ვეცემოდი

 

ფეხებში ღმერთი გამომეცალა
და წავიქეცი.
ხელჩასაჭიდი არაფერი იყო –
მხოლოდ მზის სხივი,
ჩემს ხელს რომ ეცემოდა,
მე ვეცემოდი.
არსებობის კიდეზე
ჩემს სხეულს ვკიდებ ზედ
მაგ მომენტში მხოლოდ მე ვიყავი
ვეცემოდი და მზე
ეცემოდა ჩემს გაწვდილ ხელს.
გზები წავიდნენ და
დამტოვეს მე
ერთი.
ვიყავი ერთი
მაგრამ არ ვიყავი მარტო
სამყაროს
ერთიანობაში

ფეხებში ღმერთი გამომეცალა
და წავიქეცი.
ბავშთა სახლის აღმზრდელს
ვფიცავ, ასე იყო.
იქნებ დედის დაფიცება რომ შემძლებოდა,
ასე არც მომხდარიყო.

 

 

 

გარეუბნის ჰაიკუები

***

შეყვარებულები გაჩერებაზე დგანან.
რასაც ისინი გრძნობენ
არის შიმშილი.

***

მეძავს ფეხებზე სცივა.
ახლა, რომ ვინმე შეკითხვოდა,
მოუყვებოდა ბავშობაში მოპარულ კევზე.
მაგრამ ქუჩაში არავინაა,
არც დედამიწაზეა არავინ.

***

გზაჯვარედინზე ბიჭი გადადის,
მეორე მხრიდან გოგო, მაგრამ
ისინი ერთმანეთს ჩაუვლიან,
რადგან ეს ისტორია მათზე არაა.
ეს ამბავია გზაჯვარედინის სიჩუმეზე.
მათემატიკური შეუძლებლობის წამზე,
როცა არ იცი საით წახვიდე.

 

 

 

1 2 3 4 5 6 7