* * *

დღეიდან მინდა ვწერო

მხოლოდ შენზე,

ასე თუ გავიგებ საკუთარ

თავზე უფრო მეტს,

იმ წამიდან, როცა

ჯერ კიდევ გაუბედავად

ლოყიდან ტუჩზე გადავინაცვლე,

უფრო და უფრო მომინდა

შენი შეჩერება ამ ხერხით,

კოცნის მერე ჩვენი სიტყვები

დატკბა და დარბილდა,

კოცნის დროს თვალებს არ ვხუჭავთ,

და მაინც უსაზღვროდ

დიდია ბედნიერება,

რადგან ვერც ერთი წარმოდგენა

თუ მატერია,

ვერ გაიმეორებს შენი

ტუჩის ფორმას,

ვერ იქნება ისეთი რბილი,

როგორც კანი შენს სხეულზე,

მთლიანობას მოწყვეტილი

დაბნეული ხელი,

ახლა კი ის ვერ იპოვის,

გაზაფხულის ქარში

შენს გაშლილ თმაზე

უკეთეს ადგილს,

შენი სიცილი არ ჰგავს სიცილს,

შენი შეხება სხვანაირია,

შენი სიყვარული არაა სიყვარული,

სანამ ყოველივეს სახელს მოვუფიქრებ

ვიქნებით ერთად,

ანუ სამუდამოდ,

წასვლის წინ სუნამოს დასხმა

გაიგივებულია უწყვეტობასთან

და მიგვანიშნებს, რომ აქ პაუზა

არ იარსებებს.

 

 

 

1 2 3 4 5 6 7