არ შეიძლება ჩემი სისხლი იყოს წითელი

(ციკლიდან დავითის ფსალმუნები)

 

ღმერთი სიყვარულია,

რადიაციული სიყვარული ანტიღმერთი.

თვალებში გაყინული შიში, უიმედობა.

დაუშოშმინებელი სევდა სოკოებადაა სხეულს მოდებული.

სიკვდილის ფორმულაა, – გიყვარდეს გარეწარი!

დღეში სამჯერ გამოგიწვდის სუფრის კოვზით

სიკვდილის მცირე-მცირე დოზებს

და გიყურებს გამოზოგილი სიამოვნებით.

 

ზიზღის სოკოებითაა ჩემი ორგანოები დაფარული.

ობისფერი, მომწვანო-მოყვითალო სოკოები.

ჩემი ფილტვები, ძილის დროს შენსკენ რომ თბილ ჰაერს უბერავს…

ჩემი გული დარდის ჩირქიანი ბუშტუკებით მოვარაყებული…

ჩემი ვენები იაიას ფესვები, კანს რომ სერავს.

 

ნეტარ არიან მორწმუნენი,

მიეყრდნობიან ხატებს და ატირდებიან.

მე ვის შევტირო?

 

გაზაფხულს ახლა ყვავილობა კი არა ლპობა მოჰყვება.

მოუთმენლობით დამძიმებული მირახრახებენ

თავდაღმართში მდინარეები.

 

არ შეიძლება,

არ შეიძლებაბა ჩემი სისხლი იყოს წითელი …

არ შეიძლება,

არ შეიძლება ჩემი სისხლი იყოს წითელი…

გადმომაყარე ოლიეანდრები!

 

( ! ! !  –  გუგლის საძიებელი მეუბნება, ადამიანები მხოლოდ ერთიმეორისთვის გაწეული სიკეთით არიან ერთმანეთზე უპირატესიო. ერთხელ მაინც გამოიჩინე სიკეთე. და რომანტიკული შეყვარებულივით მოდი აივნიდან. და გადამიხსენი ვენები. და გაუშვი რადიატორებში. და მოითბე ხელები სხვების სიყვარულისთვის.)

 

აქ, ამ ზეთისხილის ხეების ბაღში

ტანზე მალღვება ყინული,

ჩემს გვერდით ზიხარ ფეხებმორთხმული,

ამბორით მითბობ ტუჩებს,

ცაზე ყრანტალებენ ყვავები…

 

და ყვითელი ოლეანდრები…

ნაცრისფერი სქელი ღრუბლები…

ტკივილი.

ქარი.

ქარი.

ტკივილი.

ნაცრისფერი სქელი ღრუბლები

და ყვითელი ოლეანდრები.

 

ცაზე ყრანტალებენ ყვავები,

წრეებს მირტყამენ პანაშვიდივით,

ოთხშაბათია

და უსათუოდაა კარგის ნიშანი.

 

 

1 2 3 4 5 6 7