ბედი და სიყვარული

ბედს რად აბრაზებს ჩემი ბრალდება,
მე ხომ არა ვთხოვ ოქროს დუკატებს! –
ქალი თუ ძლიერ შემიყვარდება,
მინდა იმ ქალსაც ძლიერ ვუყვარდე.

სანამ ვცხრებოდე გრიგით, ბიზეთი
და ვრთავდე ცრემლებს – ძაფებს საქარგავს! –
ვერ შევიყვარე ქალი ისეთი,
რომელიც ჩემზე ჭკუას დაკარგავს!

არ ვიცი ხვალ-ზეგ თუ რა მომელის,
მზადა ვარ ბედის ჯვარზე სალურსმნედ…
ვერ შევიყვარე ქალი, რომელიც
ჭკუას დაკარგავს ჩემ სიყვარულზე.

 

ლამაზი ქალი გზისპირას

                                                                 N-

მოველ კუშტი, წუთისოფლის და სიკვდილის ტაშ-ფანდურით…
შენ გზის პირას ტაქსს უცდიდი, მაღალი და აშხვართული
და რაღაცამ გაიელვა ჩემში, როგორც ორლესულმა…
შენი თმების შეხება და მოფერება მომესურვა.
ტროტუარს კი ანათებდა შუქი შენი თხელიკანის –
და მანქანებს შორის ჩანდი, ვით ტალღებში პელიკანი…
რამეს ვეტყვი-მეთქი, მაგრამ მომხრედ მყავდა წარსულიღა…
და წავედი… თუმცა შენგან როგორ უნდა წავსულიყავ!..

 

ბავშვის ნატვრა

ნეტავი მყავდეს პატარა ბავშვი! –
მისთვის უარვყოფ საამო ჩვევებს.
დავბან, დავვარცხნი, საბავშვო ბაღშიც
მე წავიყვან და მოვიყვან მევე.

მისთვის მაგარი გავხდები ქვისებრ,
მთელ ჩემ ცხოვრებას მთლიანად დავშლი
და მერე დაშლილს ავაწყობ ისევ,
ოღონდაც მყავდეს პატარა ბავშვი!

 

D E C O L L E T E

სულსაც გიჩენდა, თითქოს, დეკოლტე
და ვარსკვლავები – შენი დეკოლტის
ქათქათა ხევში ისე ხტებოდნენ:
ეჭვიანობით გულზე ვსკდებოდი…

შენგან კი უცებ მდურვა გადმოხტა
და წახველ… ცოლად აფთარს გაყევი…
და არ უნახავთ მერე, რატომღაც,
შენი დეკოლტე თავის ღრმახევით,

რომელსაც მხოლოდ ქმარი ნახავსდა
როლინგებს გაცმევს მაღალყელიანს…
და რა მწარეა, რომ შენ აღარსად
ჩემი თვალები აღარგელიან!..

 

1 2 3 4 5 6 7