* * *
თავდაპირველად კარგავ ნებით,
განსაზღვრული აუცილებლობით,
შემდეგ კი ხელიდან ყველაფერი
უკონტროლოდ გეცლება,
მისი სხეულიც დაგისხლტა,
შიშველი,
თბილი სხეული,
თეძოების რხევა,
ვარდისფერი სტრინგი,
ტოპში გამაგრებული მკერდი,
წასვლის წინ მხურვალე ლოყა
ცრემლებით ოდნავ გაგრილებული,
წასვლის მერე კი ლოყა
ცრემლების გასაგრილელად,
სხვებს ხშირად უთქვამთ რომ ვგავდით,
და ეს უფრო და უფრო მანდომებდა
მოვქცეულიყავი არაბუნებრივად,
ეგოცენტრულად,
თავაკი პირში,
ლორწოვანის სისველე
მშრალ,
სისხლსავსე ქსოვილთან,
არც ერთი წვეთი შენადედად
აღარ ქცეულა,
ისევ კოცნით დავასრულეთ,
უნდა მოვინატრო,
რათა კოცნა ისეთი იყოს,
როგორც უიტმენის პოეზია.
* * *
როგორ რთულადაც
არ უნდა წარმოგედგინოს
მისი არსება,
ის ვერ აცდება
ხმის ამოღებას,
ყველა კომპლექსური მოტივი
სიტყვათა მყარ მნიშვნელობებში
მოექცევა
და იგრძნობ როგორი სასრულია,
ვმეტყველებთ და ჩვენს დიალოგს
საერთო სიტყვები ავსებს,
ის გააგრძელებს
უცნობი სიმღერების გაზიარებას,
მაგრამ საუბარი ყველაფერს დაშლის,
კოცნით შეაჩერე,
ნაზი,
ტკბილი კოცნით
და იფიქრე როგორი იქნება
მასთან ერთად
შენი ოთახის ფანჯარაზე
არეკლილი დილა.