* * *
მას სული ეჭირა კბილით
და კბილები არ ჰქონდა,
ჩვენ შეიძლება
ბევრი რამე ასე დავიწყოთ.
თენდება, მინდა ვნახო ჩემი შეყვარებული
ჭირვეული და უკიდეგანო.
გაუთავედება მთვარეს ვერცხლი,
მზეს ოქრო და შენ ფირფიტები,
შავი, ხმოვანი ფირფიტები,
სიტყვებივით რომ ტრიალებენ
თავში, თვალებში.
მე ვცდილობ ვიყო მეოჯახე,
ან მეიჯარე, ან მეწვრილმანე
და არ გამომდის, რადგან ვწევარ
სიტყვის ფუძეში: მე ვსწავლობ,
სწავლობ, სწავლობს, კი არა
მე ვწრევდები და ჰაერს მივყვები,
შაშვო, მაღლისკენ იარ!
***
სავსე მთვარეა პოეზიაში:
სამი დგას ხაზთან,
შენ ყველგან მეძებ,
ეს ქვეყანა არ არის ჩემი.
ყველა გაგიჟდა ვინც მოასწრო,
ვინც დაბნელებას მარტო შერჩა,
ფეხქვეშ მთა მაქვს და
წმინდაა ყველა გამოჩენილი,
ვით თამარ მეფე.
ვით მეფე თამარ, მე პირბადრი და
გვირგვინდადგმული
შენს კართან ვდგავარ,
არ ვაკაკუნებ
რადგან გაღების მეშინია,
ცის ცივილიზაციის…
ადამიანის ვარსკვლავიანობის…
შენი დაბადების
და გარდაცვალების …
ვწერ, რადგან წერით ვიახლოვებ
საკუთარ მიწას …