თასი

 

ჩემი ჟამიერი ერთი წამია

შენს საუკუნო სილაჟვარდეში.

მე ერთი ფერმკრთალი ენძელა ვარ

იმ მრავალი გაზაფხულისა,

მწვანე ფოთლებად რომ ისხამ.

ჩემი ყუნწიც ისევე სწყდება ყოველ წელიწადს,

ვით უთვალავი შემოდგომა შენი მძივიდან.

მზის ვარაყით შემიმკია შენი დიდება!

 

მაგრამ არ ყოფნის უხილავი ქარის ამბორი

შენს მჭკნარ ენძელას,

არ ემეტება ზაფხულისთვის არც ერთი მოსვლა,

თუმცა, ზაფხულით გულუხვად უყვარს:

უყვარს მწიფობის გაღვივება, მწიფობაც უყვარს

და ასი ათას მზით დამწვარი ბალახის ხვატიც.

მაშ, რა ქნას საბრალო ენძელამ,

ან – ფოთოლმა რა ქნას? –

მომლპარი ყუნწით ზამთრისაკენ ფრენის მაგივრად,

შენკენ აიღის მარადისი გეზი და სწორედ

იქ გაუთოვდეს, სადაც თოვლი არავის ყინავს.

ჩემი ჟამიერი ხომ იმ წამების სათვალავშია,

შენს საუკუნეს რომ დავუმარცვლე..

 

მარცვალ-მარცვალ დაცლილო თასო,

მარცვალ-მარცვალ აღვსილო თასო,

ციურ მნათობთა ფერხულს შორის

დადგმულო თასო,

მიწის მხვნელთა და მომმკელთ შორის

აღვსილო თასო,

ქარის ცეკვით და ქვიშის როკვით

დაცლილო თასო,

რომელი შეგედრება?

რომელი შეგადარო?

 

 

 

 

1 2 3 4 5 6 7