* * *

ჩვენ არაფერს ვმალავთ,

და არც იმიტომ ვართ ჩუმად,

რომ საინტერესო ტიპებად გამოვჩნდეთ,

არც მოსაყოლია რამე,

არც სანახავი,

და თვითგამოხატვის ბოლო რაინდი,

გულახდილობა,

რომელსაც ტანთ გააძრეს

და ველზე დედიშობილა დაიარება,

სიცილით კვდება,

ვერ შევაჩერებ,

ვერ გავაჩუმებ,

ლაპარაკში სულის დალევა

მას ვერ აცდება,

ცარიელ ველზე ვის რას უყვება,

არც ქარი გაიყოლებს მის ამბებს,

არც ქალი ჩაივლის ახლომახლოს,

დაკვირვებაში ბევრს ტოვებ,

სულ ცოტაც,

სულ ცოტაც,

ყველა ნაბიჯი ერთიმეორეს

სიძლიერით უთანაბრდება,

მიმართულებაზე ფიქრი სისულელეა,

გინახავთ სადმე გამვლელმა

მთელი სიტკბო ერთიანად გამოგაცალოთ?

არადა ჩვენ ყველაფერს სწორად ვაკეთებთ.

 

 

 

 

1 2 3 4 5 6 7