გაუმარჯოს დამარცხებას!

მე სტრიქონებს ვეწირები, როგორც მეფე ეწირება შინამტრებს…
სტრიქონებიც სულ მნატრობენ – მათნაირად ვეღარავინ მინატრებს…
და სტრიქონებს მე რომ ვუვლი, ისე აწი ვერ მოვუვლი ვერავის –
მე ვარ მათი მოურავიც, მეეზოვეც, სტილისტიც და მკერავიც…
და გადავყევ მე სტრიქონებს – მაგათ ბანას, დავარცხნას თუ მასაჟებს,
რადგან ვხედავ, მავან-მავან პოეტებმა ლექსი როგორ დასაჯეს,
ხოლო თავი მოაქვთ, როგორც მომგონებლებს პოეზიის კომპასის…
და მათია გამარჯვება, ჯილდოები – არაფრობის ტოლფასი,
მე კი, რადგან არ ვასვენებ მელნის თხიერ მაკრატლებს და სავარცხლებს
და, რადგანაც, მათი ჭკუით, ლექსზე ბევრი მზრუნველობა მამარცხებს –

გაუმარჯოს დამარცხებას – სიყვარულით შეგრძნებათა გაბანას,
დამარცხებას, ქცეულს გულის, გონების და ხატოვნების აკვანად,
თუ ღვთაებრივ სიმაღლემდე შეუძლია პოეზიის აყვანა!..

ატმისფერი

თვალმა მაშინვე იგემა გემო ატმისფრის… –
ღმერთო, ასეთი მშვენება სხვაგან სადმირბის?
ჩვენთან დარჩენას რომელი წესი უკრძალავს?
ატმისფერი რომ მოკლე ხნით მოგყავს, უგრძელეს
გზას რად არ აძლევ, მოკვდავის თვალის სატკბობად?
თუმცა თვალების არმტკბობელ ანწლის ფურცელის
სიმწვანისთვისაც გეკუთვნის ჩვენგან მადლობა…

ღმერთო, შენ თეთრად შემოსვას აღარ დაიშლი,
მაგრამ, დიადო, მითხარი, აპრილ-მაისში
ატმისფერსაც ხომ გადიცვამ, ზოგჯერ მანტიას,
თეთრსაც რომ ავლენს და ჯამში ისე ანთია,
ისეთ ფერებით, რომლებიც შენსღა სამოსელს
შეეფერება და არა მოკვდავთ ღრანტიან
სხეულთა მასას, ცოდვების სუნს რომ გამოსცემს!..

ერთგულება

ეს არსებობა რაც უფრო მტკეპნის და მბეკნის,
მით უფრო ვგავარ კრიჭაში მდგომელს და მდევარს.
მას კი სურს ჩვევა იოკოს – მაქციოს კევად
და გემრიელად მღეჭავდეს, ფრენისთვის შექმნილს,
ვინც, როგორც, კერკეტ კაკალში, ლებანი – ლებნის,
ვიყავ მეწყვილე, ახლა კი მარტოკა ვწევარ
და დილით მრჩება ლოგინში ერთერთი ნეკნი…

რა ვქნა, ვერაფრით უარვყოფ ძველებურ ხედებს
სიყვარულისას… მედროვე ვერაფრით გავხდი
და გულში ერთხელ ვისაც კი დავუდგი ტახტი,
იმასვე მინდა ბოლომდე გუშაგად ვედგე…
ვიცი, რომ ამით საკუთარ ცხოვრებას ზედმეტ
პრობლემას ვუქმნი, მაგრამ მე ამით ვარ ნაღდი,
რომ ჭირს, ზემოდან დამყურეს, დავყურებ ზედვე…

 

1 2 3 4 5 6 7