვლი,

ყავაც აღარ დაგილევია.“ („***ქალო“)

 

 

 

1 2 3 4 5