* * *

იისფერი ჯერ კიდევ

იმ დროიდან,

როცა ჩემი საყვარელი ქალი

ამავე ფერის ჩანთას

დაატარებდა,

იისფერი გუშინ,

როცა დიდი ოთახი

ამავე ფერის

მკრთალი შუქით ნათდებოდა

ღამის საათებში,

რვანი ვცეკვავდით,

შეუჩერებლივ,

ზღვა ენერგიით,

მუსიკა ვერა და ვერ

ყლაპავდა ჩვენს ხუმრობებს,

ხითხითით,

ტაშის კვრითა და

ხელების ქნევით

ვავიწროვებდით ოთახს

და მასში გაბნეულ მარადისობას

ნაფაზ-ნაფაზ ვისრუტავდით,

ვიღაცის შიში სხვა სხეულებს

რომ გაივლიდა,

ჩემამდე მხოლოდ

აღიქმებოდა ბედნიერებად,

ნაბიჯარეულ მუსიკას

ვასწავლეთ როგორია სრულყოფილება,

როცა შუქი აინთო

შეძახილებით ვამხნევებდით ერთმანეთს,

სიტყვა შესაჭმელად

რთული აღმოჩნდა,

ამიტომ მათი ისტორიები,

შეუკავშირებელი,

ნაგლეჯ-ნაგლეჯ მოთხრობილი,

ვერ შემდგარი,

ერთიანად ამოვიღე,

პერვერსიული მოძრაობები

შემაგრძნობინებდა იმიერ სამყაროს,

არც ერთი წამით ჩაბღაუჭება,

გამოტირება მე არ მიცდია,

სწორედ ამიტომ არის

გადარჩენა ჩემთვის მარტივი.

 

 

 

1 2 3 4 5 6 7