თოვლი

 

ისე დამძიმდნენ ხმელი ტოტები

ჩვენი სოფლის ლურჯ-მკრთალ ყანებში,

სადაცაა სული დალიონ

და ჩაიმარხონ მზისმიუვალ სამარხავებში.

ბავშვები რეზინის ჩექმებით დგანან

გზის კიდეებთან,

მათ არ იციან ბეღურების უცოდველობა,

მათ არც საკუთარ თავზე იციან

და ამიტომაც მსუბუქად დგანან.

მე ამ ტოტების მტვრევა მაშინებს,

საით წავიდე?

ეს ნაბარდნალი ქვეშ მოიყოლებს

ყველა ჩემს ზამთარს, რაც უკვე იყო,

რამაც ჩემი წილი ითოვა.

ბროწეულის და თხილის ხეები

ერთ ალაგას მოსწყდნენო თითქოს,

მეც ორივე შემომელია –

თითქოს საერთო ენამ უარგვყო.

მხოლოდ თოვლი შუამავლობს ახალი წლის დღეს.

სოფლის ფერდობზე საფლავების

მიმქრალი სუსხი

ნეტავ რომელ ვარსკვლავს ირჩევს ჩემი სიზმრისას?

თუ ეს ღამეც ასე გაივლის –

არავისთვის, არავისას და არსაიდან.

გათოშილი ნატვრის ხიდებით საით წავიდე?

დამძიმებულან ხმელი ტოტები

ჩვენი სოფლის ლურჯ-მკრთალ ყანებში,

ლამისაა სული დალიონ, –

საით წავიდე? ეს ხეები საით მიდიან?

 

 

 

 

1 2 3 4 5 6 7