* * *

 

როგორ მშურს,

ო, როგორ მშურს მათი,

ვინც საკუთარი სიმართლის თქმამდე არ იოფლება

და ჭინთვებს არ იწყებს.

როგორ მშურს მათი, ვისაც სათქმელი არ აქვს

და შეუძლია, გამაბრუებელი ყოფის სიმშვიდით დაითბუნოს მთელი სხეული,

ტელებრიფინგებს შეჰყურებდეს გულგრილად და გულდამშვიდებით.

პოლიტიკოსების ბრიფინგებს,

მათ, ვის ყოფასაც ჩანაფიქრის ზომა-წონა აქვს,

მათ, ვინც არასდროს კვანძს არა ჰკრავს პირველობისთვის.

(ყველაზე დიდი, რაც რამ შეუკრავთ ჰალსტუხია

და უსათუოდ უნდა ითქვას,

რომ უნაკლონი არიან ამ დიდ საქმეში.)

მათი პერანგები სიქათქათით და

ენა რბილი – გულწრფელობით გამოირჩევა,

რომლის ჩუქურთმა გადაფარავს ტყუილს და მართალს, თუ საჭიროა.

(და ამიტომაც შემშურდება ყოველთვის მათი.)

როგორ გინდა აბა,

აბა, როგორ გინდა არ გჯეროდეს ამ კაცის,

ქათქათა პერანგით და საუცხოო ნასკვით ჰალსტუხზე?

როგორ გინდა ან რატომ გინდა

მისი ენის ჭაობიანი საფლობებიდან ამოცოცება?

მე კი ისე მინდა…

ო, ოო, როგორ მინდა,

დივანზე წამოწოლილი და

ნახევრად მძინარე ვუყურებდე

”The voice”-ს ან ”ნიჭიერს”,

მოსიყვარულე ცოლი სახლში ფუსფუსებდეს,

რომელიც ბევრს რომ არ ილაყბებს,

შვილებს გამიჩენს,

ოთხს ან სამს მაინც

(და სამივეს გოგოს)

ო, როგორ მშურს კმაყოფილი ადამიანების,

როგორ მშურს მათი, ვინც საკვირაო წირვებს ოჯახით ესწრება და

ვინც არასდროს გადის აქციაზე პოლიტიკის წინააღმდეგ.

 

 

1 2 3 4 5 6 7