სიზმრების გამოსყიდვა

 

ყბა მომე დასაჭრელად
მომე ყბა დასაჭრელად
მოდი და მელაპარაკე
მოდი და მერე მლაპარაკე

რაღაც გასტროლი იყო
ისევ კიბეებზე ვიყავი
მგონი გურჯაანში
ზუსტად არ მახსოვს
გარშემო სულ კვამლი იდგა
და მერე ბოლოს ამბობდა ვიღაც
სიღნაღში საშინლადაა დაბინძურებული გარემოო
გუშინ ვღებავდით მოაჯირს
და საღებავი არ მიიკარაო

თითქოს!

და მე რატომღაც გავიგე რო თელავი თქვა
და ვაიმე თელავში-მეთქი?
და ამაზე ჩხუბი დამიწყო
ისე მეჩხუბა
ისე მეჩხუბა რო
და მე ძაან თავდაჯერებულად ვუხსნიდი
როგორი უზრდელი იყო

და ბნელოდა
და კაცი მეგონა
და ცოტა განათდა
და აღმოჩნდა რო ქალი იყო
რომელსაც თვალებზე ესვა ოქროსფერი
და ცისფერი ჩრდილები სხვადასხვა ზომაზე
და რაღაც მძივები ეკიდა
რაღაც საოცარი
და მერე წაგვიყვანეს სადღაც აბანოში
და მამაჩემიც იყო იქ
დიდი და მოსიყვარულე მამაჩემი
ტანსაცმელი გავიხადეთ ყველამ
და ძაან ჩვეულებრივი იყო ეს ამბავი
დიდი და გოროზი იყო მამაჩემი
და დავდიოდით ერთი აბაზანიდან მეორეში
დაორთქლილ კედლებს შორის
და დიდად არ ირჩეოდა სივრცეები ერთმანეთისგან
უფრო და უფრო ქვემოთ ჩავდიოდით
და სხვები წავიდნენ ვაფშე
მარტო მე და მამაჩემი დავრჩით
იმხელა იყო მამაჩემი იმ წუთას
მეტრი და სამოცდაათი მამაჩემი…

დავინახე რო ძაან ღრმად იყო საბავშვო აბანოები
და სულ კაზინოს ესთეტიკით
მასიური ხის კიბეებით
მწვანე ხალიჩებით და ოქროსფერი ჭაღებით
უშველებელი სივრცე იყო
რომელიც უფროდაუფრო ღრმავდებოდა და დიდდებოდა
დიდდებოდა და დიდდებოდა და დიდდებოდა
და თან ძაან ლმაზი იყო
თან რაღაცნაირი
ურწმუნო ებრაელივით
და მინდოდა სურათი გადამეღო
მაგრამ მოაჯირს ხელს ვერ ვუშვებდი
და ისე მეშინოდა
და ისე მეხვეოდა თავბრუ
გოდერძი
გოდერძი-თქო
ვეძახდი მამაჩემს
მეგონა გადავიჩეხებოდი
და ყველაფერი დამემსხვრეოდა ერთიანად იმ კიბეებზე
და იმდენი კიბე იყო თან

მამაჩემი მრისხანედ მომძახოდა
მომეცი ყბა დასაჩეხად
ყბა მომე დასაჩეხად
და ამოვიღე მობილური
ჩემი უზარმაზარი მობილური რო გადამეღო,
და ჩანთა შუა კიბეზე დავდე
და ვიღაც პერსონალმა გამოიარა
და მეუბნება
ბატონო მგონი ძალიან არ გსიამოვნებთ აქ ყოფნა
და იქნებ წასულიყავით
ცუდად ხომ არ ხართო
და მე ვიყავი როგორც სიტყვა

„თ ი თ ქ ო ს“

და თითქოს სრულებით არ ვიყავი ძალიან ცუდად
და კარგად-თქო რო ვთქვა არც ეს შემიძლია
არც კარგად ვიყავი და არც ცუდად
რაღაცნაირად ვიყავი
საერთოდ არც ვიყავი იქნებ
ჰოდა ვუთხარი, ქვემოთ მინდა ჩასვლა-თქო
და ამ კიბეების ისე მეშინია-თქო
რო ადგილიდან ვერ ვიძვრი-თქო
მამაჩემი მომძახოდა
მომეცი ყბა დასაჩეხად
ყბა მომე დასაჩეხადო
თქვენ არ გეშინიათ დამსჯელი მამაჩემის – მეთქი – ვეკითხები
არ ვიციო
რა ვიციო
რაღაც ხისთავიანივით მპასუხობს
და თან მეხმარება ცოტა ზემოთ ასვლაში
ხოდა ეს ამდენი სართული სრულიად უფუნქციო იყო
აზიდული
მაღალი ტაძრების
ფალიკური ბოძებით
სარკეებით მოპირკეთებული თაღების ქონგურები
ერთმანეთს კვეთდნენ
და ერთმანეთს ირეკლავდნენ
და ასე ერთიან სივრცეს ქმნიდნენ თითქოს უსასრულოს
ისე თითქოს
არაფერი არ იყოს ირგვლივ
კაბას ვისწორებ უხერხულად
საიდანღაც ტანზე გაჩენილს
პერფორმანსზე რომ მეცვა იმას
შინდისფერს
და მხუთავს
და მეტმასნება ეს ბარხატი
და ყელში მიჭერს
და მარტო ქვემოთ ვიყურები
და მარტო ქვემოთ იყო საბავშო აბანოები
და სუნი ამოდიოდა თითქოს
და მამაჩემი მომდევდა გასაჟიმად
ნესტიან მეტლახებზე მოათრევდა ცხენივით
დიდსა და აბრიქებულს
საბავშვო აბანოები იყო ისე ღრმა
ისე ღრმად იყო საბავშვო აბანოები
რო თვალს ვერ ვუწვდენდი
მერე გვერდით ჩამიარა შიშივით დიდმა მამაჩემმა
და ვერ შემამჩნია
რაღაცას ბუტბუტებდა
თითქოს ჩემს ლექსებს
და ამ დროს შემოცივდნენ
სოდომიდან გამოსული აალებული ანგელოზებივით
თამარა ჩუმაშვილი და თამარ ჯიჯელავა

ვაიმე, ვაიმე, ვაიმე,
ეს მეორე გოგო რა შუაშია-თქო, თან ვიძახდი
და ვაიმე ყველაფერი ისე სრიალებს, ისე სრიალებს
მეშინია არ გადავარდნენ ცხელ აბანოენში
მოაჯირზე ხელჩაჭიდებული ვდგავარ და ვყვირივარ

ვაიმეო, ჩვენ წინა სიზმარში ხო დაგპირდით
სადმე დაგპატიჟებთო- მეუბნებიან –
ხოდა გპატიჟებთო

და მე – კაი-თქო – ვუთხარი
და თან ვფიქრობდი
ეს რა ჯანდაბაა-თქო
ხვალვე წავალ და პარაკლისს შევუკვეთავ მამაოს-თქო
ეს რა დამესიზმრა-თქო
ეს რა სიზმარია-თქო
ეს რაა-თქო
და მაშინ გამეღვიძა

და ამ ყველაფერს ფონად ედო
”winner tales it all”-ის ქავერი
მგონი
და რო გამეღვიძა მაგას ვღიღინებდი

 

 

1 2 3 4 5 6 7