ქალური და მისი წინაღობები

 

მაინც რა არის ეს ქალური?

ეს არის კულტურამდელი, წესებამდელი ხანა, პირველსაწყისთან მიბრუნება, იმასთან, რაც ბუნებისმიერია და თავისუფალია ცივილიზაციის მარწუხებისგან. ეს მდგომარეობა ლექსებში აღინიშნება ფრაზით „მე ვარ მიწა“ („***ნეტა რანაირი უნდა ვიყო“, „***გამეცალე“, „***აღარ რჩება ადგილი ძილისთვის“) და მითოლოგიურ ელფერსაც იძენს – „მე ვარ გეა“. ამ მდგომარეობაში ქალის სხეული სექსუალური ობიექტი როდია, ის სუბიექტია, ლაღი და თავისთავადი:

„რა უნდა ვქნა მე დღეს,

წელს ქვემოთ შიშველი ვარ

და ეს არ ნიშნავს ვნებიან ღამეს,

არც ფათერაკებს უსიერ ტყეში,

ეს იმას ნიშნავს, რომ მე ვარ მიწა,

მე ვარ კენტავრი,

მე ვარ ხნული,

და მე წელამდე ბალახებში ჩაკარგული

ლამაზი ქალი ვარ.“ („***ნეტა რანაირი უნდა ვიყო“)

ამ პირველსაწყისთან დაბრუნება კი რთული და მტკივნეულია, უპირველესად, საზოგადოებრივი ნორმებისა და ტაბუების გამო, ქალს საკუთარ სხეულთან რომ აუცხოვებს და ამ სხეულს სტანდარტს უწესებს:

„მერე გოგონებს

მენსტრუაცია დაგვეწყო

და ვმალავდით საკუთარ თავს,

ვსწავლობდით, როგორ დავმსგავსებოდით

კაცებს

ან ჟურნალის ყდებზე გამოსახულ

ქალებს, […]“ („***ჩემს საკლასო ოთახს“)

ინდივიდუალობას კლავს ქალში ისე, რომ ამაზე საუბრის საშუალებასაც ართმევს და ამას „კეთილი განზრახვით“ სჩადის:

„მხოლოდ კეთილისმყოფელი თუ გეტყვის:

მოიკალ თავი შენი! […]

ნუ დაიჩივლებ

კუთხეში დასასჯელად დგომაზე, […] („***მოდით და გადამარჩინეთ“)

 

„მე მასწავლეს, არ თქვაო,

შენი ადგილი იცოდეო.

შენი ლიმიტი იცოდეო. გოგო ხარო.“ („***მე მასწავლეს, არ თქვაო“)

საზოგადოების მოთხოვნები წინააღმდეგობრივია: ქალი აუცილებლად უნდა იყოს „წმინდანი“ (ლექსს „***მე მასწავლეს, არ თქვაო“ რომ დავესესხოთ), მაგრამ, ამავდროულად, სექსუალურიც უნდა იყოს. საზოგადოება მისგან ორი უკიდურესობის დატევას მოითხოვს, თუმცა თუ რომელიმე უკიდურესობისკენ მართლა გადადგა ნაბიჯი, გაკიცხავს და დაამუნათებს:

„მერე კიდე, უფრო დიდი გოგო რო გავიზარდე,

შემთხვევით გეგმაზე მეტი შემომესწავლა და

 

იმდენი კომუნიზმიც არ იყო,

გეგმის გადაჭარბებისთვის ჯილდო რო მოეცათ.

 

ჯილდო კი არა, ნგრევა იყო.

 

მერე ნძრევა.

 

ბოლოს კეთილების ტყვნა.

The end. “ („***მე მასწავლეს, არ თქვაო“)

სწორედ ამ წინააღმდეგობრიობისა და ფარისევლობის საპირწონედ ჩნდება ლექსებში ბასრი სუბვერსია, რომელიც ხშირად სკაბრეზითაა გამძაფრებული, როგორც ზემოთ მოხმობილ მონაკვეთში და როგორც, მაგალითად, აქ:

„მაინც რაღაცნაირია ფინჯან ყავასთან ერთად ფიქრი ადამიანობაზე,

როცა აღარ სვამ კითხვებს და არც

ეძებ პასუხებს.

უბრალოდ გინდა,

ამდენი ყლეობა აღარ მოგახვიონ თავს

სიცოცხლის სახელით.“(„***წავალ და“)

სხვაგან კი ესპოეტური ყივილია, სხვებსაც პროტესტისკენ, დაუმორჩილებლობისკენ რომ მოუწოდებს:

„მე მინდა მოძალადე ვიყო

და მინდა ყველა ძალადობისას ორგაზმი მქონდეს. […]

მინდა მოძალადე ვიყო

და წაგართვათ თქვენი ამოუწურავი მოთმინება.“ („***მე მინდა, მოძალადე ვიყო“)

ხოლო ზოგჯერ შეიძლება, ირონიაც იყოს, როგორც, მაგალითად, ლექსში „ვიღაცას ვძულვარ“, რომელშიც ლირიკული გმირი თავის უხილავ არაკეთილისმყოფელს დაეძებს:

„დღეს სველი ცოცხით

გამოვწმინდე

ჩემი ოთახის კუთხე-კუნჭული,

ვერსად ვიპოვე.

 

კედლები თავისთავად არსებობენ,

მათ სიძულვილი არ შეუძლიათ,

 

მე დავმწუხრდი,

ვეღარ შევირგე ვახშამი,

ვერც ძილისწინა ფილმი,

ვერც საყვარლის მკლავები,

ვერც ენა

ჩემს საშოში.

 

რა იყო ასე სხვაგან და ასე ახლოს?

ჰამაკზე დავარწიე ჩემი ნარნარა სხეული,

ვიღაცას რომ სძულდა.

კიდევ ერთ ღერს მოვწევ და

ან მძულვებელი წავა,

ან მე წავალ

სადმე.“

ვინ არის ეს უხილავი არაკეთილისმყოფელი? ალბათ, ისევ საზოგადოებაა, თავისი მტრული დამოკიდებულებით ინდივიდისადმი (ქალისადმი) და ბრიყვული სტანდარტებით, სრულყოფილებისკენ სწრაფვას რომ გვაიძულებს:

„ავდგები,

მთებს გადავდგამ

და საუკეთესო ქალი ვიქნები,

კაცობრიობის ყველა მოთხოვნას დავაკმაყოფილებ,

რაც კი ყოფილა ოდითგანვე, […]

მე ვიქნები

ლამაზი,

სექსუალური,

წარმატებული,

ძლიერი,

სელებრითს ან ინფლუენსერს დამიძახებენ

და შევცვლი მრავალთა გემოვნებას, […]“ („***ავდგები“)

ამ წინააღმდეგობაში, ამ პროტესტში, არის ღმერთიც, რომელიც მიუწვდომელია და ეგზიტენციალური კითხვები, რომლებიც პასუხგაუცემელი რჩება („***რანაირია ეს ღმერთი“, „***ხანდახან მართლა ძალიან მაკვირვებ, უფალო“, „***მე ბროწეულის ხესთან დამელოდება ჩემი ღმერთი“, „***ეს გზა ტაძრამდე მიმიყვანს?“). აქვეა ციფრული სამყაროც, ჩვენი ყოფის ეს ყოვლისმომცველი სიმულაკრუმი, უდედნო ასლი, რომელშიც არცერთი ჩვენგანი თავის თავს არა ჰგავს:

„საკუთარი ავატარის გაკეთება გამიჭირდა.

ვერც თვალები ვიცანი,

კანის ფერმა ხომ სულ დამაბნია,

განა არ მითხრეს რომ

ანტარქტიდაზე არეკლილ მზეს ვგავარ?

 

არ არის ეს ჩემი თმის ფერი.

არსად ატყვია ჩემი საყვარლის თითების კვალი.

 

მე ასეთ თმას უარვყოფ.“ („***საკუთარი ავატარის გაკეთება გამიჭირდა“)

და აქვეა უნაყოფო ურთიერთობები და დანაკარგის სიმწარეც:

„შენი თვალებიდან ნიჩბებით გამომქონდა ჩემს გულზე დასაყრელი მიწა,

ყველაფერს ვხედავდი,

შენი საქანელებიდან ცვიოდა ყველა ჩემი ბავშვი

ჩემი ნაყოფიერების გამოწურვამდე.

ჩვენ ამ მინდორში აღარ ვითამაშებთ,

ჩვენ ამ მინდორში წრეს აღარ შევკრავთ,

ბალახზე აღარ დავწვებით,

შიშველ კანზე აღარ შეგვესობა ერთმანეთის სურვილი.“ („***არ უნდა გეთქვა ჩემთვის ის ზედმეტი სიტყვა“)

 

 

 

1 2 3 4 5