სიმაღლის შიში
ყველაზე მაღალი მთა დავიპყარი,
მაგრამ ჯერ კიდევ მეშნოდა.
შენი საფლავის გათხრისას
დაგროვებული მიწის.
ყველაზე დაბალი მთის.
room N57
სასტუმროს ოთახი, ერთჯერადი:
ჩუსტები, კბილის პასტა, საპონი
და სიტყვები, რომლითაც ერთმანეთს ვეფერებით.
-ხვალ არცერთი იქნება.
გიყურებ შიშველს,
მაგრამ მაინც რამდენი გაცვია
სიტყვებს ვაწყობ პრეზერვატივში.
რომ არ გეყოლოს ჩემგან აზრი.
რომ წინა, მშენებლობის ხმაურმა
რამენაირად გადაფაროს
ჩვენი სიყვარულის გუშინდელობა.
სასტუმროს ოთახი.
ერთჯერადი: ჩუსტები, კბილის პასტა, საპონი
და სიტყვები რომლითაც ერთმანეთს ვეფერებით.
ხვალ არცერთი იქნება.
მხოლოდ მას შეუძლია აღარ იყოს,
რაც არც არასდროს ყოფილა.
ოთახში ჩვენი სხეულების მოთენთილობა,
და დროის ძარღვებს შენთნ მოჰქონდათ
ამ მომენტის სისავსე
და მე რატომ ვერ ვისვენებდი
ვეძებდი რაღაც დიდებულს ჩემში
რაღაც უკვდავს,
რაღაც უფრო განსაკუთრებულს,
ძვირფასო, ასეთი რა მქონდა შიგ?
ერთჯერადი:
ჩუსტები, კბილის პასტა, საპონი.
ახლა ვიზამ იმას,
რაც კიბეებზე ჩასვლისას
გადავწვიტე, გუშინ,
საფეხურის გამოტოვებისას.
ვდგები…