ტრაგედიისთვის  

ყველა საგანი სიტყვაშია,

სკამი მაგიდასთან დავდგი,

კატა ღუმელთან მივუშვი,

მეუცნაურა რაღაც…

მთაში ცხოვრება მინდა,

დროში ცხოვრება მინდა,

ამ გამოკეტილ ოთახს

საათი ჩამოვხსენი,

სულ არაფერი თითქოს,

მაგრამ ნევროზი თუ გაქვს,

ნებისმიერი ხმისგან შექმნი

საშინელ ამბავს,

და დაგატყდება რისხვა

როგორც იდეის  ავტორს,

რომელმაც სხვათაშორის,

თხა არ შესწირა, იმ სხვას.

 

 

* * *

სოსო იარღანაშვილს

 

ჩემი მეგობარი იოსები

წერს „ცრემლის ნამცხვარს“,

შენი მეგობარი იოსები,

მონად გაყიდეს,

მერე მოვიდა მაცხოვარი,

(არ ვიცით, რა ვქნათ?)

დიდი ხნის წინათ იყო,

ახლა –  გავიმეორეთ.

მე ჩემს მეგობარს ვეკითხები,

ხოლო ის მე არ მეკითხება, მეორედ მოსვლას

წერს, ვწერ და მიდის ჩვენი ცხოვრება:

უფალო, გუშინ ვერ დაგეხმარე,

ხელში ჩაყრილი ხურდა ფულით

ვეძებდი წამალს, ძვირია, ყველა აფთიაქი შემოვიარე.

ბევრჯერ შემხვდი და აგარიდე მზერა

და შემრცხვა, იქნებ გშიოდა, ან გწყუროდა

ან ეს ნამცხვარი, იქნებ შენც გსურდა?

მე კი გულქვა და ცივი გავხდი,

არ შემოგხედე,

ჩემს მეგობარს კი სხვა თვალი აქვს,

მას  უნდა განზრახ ვინმეს შეცდენა,

ის მწერალია…

 

1 2 3 4 5 6 7