იყო ასეთი მხატვარი – ისააკ ბროდსკი…
კიროვთან მეგობრობდა;
ლენინგრადის პირველ პირთან… სერგეი მირონიჩ კიროვთან…
ამ უებრო ბოლშევიკის პორტრეტიც აქვს დახატული;
სამუშაო მაგიდასთან…
ბროდსკის საბჭოთა პერიკლედ წოდებულ ვოროშილოვთანაც შესაშური მეგობრობა ჰქონია;
კლიმენტ ეფრემოვიჩის პორტრეტიც დაგვიტოვა; თხილამურებით…
„გმირი უჰალსტუხოდ“!
ჰოდა, ამ ბროდსკიზე უთქვამს მის მასწავლებელს, რეპინს:
“Писать о Бродском легко, нужно только быть в хорошем настроении”.
ზურაბ წერეთელზე წერაც ადვილია;
მთავარია, კარგ ხასიათზე იყო…
სხვათა შორის, კარგ ხასიათზე წერეთლის ბრავურული ფერწერა გაყენებს.
ყოველ შემთხვევაში, ასეთია პირველადი ემოციური მესიჯი ანდა, ქართულად თუ ვიტყოდი, გზავნილი, ამ ძირძველი ქართველისა და „ახალი რუსის“ ოპუსები რომ აღძრავენ.
ზურაბ წერეთლის, როგორც „ვოლუნტარი არტისტის“ სტიქიას მისი, დიახაც, მსუყე, ქონიანი ფერწერა წარმოადგენს;
პასტოზი, თანაც, როგორი!
ლამისაა, ჰორელიეფური პასტოზია უმთავრესი კოდი, რომლითაც ეს სკანდალურად პოპულარული მხატვარი გიზიარებს თავის, ერთი შეხედვით, ინფანტილურ (თუ კვაზინფანტილურ) ემოციებს;
ემოციებს, რომლებიც აბსოლუტურად არაა შენიღბული კოლორისტული თუ ქრომატული ინსტრუმენტარიებით;
რისი ლისირება, რაის ფლეიცირება,?!
სად შეუძლია, ანდა სადა სცალია ამისათვის?!
მებრძოლს სინდისი არა აქვს; სინდისი აქვს მაყურებელსო – ეს გოეთეა!
არც წერეთელს აქვს „სინდისი“;
მებრძოლია და იმიტომ…
მაგრამ ჩვენ – მაყურებელს ხომ გვაქვს სინდისი?!
შიშველი მონასმების კასკადი გვევლინება წერეთლის აულაგმავი ენერგეტიკის სიმბოლოდ, სიმდიდრის გარეგნული ნიშნებით, მხატვრის ხელგაშილილობაზეც რომ მეტყველებს და მის „ქონებრივ დეკლარადიადაც“ რომ იკითხება. გასული საუკუნის 90-იანი წლების მიწურულს, დეკემბრის ბოლოს, მოსკოვში, პრეჩისტენკაზე, „წერეთლის გალერეის“ დარბაზებში დიდი სამზადისი იყო…
მეორე დღეს მხატვრის გიგანტური რეტროსპექტივა იხსნებოდა;
დიდძალ სტუმრებს ელოდნენ…
იყო ერთი გნიასი, ჟურნალისტებისა და რეპორტიორების ცვენა…
წერეთლის ამალიდან შორს ეჭირა თავი მის პირველ მოადგილეს – აკადემიის ვიცე პრეზიდენტს, ტაირ სალახოვს;
ერთობ ფრთხილ, გონიერსა და დიპლომატ კაცს, საოცრად სიმპათიურ პიროვნებას…
მაშინ ჩავეკითხე სალახოვს აზრი წერეთლის ფერწერაზე:
„Знаешь, живопис Зураба — это как устная речь“ — ორაზროვნად მომიგო პოსტსოცრეალიზმისა და ე.წ. „პირქუში სტილის“კლასიკოსმა;
წერეთლის ფერწერული დისკურსი, მართლაც ზეპირმეტყველებასავითაა…
ეს მხატვრული ტექსტები კი არა, სახელდახელო ბლიც-ოპუსებია;
მხატვრის ენობრივი კრეატურის „წერილობითი“ გაცხადება კი არა, „უპასუხისმგებლოდ“ ტემპერირებული პროდუქტია, „დაუჯდომლად“ რომ იხატება;
და დაუჯდომლადვე იკითხება…

1 2 3 4 5 6