ვინ ხარ?
ყოველი დაკარგულობა
კარია რომ შეაღო,
და მაშინ, როცა კვლავ დააკაკუნეს
და კვლავ დამხვდა არავინ, რა მექნა?
– ეს არყოფნა შემოვუშვი.
ტრამალს რომ თუგინდ მთელი ქალაქი
დააშენო, მაინც ტრამალი იქნება
და ტრამვაის ხალხით სავსე ხაზები
წავლენ არსაით,
ტრაილერები დატვირთულები არ არიან
და ძარათი გადააქვთ ყოფის ეს არარა.
არასდროს მიგრძვნია ასე ძლიერ,
იმ სიტყვების აზრი, მამამ სიკვდილისას
რომ არ მითხრა, მამას კი
მამამისმა არ უთხრა, იმის მამას
მამამისმა არ უთხრა,
მთელი ცხოვრება მემახსოვრება
მისი ტუჩების უძრაობა
ამ სიტყვების არწარმოთქმისას,
ის გამოგთქვამდა შენ!
ვინ ხარ?
ტრამალში შენდამი მუდმივი წყურვილი
და თუ ეს დასტურია შენი არსებობის,
მაშინ რატომ არასდროს ხარ
და რატომ ვიკლავ ჩემი ცრემლითვე
წყურვილის სურვილს.
თუ არაფერზე ააშენებ სახლს,
მის რომელიღაც სართულს დაიკავებს არარა
და თუ დაიკარგე,
ის ყოველთვის გაგიღებს კარს