ღარიბულ   თოჯინებს

 

უკანასკნელი ზამთარი სიწყნარეს ირჩევს, –

იასამნების ფერი აქვს ამ სიწყნარეს,

გაყუჩებული ტკივილივით რომ

ლღვება სხეულში, სულის ფენებში რომ ლღვება.

მარტისფერ ფოთლებს ერთი ძველი

თოჯინა მოჰყავთ ჩემს სასთუმალთან –

კეთროვანი, თმაგაწეწილი.

ეს ჩემი ზამთრის თოჯინაა – სნეული მზერით,

ტკივილისგან გამოხრული მღვრიე თვალებით

შიმშილისაგან გამოჭმული თხელი ფერდებით.

 

სალამი, კეთროვანო თოჯინავ!

მე მსურდა შენთვის მზისფერი კაბები მექსოვა,

მსურდა, ლოყები შეგფაკვლოდა,

მძივი მექარგა,

ან სიხარულის სხივით შემემკე

და ისეთივე ბედნიერი ყოფილიყავი,

როგორებადაც, სხვა დროს,

სხვები დავიმახსოვრე.

 

ასე არ მოხდა –

ჩვენ ორივე დავემსგავსეთ ზამთრის თოჯინებს

და არასოდეს გვიფიქრია სხვაგვარ როლებზე,

მხოლოდღა გვსურდა  ერთმანეთის

აყვავილება,

რომ გაზაფხულით დაგვეხუნძლა ჩვენი სიზმარი,

ხოლო ზამთრისპირს წაგვეკითხა

ძველი ზღაპარი,

რომლის სიღრმიდან ჩვენ ორივე გამოგვაძევეს.

ჩვენ, უჩვეულო,,

ღარიბული თოჯინები ვართ.

 

 

 

 

1 2 3 4 5 6 7