მოგზაური ანგელოზი

ვერ ვიმახსოვრებ პირველ მდინარეს,

ვერც პირველ ქვას და პირველ მინაწერს

ქვაზე დადებულ სიკეთეს ვგავარ

მივდივარ.

ხმელეთი ხმელეთს გადავაბი მზით,

დღეს – ღამე მთვარით, მე ვარ ვარსკვლავში

მოქცეული კი არა, მე ვარ მოციქული

და არ ვარ არსად,

გულში მაქვს გულისხმიერება,

სულში სულწასულ სურვილებს ვიტევ,

თვალები – ორი და მესამეს ეძებენ ჩემში,

მე ვარ, მტრის მიერ მოტანილი ძღვენი

წაიღე, ჩემს ტვინში არვინ იცის რა ხდება,

არც მე მათ შორის, მტკივა ხანდახან

ყველაფერი რაც აღარ მახსოვს

და ვიცი მხოლოდ რომ არ ვტირი.

მე ვარ, მივდივარ, შემიძლია,

იხარებ ჩემით სანამ გავხდები

უძლურებით სავსე საგანი,

და ვეღარ გეტყვი

დასანანი რამდენი რამ გვაქვს…

და ვეღარ გეტყვი, ღმერთი სად არის?

 

 

* * *

ჩვენი თავი ვიტიროთ,

ახლა ნამდვილი ომია,

ჩვენს თავს მოვუყვეთ

საგმირო ამბები,

სხვები ისედაც გაიგებენ,

სხვისი დაჯერება მარტივია,

თვალი გაუშტერე  წერტილს

და ოდნავ წამოწიე მხრები,

ხმაში მიმოფანტულ პეპლებს

სული შეუბერე ფრთებზე…

ერთი ამბავია სხვისი, ერთი

სიცოცხლეა შენი,

ივლი ცისქვეშ მარტო, ანდა

უამცისქვეშეთოდ ივლი.

 

1 2 3 4 5 6 7