* * *

შენ ხომ იცი, რომ ჩემი ლექსი გამჭვირვალეა,

მარიხუანას მომხმარებელს ეხსნება ტვინი,

დადის ქუჩაში, მჭლე კაცია და მოხდენილი

ხელ-ფეხი ერჩის, ფანჯრიდან ვხედავ,

ისიც მხედავს, გზაჯვარედინზე როცა გადადის

და ჩემი ტვინი ირევა, როგორც მატლებით სავსე

თავისტკივილი და ჩემი ტვინი

გადატანილ სიტყვებს იმარხავს,

მგრძნობიარეა: მგალობელი და მეფსალმუნე

და მონასტერი უდაბურ ხევში

და მოძრავია ყველა ფიქრი და ყველა მტერი

რომელიც ჩემს კარს უკვე მოადგა.

მე კი სახეზე ალმური ამდის,

ვით ჩამოვარდნილ კუდიან ვარსკვლავს …

 

* * *

ჩემო სევდიანო ბავშვებო,

როგორ მოვკიდოთ ხელი საქმეს,

რომელიც შეიძლება,  კარგი არ იყოს.

ჩემო იმედისმაძიებლებო,

ჩემო მწკრივებად მაწანწალებო,

ვის შეუძლია თქვენი დარიგება,

თქვენთვის ავის და კარგის გარჩევა.

ჩემო ლამაზთვალებიანებო,

თითქოს არყოფნისკენ მიდრეკილებო,

შუაღამისას, მეყინება სისხლი ზამთარში,

როცა შეიძლება მტრად გექცეს მშობელი.

თოვლი გაუზრდია მარტოდმარტოს,

თოვლში ვიყურები ყურადღებით,

თოვლმა სახლი მომცა, სასახლისა

დედა მეგონა და დავუძახე.

 

1 2 3 4 5 6 7