წვიმასავით მეგობარი

წვიმს (ასე ლექსი ბევრს დაუწყია)!
წვიმს და ცისაა, თითქოს, მწიკავი…
ამ წვიმასავით მშვიდ და უწყინარ
მეგობრის ღირსი ნაღდად იყავი!

გაწვიმს და სადმე თავის შეყოფას
არც ფიქრობ, ისე წივის ჰაერი…
შენ იმსახურებ ისეთ მეგობარს –
იყოს ჟუჟუნა წვიმისნაირი.

წვიმს და გწადია ქალის თრობისებრ
სიმებისათვის იქცე ხემადო…
წვიმა კი, უცებ ხელს გამოგიშვერს,
რომ მის კურცხალებს შენი შემატო..

 

იყვარხარ მაგრამ

                                                      N-ს

ჩემი მზერიდან დახრილ მკვდარდროშებს
ჩემსავ გულს ვადრი, შენგან ნატყვიარს.
თუ ვინმე მაკლდა, მაკლდი მარტოშენ…
შენს მეტი რამე არც მინატრია.

უღელ-სტრიქონსაც, სხვაგან მინდობილ
ხარივით, უკვე ვირგებ ნიღაბად…
მე რომ მიყვარდი – შენ არ გინდოდი.
შენ რომ მოგინდი – მე არ მიყვარხარ.

მიყვარხარ, მაგრამ ეს ის არაა,
რაც მილეწავდა ფართო გრძნობისკარს.
ჩემ ცხოვრებაში კვნესის არია,
შექმნილი მწარე მარტოობისგან…

ვის ესმის ჩემი ლტოლვის ვოკალი! –
ვყინავ და ვაწყობ ცრემლის ბრიკეტებს.
შენ ჩემი გული ისე მოკალი,
რომ, თუ გაცოცხლდა, ვეღარ იფეთქებს.

 

მარტოხელა

როცა დედა არაგყავს,
როცა მამა არაგყავს,
როცა და-ძმაც არაგყავს,
როცა შვილიც არაგყავს,
როცა ცოლიც არაგყავს,
როცა არვინ არაგყავს –
სიხარულიც, ოცნებაც
გაცლის, თურმე, არაქათს
და მთელ შენს არსებობას
სევდა გასდევს ვარაყად,
თითქოს დედამიწაზე
გაჩენილი არახარ…

1 2 3 4 5 6 7