უშენოდ

 გართულდა უშენობის გამარტივება:
უშენოდ – სიხარულიც ამატირებდა.

უშენოდ – წარმატების ბაღადაღერილ
გულითაც, აღარა ვარ აღარაფერი…

უშენოდ – ქვებს და ჯოხებს ვუშენტკბობისკარს,
რომ თაფლიც გამიმწარდეს უშენობისგან.

უშენოდ – კურცხალებით ტუჩებმობანილს,
სიზმარშიც მატირებენ უშენობანი…

და დაე შევეწირო მუზისფარულომს
უშენოდ, ესე იგი – უსიყვარულოდ!

 

ქალამნები სიზმარში

წუხელ სიზმრად ქალამნები მისახსოვრეს
და, ფეხშველას, ჩაცმას ვიღა დამასწრებდა!
უკვე მქონდა ხელმწიფესთან მისასვლელი,
არ მელოდა დაცინვა და გამასხრება…

მაგრამ ცხადი გარს მევლება სიზმარშივე,
როგორც მოსავს სინამდვილეს ფარჩამითის…
კი მწადია სეირნობა მზისგარშემო,
მაგრამ ფეხი ქალამანში არჩამიდის…

ვიღვიძებ და შენს სიზმრიან “დოვინდოვლებს”
ვეგებები კალამ-ქაღალდ-მაგიდებით…
შიშს დავძლევ და სასწაულად მოვინდომებ!..
წამოვალ და შორიახლოს დაგიდგები!..

 

    ციკლიდანძველებურები

 

ხვედრი

ვმარტოობ ჩემ წილ ციან-მიწიან,
ძაფივით მწყვეტენ ნერვებს წუთები:
ქარს გავეკიდე – არ დამიწია,
წვიმას ვიჭერ და ვერ ვეხუტები.

თოვლს ვუყვარვარ და ისიც ორიან
სამი დღით ტოვებს თავის საელჩოს…
და ყველაფერი ისე შორია,
ისე მძაფრი და ისე საეჭვო!..

ვიწვნიე ჭირის ყველა დამღადა
ვეწვიე ტანჯვის ყოველ დერეფანს.
მე სიკვდილს ისე მართალს დავხატავ –
ვიდრე მომკლავდეს, მომეფერება…

1 2 3 4 5 6 7