ვერ გადავიტანე
როცა მაგისტრალზე
მკვდარ ძაღლს თვალს არიდებ,
საითაც არ უნდა გაიხედო
– მე მხედავ!
არ მეშინია,
რადგან არასდროს მქონია სახლი
რომ გავიქცე,
არასდროს მქონია მიწა,
რომ ვყოფილიყავი ია
და ყვავილის ნაცვლად
ყვავად ყოფნა მომიწია
და გავყვიროდი ჩემს შავს.
ყვავ.. ყვავ.. ყვავ.!
ყოველი სიტყვა მხოლოდ
ვარჯიში იყო ყბის
ყვავ.. ყვავ.!
რომ ოდესმე,
თუნდაც ერთხელ მაინც, წარმომეთქვა:
მიყვარხარ!
მკვდარი ვარ,
გარეუბნის ქართან
ვქრი
და ქარი ვარ
დედაჩემს შავ კაბას ვუქარგავ.
ანძაზე ჯდომისას,
ძაბვა გულს რომ მიჩქარებს
მახსენებს ჩემს თავს
როგორ ვმარცვლავდი ტკივილს
და ვავსებდი ფურცლებს
ამ უცხო სიტყვის გამოწერით,
მაგრამ არ ვიცოდი ველთან
როგორ გადამეტანა სწორედ:
“ტკივი-ლი”
თუ
“ტკი-ვილი”
ვერ გადავიტანე,
ტკივილი ვერ გადავიტანე
20 მლნ. დადასტურებული შემთხვევა,
700 ათასი გარდაცვლილი, მე მიყვარხარ!
მზის ჩასვლისას,
საღამოს ხეების ჩრდილები
კანალიზაციებში ჩაედინებიან.
გრიპების სეზონურ ქარებში,
ცალმხრივ ქუჩაზე ვდგავარ
და მიყვარხარ!
არა სიკვდილის,
მკვდრების სტატისტიკაში
ყოფნის მეშინია,
მე და შენ
2 ციფრით რომ მივემატოთ 700 ათას
ცალმხრივ ქუჩაზე ვდგავარ
და მიყვარხარ!
ჩემში ტანჯვის ხმოვნების
პარალილეპიპედები.
ყველაფერი სიმეტრიას ეძებს
რომ გაქრეს.
მხოლოდ დაუსრულებელი აზრები,
ომის გამო არეული ჩვენი ჰოროსკოპი
არსებობს
და შენ, რომელიც წახვედი.
ცალმხრივ ქუჩაზე ვდგავარ
და მიყვარხარ!
მზის დრო,
საათისაზე წინ ყოფილა
და სხივი კარს რომ ანათებდა,
თურმე შენ წასვლას
წინასწარმეტყველებდა.
ცალმხრივ ქუჩაზე ვდგავარ
ცალმხრივ ქუჩაზე ვდგავარ
ცალმხრივ ქუჩაზე ვდგავარ
და ჩემში არსებული
სიკვდილის ალბათობა,
იმ სიბნელეში მერევა
კარის გახურვისას რომ
დამიტოვე.
მიყვარხარ!
სამყაროში
ყველაფრის ფარდობითობა.
მხოლოდ ცარიელ ქუჩაზე მდგარი მე
არის ზუსტი – “ერთი”.
წახვედი!
და სისველე, რომელიც სახეზე
დამიტოვე, ცრემლიც კი არაა . –
ლორწო ჩემი ცხვირიდან ჩამონადენი,
ჯიბეში ვერცერთ ფარშევანგის
ფრთას ვერ ვპოულობ
რომ ტკივილი მოვიწმინდო.
ცალმხივ ქუჩზე ვდგავარ
და მიყვარხარ!