გაზაფხული
როგორ ელვარებს ხსოვნის ქიმზე
ეს უთარიღო,
ხისტარიანი სველი ნიჩაბი –
შენი ნაქონი
(წლების წინათ ჟანგი დაიდო).
ამ წლეულს ვდგავარ ყანობისკენ,
გაღმაა კვალი, –
თვალებს ცრემლები მიპოხიერებს,
მიწაც სველია.
ხეებს ღვიძილი ამიტომაც ადრე დაეტყოთ.
შენ ალბათ თუთუნს ღეჭავდი ასე,
მე რომ ახლა ამ სიტყვებს ვღეჭავ:
ვერ მოგისწარი დამახსოვრება,
ვერ შეგინახე.
ის ორი წელი ორი ნედლი საუკუნეა –
ჩემი ამბოხის, ჩვენი მშვიდი გამოსალმების.
ამ ყანობს ისევ მოაკითხავს წელს გაზაფხული,
მოხუც ხეებსაც კიდევ უფრო მიეძინებათ
(სხვათა ხასხასში გაზაფხულიც ხომ იგვიანებს).
სოფლის ქალ-კაცი
ხმელ ფოთოლთა ზვინებს დაანთებს
ცეცხლის გვირისტით,
კვამლი ღრუბლებში მიინავლება.
მათი ბავშვები ნაზამთრალ გულს მოიოხებენ.
მთესველთათვის კი ქარი ჩადგება.
ყინვაჩავლილი ხის ტოტები
დაორთქლილ კანზე კვირტს შეიხსნიან
და ყველაფერი ისევ იქნება.
მე კი, როგორაც ყავლგასული მემატიანე,
საკუთარ დღეებს
შორი-შორად მივესალმები,
მწუხრისპირს ისევ მივაყურადებ:
საიდან წვეთავს შენი შენდობა?
სად ისმის ჩვენი უხმო სალამი?
ამ წლეულს ისევ გაიხსნება ცაზე ზაფხულიც
და ყველაფერი ისევ იქნება…