* * *

 

ვინ ხარ?

ვინ ხარ, ჩემს დასიებულ ფეხებს რომ სუროსავით ეხვევი?

ვინ ხარ, ჩემს დასიებულ ფეხებს რომ სუროსავით ეხვევი

და გასაქცევი ძალა წამართვი?

 

ჭრელი პოლიეთილენის პარკებში იხრჩობიან მიტოვებული კარუსელები ,

აქაფებულ არყოფნაში ბუყბუყებენ პლასტმასის ცხენები

და თვალებში ფერადი ნათურები უციმციმებთ.

 

ვინ ხარ?

როდის წოვე ჩვენი დედების ძუძუები,

რად ვერ ვიხსენებ?

როდის მიგვიერთა სიკვდილმა,

რატომ მოცოცავს ეს განგრენა ჩემი სახლისკენ?

 

გაქვავებულია დრო და

ვარსკვლავები დამარხულია,

გადამხმარია შორისდებულები

დიდი გლოვისთვის.

 

სასუქებივით,

ჩვენი შვილები მუხლებამდე მიწაში დგანან უძრაობისთვის.

სასწრაფოდ უნდა ამოვაჭრათ ჩვენს დებს და დედებს საშვილოსნოები

და გამოვკიდოთ ელექტრობოძებზე, შორს აქედან და მზესთან ახლოს.

 

რად ვერ ვიხსენებ,

რად ვერ ვიხსენებ როდის დადო ჩვენი კანის ქვეშ სიკვდილმა ჩუმად კვერცხები?

უკანასკნელ ჰაერს აბოყინებს ფეხის მირტყმისას და…

 

ერთად გვეშვლა,

სად გაიქეცი და წაიქეცი?

რად მიღალატე?

ერთად გვეშველა?

რად გაიქეცი?!

 

 

1 2 3 4 5 6 7