ქალას ძვლებში მოქცეულ ნეირონთა გროვაში

წყდება აქაურიც და იქაურიცო,

და ეს ფრაზა მთელი მსოფლიოს დარდს იტევს,

შეუცვლელობის ტკივილს,

გარდასხვაფერების შეუძლებლობას,

ჩანაცვლების ამაოებას,

როცა პარკში მოსიარულე წყვილს ჩაუვლი,

სასაუბრო თემას დაუწუნებ,

ბიჭს დამცინავად გახედავ,

გოგოს უფრო საბრალო მზერით

და მერე მთელი გზა ინატრებ

ვინმესთან ასე მარტივი ყოფილიყავი,

მარტივი სიტყვებით,

ქვეტექსტების გარეშე,

რა დევს აქ?

უსაზღვრო შესაძლებლობა?

აზრები დააკონსერვეს,

უფრო მეტი ცდა სასაცილოს გაგხდის,

სიმულაციის მერამდენე წრეზე

შენ ისევ დაბნეული ხარ.

 

 

* * *

დღეს ვერ ვწერ ლექსს,

დღეს ლექსი ვერ დაიბადა,

ცხრათაგან უმთავრესს მუცელი მოეშალა,

კიბიდან დააგორეს,

ლექსს ფილტვები არ გაეხსნა,

ლექსი დღენაკლული დაიბადა,

ლექსის კისრის ნაოჭი

3 მილიმეტრს გადასცდა,

დაუნის,

პატაუს,

ედვარდსის სინდრომი,

თავი უნდა დაგვეზღვია,

საშვილოსნოდან გამოფხიკეს

ჩემი ლექსი,

დაჩეხილი,

დაძიძგნილი,

ჩემი ლექსი,

ბებიაქალს პირზე

სიტყვა შეეყინა,

“ლექსია, ლექსი”

მაგრამ მაინც,

ლექსის შობადობა

სიკვდილიანობას აღემატება.

 

 

1 2 3 4 5 6 7