ძე
მამას საყურე არ მოსწონს
არც ყურები მოსწონდა ჩემი, გახვრეტამდე.
სახლში მუდამ საყურე იკარგება.
მამაჩემი ჭამს.
მისი კუჭის დასერილობა
და საყურის ღებინება-
ვიქექები ყოველდღიურად, რომ მის ნარწყევში
ჩემი საყურე ვიპოვო.
ბებიას
ომის შემდეგ სმენა არ შერჩა
გადარჩა მხოლოდ ეს საყურე
და სიკვდილისას მე დამიტოვა
რომ ომი, როგორც ქალმა ვატარო
და არ ვუწოდო მტერი მას,
ვინც დანაღმულ ველზე ამოსულ იებში
შუბლზე მომაბჯენს
იარაღს.
მამას ჩემი მუსიკა არ მოსწონს
არც თითები მოსწონდა, დაკვრამდე.
თითები ჩემი: ნაზი, თხელი.
მამაჩემი ჭამს.
მისი საფულის ერექცია
ზმეიკის და სისხძარღვების დაჭიმულობა,
ლამაზია.
თვალს ვერ ვწვეტ.
მამის საფულის ერექცია მის შარვალში
და მთხოვს რომ კალთაში ჩავუჯდე.
მაგრამ როგორ გავაგებინო ვინ ვარ,
კარის რომელ ტილოს ქვეშ დავუტოვო
ჩემი სიკვდილი.
ჩემო ღმერთო! ამდენ ღმერთებში
მხოლოდ შენი ჯვრის იმიტომ მრწამს
რადგან შენც იყავი ძე
და იცი რა არის ნადვილი ტკივილი.
დედის მუცელში დავიბადე
და მამის მუცელში ვკვდები.
მამაჩემი მჭამს.
შოპინგი
ბავშვების სექციის ვარდისფერი,
თვითონვე წინასწარმეტყველებს
ექსკავატორის გამოტოვებულ რიტმში აღსასრულს.
ჯერ ვერა, გაეზრდებათ ძუძუები
და თავადვე მიხვდებიან
აქაურობას სულ რატომ წმინდავენ
დამლაგებლები,
და საერთოდაც, აქ არაფერია,
ამ სისუფთვეზე წმინდა.
შეიძლება კიდევ ხდება სამყაროში რამე,
ამ ვარდისფერი სექციის გარდა,
არვიცი,
არც მათ იციან,
გაეზრდებათ ძუძუები და თვითონვე შეეხებიან
არსებობის სინტეტიკის უხეშ ნაკეცებს.
წელიწადის მეხუთე სეზონია
ვარდისფერი ფასდაკლებების თვე და
“რატომ უნდა გადაიხადო მეტი”-
ეკონომიურობას ბავშობიდანვე სწავლობენ და
ამ ეკონომიას გააკეთებენ იქაც,
სადაც ღმერთის არსებობაზეა საუბარი.
ჯერ ვერა,
გაეზრდებათ ძუძუები და მერე მიხვდებიან.
ბავშვების სექციის ვარდისფერი.